fbpx

MESSI- ფეხბურთის MESSIAH!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივარს უპირველეს ყოვლისა თამაშის სანახაობრივი მხარე აინტერესებს, შემდეგ კი უკვე ამა თუ იმ გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგი. ბოლო ათწლეულების მანძილზე ქართველი მაყურებლისთვის ასეთი მიდგომა ჩვეულებრიობად იქცა, რადგან ის, სამწუხაროდ, დიდი ხანია, რაც აღარაა განებივრებული საკლუბო თუ სანაკრებო წარმატებებით.  

ლამაზ ფეხბურთს კი მისი ჭეშმარიტი შემოქმედნი ჰქმნიან, ისეთი პიროვნებები, ვინც საუკუნეში ერთხელ იბადებიან და წარუშლელ კვალს ტოვებენ თავ-თავიანთი თამაშით ათწლეულების მანძილზე, როგორც ეს იყო პელეს, კრუიფის, მარადონასა თუ სხვა დიდი ფეხბურთელების შემთხვევაში.

გულშემატკივარი მომთხოვნია და პრეტენზიული. თანაც, გემოვნებაზე არ დავობენო,  ნათქვამია. ამიტომ დღესდღეობით, საფეხბურთო ბიზნესისა და ვიზუალური ტექნოლოგიების აქამდე არნახული განვითარების ეპოქაში, როდესაც პირველ ტაიმში არდანიშნულ თერთმეტმეტრიანს მატჩის მეორე ნახევარში ურტყამენ, ურთულესია წლების მანძილზე სამყაროს უდიდესი ფეხბურთელის სახელის შენარჩუნება.

მაინც როდის უნდა დავიწყოთ ლიონელ მესის ეპოქის ათვლა? მაშინ ხომ არა, როდესაც მას არ ენდნენ და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ვერ აღიქვეს? 

სანაკრებო თემა საკმაოდ მძიმეა მესისთვის, რადგან ვერაფრით დალაგდა არგენტინის ნაკრები, რომელშიც იგი დღემდე არამცთუ მსოფლიოს, არამედ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობის გარეშეა დარჩენილი. 

 

მაგრამ რამდენად უნდა ექცეოდეს ტიტულს ყურადღება მაშინ, როდესაც არსებობს ვიზუალი, რომელსაც სატელევიზიო საშუალებები დღესდღეობით საუცხოოდ წარმოგვიჩენენ?

ამას წინათ ერთმანეთის წინაშე წარდგნენ „ბარსელონა“ და დორტმუნდის „ბორუსია“. მოედნის ერთ მხარეს ლიონელ მესი იმყოფებოდა, ხოლო მეორეზე კი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირი, დრამატულ ფინალში არგენტინის ნაკრების კარში ერთადერთი გოლის ავტორი მარიო გიოტცე.

„ბარსელონამ“ მატჩი 3:1 მოიგო, თანაც მესიმ სასტიკი დღე აყარა მეტოქის მცველებს. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელმაც ამ დღეს ცხოვრებაში პირველად ნახა ფეხბურთი. ვინ მოხიბლავდა მას, მსოფლიო ჩემპიონი მარიო გიოტცე, თუ „ოქროს ბურთის“ უკვე ექვსგზის მფლობელი  ლიონელ მესი?

სწორედ ამ მეექვსე არჩევამ გამოიწვია ფეხბურთის მოყვარულთა შორის დიდი ვნებათაღელვა, რადგან არგენტინელზე აქამდეც უკვე ბევრი ალაპარაკდა, რომ თითქოს ძველებურად სწრაფი აღარ არის, ბურთს ხშირად ჰკარგავს და მისი გედის სიმღერაც შორს არ არისო.

რა თქმა უნდა, ეს დღეც დადგება, მაგრამ თუკი ადამიანს ფეხბურთის შეცნობის ოდნავი უნარი მაინც გააჩნია, აუცილებლად უნდა ისურვოს მესის რაც შეიძლება დიდხანს გაჩერება მწვანე მინდორზე, თორემ როდესაც წავა, მერე ვის სოლო რეიდებს  უნდა ვუცქიროთ მის ნაცვლად?

