fbpx

მათთვის, ვისაც ახსოვს 1998 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი


გააზიარე სტატია


ავტორი: მარი ლორთქიფანიძე

აპრილში პარიზში, ელისეს მინდვრებზე, სეირნობისას გამახსენდა, რამდენი ხალხი იყო გამოსული 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფრანგული დროშებით, ბედნიერი ფრანგები „მარსელიეზას“ მღეროდნენ. ამ ქუჩაზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა ის მაინც სხვა იყო. 

 

 

მაშინ მხოლოდ 9 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს იმ ზაფხულის ემოციები, ჩემ გარშემო სამყარო მოულოდნელად შეიცვალა და ადამიანები, რომელთაც თავისი ცხოვრება და ინდივიდუალური პრობლემები ჰქონდათ, მოულოდნელად მხოლოდ ერთ თემაზე ალაპარაკდნენ.

ტელევიზორის ეკრანებს მიჩერებულებს, თითქოს სხვა არაფერი ახსოვდათ – რაღაც უჩვეულო საერთო აღტყინება სუფევდა. ჩემი უბანიც ისევე იყო ჩართული ფეხბურთის პერიპეტიებში, როგორც ელისეს მინდვრები და ნებისმიერი სხვა უბანი ან ქუჩა საფრანგეთში, იტალიაში, ბრაზილიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთა გუნდებიც ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. 

ხომ გახსოვთ ეზოში ჩუსტებით გამოსული, ხანდაზმული მამაკაცები, ბავშვების თამაშში რომ უყვარდათ ხოლმე ჩარევა? „ერთი დამარტყმევინე“ – მივიდოდნენ ბურთთან, კარში ურტყამდნენ და თან რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის სახელს წამოიძახებდნენ: „ რონალდო!“  ან „ ბატისტუტა!“ – განსაკუთრებით გააქტიურდნენ და ხმამაღლა განიხილავდნენ ყოველი მატჩის რეზულტატს. 

ხომ იცით, საქართველოში საშუალო სტატისტიკურ ქართველს ბევრად უკეთ ესმის ფეხბურთი, ვიდრე იტალიის ან გერმანიის მწვრთნელს და რჩევა-დარიგებასაც არ იშურებენ მათ მიმართ. ეზოში სხვადასხვა ნაკრების გულშემატკივარი ბავშვები, ბაზრობაზე ნაყიდ მაისურებში გამოწყობილი კამათობდნენ იმაზე, თუ ვისი კუმირი იყო უფრო მაგარი და ვინ გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი.

მაშინ ეს ჩემთვის ერთგვარი დისნეილენდი იყო, დიდად არ მესმოდა ამ აღტყინების მიზეზი, მაგრამ ეს ერთიანად აღელვებული, სხვადასხვა ქვეყნის დროშით გაფერადებული ჩემი უბანი და ზოგადად ქალაქი, ძალიან მომწონდა. 

შემდგომ წლებში ბევრჯერ მომისმენია იმ ადამიანების კრიტიკა, ვინც სხვა ქვეყნის ნაკრებს ან გუნდს გულანთებული გულშემატკივრობს – „რატომ უნდა მოიკლა თავი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ან არგენტინის ნაკრებისთვის, მესმის “დინამო” თამაშობდეს, ეს ხომ სირცხვილია, რომ ქართველები მხოლოდ სხვების თამაშით ვინტერესდებით და ჩვენი ჩემპიონატის თამაშებზე კი არ დავდივართ“.  ჩემთვის უცნაურია ასეთი კრიტიკა. 