მარადონა-მესის შედარებითი დახასიათებისას მესის ოპონენტების არგუმენტი ისაა, რომ მარადონამ არგენტინის ნაკრები ერთხელ „მსოფლიო ჩემპიონი გახადა“, მეორეჯერ კი „ფინალამდე  მიიყვანა“ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ავადსახსენებელ მატჩში პარტნიორად კლაუდიო კანიჯია რომ ჰყოლოდა და მსაჯს მეტოქისთვის შეხვედრის 87-ე წუთზე სრულიად უსაფუძვლო პენალტი არ დაენიშნა, „იმ მატჩსაც მოიგებდა“. იხსენებენ ასევე 1994 წელს, როდესაც არგენტინის ნაკრებს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა, ოღონდ თურმე არაფრის მაქნისი მარადონას გარეშე…

მოკლედ, მესის მებრძოლ ხასიათს უწუნებენ, მაგრამ ისედაც ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ 1986 წელს არბიტრს ინგლისთან შეხვედრაში მარადონას „ღვთიური ხელი“ შეენიშნა და ის გოლი არ ჩაეთვალა? ამ შემთხვევაში ხომ დიდი ალბათობით ლეგენდარული ფეხბურთელის ისტორიულ სოლო რეიდსაც ვერ ვიხილავდით, რომელსაც ინგლისელთა კარში მეორე გოლი მოჰყვა. 

2014 წელს კი გერმანიასთან შეხვედრაში იგუაინს რომ გაეტანა, საქმე დამატებით დრომდე შეიძლებოდა არც მისულიყო…

1978 წელიც გავიხსენოთ, როდესაც არგენტინამ პირველად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა. მაშინ ამ გუნდს ჩვენში უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა, რადგან მას თამაშის ხელწერით თბილისის „დინამოს“ ამსგავსებდნენ, რომელმაც თითქოს სიმბოლურად, ასევე 1978 წელს იზეიმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა.

კემპესი, პასარელა, არდილესი, ლუკე, ბერტონი თუ სხვები – ფეხბურთელთა ის თანავარსკვლავედია, რომელმაც მსოფლიოს უძლიერესი გუნდის ტიტული საკმაოდ სკანდალურად მოიპოვა, თუმცა ამას თავი რომც დავანებოთ, ზემოთ ხსენებულმა ვერც ერთმა ფეხბურთელმა ევროპაში თავი ვერ ისახელა.

რა შეიძლება ითქვას, სია მართლაც შთამბეჭდავია. ამ ფეხბურთელებს მომავალი ათწლეულების მანძილზე კიდევ რამდენი არგენტინელი ვარსკვლავის სახელი მიემატა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეხბურთელებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მათ ითამაშეს, მაყურებელს უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს, კარიერა დაასრულეს და სხვა ფეხბურთელებმა ჩაანაცვლეს. გვენატრება ისინი? – როგორ არა, სიამოვნებით დავაბრუნებდით ზიკოს, როსის, პლატინის, ფიგუს, რობერტო კარლოსს, ნესტას, დელ პიეროს, ბეკენბაუერს, რუმენიგეს,  ვან ბასტენს, ლაუდრუპს, ზიდანს თუ რონალდინიოს, მაგრამ თუკი ეს უკანასკნელი თავის დროზე მესიმ წარმატებით ჩაანაცვლა, თვით მესის ვინღა ჩაანაცვლებს?!  

არგენტინელ ვარსკვლავსა და ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებს შორის ის განსხვავებაა, რომ „ოქროს ბურთის“ დღევანდელი მფლობელი შეუცვლელია, რაშიც „ბარსელონა“ აუცილებლად დარწმუნდება მისი კარიერის დასრულების შემდეგ.

მესიმ საოცრება ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტურის გასვლით მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ჩაიდინა. თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, ერთი შეხედვით ვნებათაღელვა დამცხრალიყო, „ატლეტიკოც“ თითქოს უკვე შეჰგუებოდა „ბარსელონას“ კვლავ დაუმარცხებლად გაშვებას, ხოლო „ბარსელონა“ კი „რეალის“ გალიდერებას.

მასპინძელთა დაცვითი ზღუდეების სიძლიერის შესახებაც ხომ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამიტომ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო მესის მარჯვენა ფლანგის სიღრმიდან ცენტრისკენ გაელვება. 