თუ ფეხბურთი მართლა გიყვარს, ადვილი გასაგებია აღფრთოვანება ზიდანით, ბრაზილიის ნაკრებით, ბუფონით თუ “ლივერპულით”. არაერთ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც ერთი „გადაბრუნებული“ სიტყვა რომ უთხრა “ლივერპულზე”, შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაგიპირისპირდეს. მათ არც ჭკუა აკლიათ და არც თვითრეალიზაცია, მათი ასეთი გულმხურვალე გულშემატკივრობა უბრალოდ “ლივერპულის” თამაშის სტილის და ფილოსოფიის სიყვარულით არის განპირობებული და არა იმით, რომ ცხოვრებაში „ლუზერები“ არიან – როგორც ამას უცხოურ კლუბებზე შეყვარებულ ადამიანებზე ამბობენ მათი კრიტიკოსები. 

მოკლედ, მაშინაც და ახლაც ძალიან მომწონდა და მომწონს, როგორ გახალისდება ხოლმე დიდი საფეხბურთო ფორუმების დროს გარშემო ყველა.

მაშინ, 1998 წელს, ფეხბურთს ჯერ არ ვუყურებდი, მაგრამ სახლის ღია ფანჯრიდან და ეზოში თამაშისას ჩემამდე მუდმივად აღწევდა ჩემპიონატის „ჰაილაითები“: სიმეონე არაკაცია; ბაჯოს ერჩიან და ძირითადში არ აყენებენ; დუნგა ასაკშია და ვეღარ დარბის, მაგრამ პოზიციას მაგრა არჩევს; ბერკამპმა ერთი მოძრაობით გაუშვა აიალა და მთელი არგენტინა სახლში. (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მომწონდა, რადგან ჰგავდა გამოთქმას – „დაგარტყამ, გაგაფრენ ამერიკაში“, რომელიც ბევრჯერ მომესმინა და ძალიან მახალისებდა). ამასობაში ფინალის დღე მოახლოვდა, ამ მომენტისთვის უკვე აქტიურად ვიყავი ჩართული პროცესში და ბიჭების დისკუსიებშიც ვცდილობდი გარევას. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველთვის ეჭვის თვალით მიყურებდნენ – როგორც პატარა გოგოს, რომელსაც, წესით, არაფერი უნდა ჰქონოდა საერთო ფეხბურთთან. იმ მომენტში ასეთი დამოკიდებულება დიდად არ მაღიზიანებდა და ვთანხმდებოდი არაკომპეტენტური დამსწრის სტატუსს. თუმცა, ამ გადმოსახედიდან ვხვდები, თუ რამდენად აბსურდულია ასეთი მიდგომა და ახლა ძალიან ვბრაზდები, როდესაც ფეხბურთზე და ზოგადად სპორტზე საუბრისას არასერიოზულად აღმიქვამენ, მხოლოდ იმიტომ რომ გოგო ვარ. 

მოკლედ, ასეა თუ ისე, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, პირველი მატჩი აღმოჩნდა, რომელიც სრულად ვნახე და მას შემდეგ ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პირველი, რაც ნათლად მახსოვს, ჰიმნების შესრულებისას მიღებული შთაბეჭდილებაა – ბრაზილიელების ფერადი და სადღესასწაულო ჰიმნი და ფრანგული „მარსელიეზა“, რომლის სიტყვების გარჩევასაც ვცდილობდი, რადგან უკვე დაწყებული მქონდა ფრანგულის სწავლა. 

 

 

მაშინ არ მიმიქცევია დიდი ყურადღება, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, როგორი ეპითეტებით ამკობდნენ ქართველები საფრანგეთის ნაკრების შავკანიან ფეხბურთელებს, ვხდები, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ნამდვილად გაიზარდა, ან, როგორც მინიმუმ, შეეჩვია იმას, რომ ფრანგი შეიძლება იყოს შავკანიანი და მხოლოდ დ’არტანიანის შთამომავლები არ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. 

ისე, მე, პირადად, ბოიარსკი უფრო მაღიზიანებს დ’არტანიანის როლში, ვიდრე შავკანიანი დ’არტანიანები. მოკლედ, ამ მრავალეთნიკურმა საფრანგეთის ნაკრებმა, როგორც ჰიმნი შეასრულა, მთელი თამაშიც ასე ერთი ამოსუნთქვით ითამაშა. 

ჩვენთან აბსოლუტური უმრავლესობა ბრაზილიის მხარეს იყო და რონალდოს, დენილსონის და სხვათა უხეირო თამაშით გაწბილებულები, ნელ-ნელა უმატებდნენ უწმაწური სიტყვების გამოყენებას და როდესაც პეტიმ მესამე გაიტანა, უკვე არც ბავშვების ერიდებოდათ. ისე, მოგვიანებით, როცა უკეთ გავერკვიე ფეხბურთში და ძველ თამაშებს გადავავლე თვალი, ვერაფრით გავიგე, ეს დენილსონი რატომ იყო ნაკრებში. ნათესავია ვინმესი? რამე ვიდეო ჰქონდა მარიო ზაგალოს მონაწილეობით თუ რა მანქანებით მოხვდა ბრაზილიის ძირითად 11 მოთამაშეში. 

თუმცა, მაშინ ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად ფრანგების ახოვანმა მცველმა, მარსელ დესაიმ მიიპყრო, რომელიც ზღაპრის გმირივით დიდებული ჩანდა და როდესაც წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია, 

პირველად მაშინ ვინერვიულე ფეხბურთის გამო. 

მერე მახსოვს ფრანგების სიხარული, ქუჩაში გამოსული მთელი ქალაქი და კოსნპირაციის თეორიები: საფრანგეთის ვალი ჰქონდათ ბრაზილიელებს, რონალდო მოწამლეს თამაშის წინ და ა.შ. ვფიქრობ, ძნელია აღიარო, რომ შენმა საყვარელმა გუნდმა უბრალოდ ცუდად ითამაშა, ვერ შეძლო იმ კონკრეტულ საათ-ნახევარში, რომელიც მათ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თავისი მაქსიმუმის გამოვლენა და მათ უძლეველობაში ეჭვი რომ არ შეგეპაროს, კონსპირაციას აფარებ თავს. 

მით უმეტეს, საქართველოში ისედაც გვიყვარს შეთქმულებები და „ედიკაც მასონიას“ ეპოქაში, ალექსანდრე დიუმას წიგნებზე გაზრდილებისთვის ძნელი წარმოსადგენი არ იქნებოდა, თუ როგორ ჩახლართეს მორიგი შეთქმულება ფრანგებმა „ლუვრის“ ბნელ კორიდორებში. კიდევ მოხდა ის, რომ ზიდანი შემიყვარდა, თუმცა საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარი არ ვარ. 

ზიდანის და დესაის მიუხედავად, ჩემი ფავორიტი გუნდი მაინც ჰოლანდიაა. 

 

 

ვთვლი, რომ მათში არტისტიზმის და ათლეტიზმის იდეალური შეხამებაა, რაც ჩემი აზრით, მათ ფეხბურთს ყველაზე მიმზიდველს ხდის, მათი მუდმივი უიღბლობაც განსაკუთრებულ ემპათიას მიჩენს და ველოდები, როდის შეძლებენ 31 წლის წინ მიღწეული წარმატების გამეორებას. 

ჰოლანდია ზოგადად ძალიან მიყვარს. ხანდახან, როდესაც ვან გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“ ვუყურებ, აშკარა კავშირს ვხედავ ამ შედევრსა და მეორე დიდი ჰოლანდიელის, მარკო ვან ბასტენის საბჭოთა კავშირის კარში გატანილ შედევრს შორის – ორივე ალოგიკური, ამოუხსნელი და საოცრად ემოციურია.  

ალბათ, მეორე ვან გოგი და არც მარკო ვან ბასტენი აღარ დაიბადება, მაგრამ ჰოლანდიური ფეხბურთის მომავლის ძალიან მჯერა. ფეხბურთის გენიალობაც ჩემთვის იოჰან კრუიფის მართლაც ლეგენდარულ სიტყვებში ჩანს: „ფეხბურთი მარტივი თამაშია, თუმცა მისი მარტივად თამაში, მარტივი სულაც არ არის“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.