არგენტინელმა  ადვილად შენიშნა მასპინძელთა ხისტი მცველების წამიერი მოდუნება, მათი ცრუმოძრაობით გვერდის ავლას მოერიდა, სასწრაფოდ კედელი გაუთამაშა სუარესს და ურუგვაელისგან დაბრუნებულ ბურთზე ერთი შეხებით მატჩის ბედი გადაწყვიტა!

ამ გოლის შემდეგ „ბარსელონა“ კვლავ გაუთანაბრდა „რეალს“ ქულებით, მაგრამ რამდენჯერ უზეიმია კატალონიურ კლუბს პირველობის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე ესპანეთის ჩემპიონობა, ისე რომ გზად მადრიდის „რეალისთვის“ მოუგია? 

ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ „გვარდიოლას ბარსელონას“ მიერ „მოურინიოს რეალის“ რამდენიმე დამარცხება საკმაოდ უხერხული ანგარიშით. ამ გამარჯვებების სულისჩამდგმელი კი ლიონელ მესი რომაა, ამაზე სწორედ ის აურაცხელი ვიზუალური მასალა მეტყველებს, რომლის დეფიციტიც იყო ლეგენდარულ მარადონას თუ მის წინამორბედთა პერიოდში.

 

ცოტა ხანში საფეხბურთო საზოგადოება მორიგ „ელ კლასიკოს“ იხილავს და რაოდენ სამწუხაროა ამ დაპირისპირებაში მესი-რონალდუს დუელის არარსებობა. ეს ის ფაქტორია, რომელიც ბევრად აკნინებს ინტერესს ამ შეხვედრის მიმართ, ამიტომ პორტუგალიელი თუნდაც ამ მიზეზით უნდა დარჩენილიყო მადრიდის „რეალში“ და უკვე ამის შემდეგ გაეწია კონკურენცია ლიონელ მესისთვის.

რონალდუს აშკარად არ გაუმართლა, როდესაც ზედ გამოკითხვის წინ, „იუვენტუსში“ ორჯერ ნაადრევად დაატოვებინეს მოედანი, ფაბიო კაპელომაც გაუფუჭა რეპუტაცია პორტუგალიელ ვარსკვლავს თავისი გამონათქვამებით. 

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა ერთგვარი კონკურსია, რომელიც არსით ფეხბურთს ნამდვილად ვერ წარმოაჩენს, რადგან როგორ შეიძლება საუკეთესოს გამოსავლენად ერთმანეთს შეეჯიბრონ სხვადასხვა ამპლუის მოთამაშეები.

სწორედ ამიტომ, უპირატესობა ამ კონკურსში შემტევი ხაზის მოთამაშეებს ენიჭებათ, რომლებიც გოლების უმთავრესი შემოქმედნი არიან. 2019 წელს დიდი სანაკრებო ტურნირებიდან მხოლოდ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მორიგი ფიასკო განიცადა. 

მიუხედავად ამისა, აბა ვინ შეიძლება აჯობოს ფეხბურთელს, ვისგანაც მაყურებელი ბურთის ნებისმიერი მიღების შემდეგ,  მოუთმენლად ელის რაღაც განსაკუთრებულს, ისეთს, რაც იქამდე არ უნახავს. 

ზოგჯერ ფეხბურთის გულშემატკივარი საკუთარ ფანტაზიასაც მოუხმობს ხოლმე და გონებაში შეტევის განვითარების საკუთარ ვერსიას სთავაზობს ფეხბურთის მესიას, იმდენად საარაკოა და მრავალფეროვანი მის მიერ მთელი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ნაჩვენები ფინტები და გარღვევები.

ალბათ სიმბოლურია, რომ უშუალოდ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის წინა დღის ბოლო ევროპულ მატჩში გაიტანა მესიმ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ზემოხსენებული გადამწყვეტი გოლი.  

ხმები, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის უკვე დათვლილი იყო და ობლაკის კარში გატანილი ბურთი ვეღარაფერს შეცვლიდა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ რაღაც წინასწარმეტყველური გააჩნდა იმ გოლს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მესის საფეხბურთო მესიაობაში…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.