fbpx

გულის იშემიური დაავადების დროს მედიკამენტური თერაპია ისეთივე ეფექტურია, როგორც ქირურგიული სტენტირება ან შუნტირება


გააზიარე სტატია

გულის იშემიური დაავადების დროს მედიკამენტური თერაპია ისეთივე ეფექტურია, როგორც ქირურგიული სტენტირება ან შუნტირება – ახალი კვლევის შედეგები მეცნიერებმა ამერიკის გულის ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

რა არის გულის იშემიური დაავადება?

გულის მკვებავ სისხლძარღვებს კორონარული არტერიებს უწოდებენ. გულის კუნთში სისხლის მიწოდება შეიძლება სისხლძარღვის ნაწილობრივი ან მთლიანი დახშობის გამო შეფერხდეს. სწორედ კორონარულ არტერიებში გამავალი სისხლის მიწოდების შეფერხება იწვევს გულის კუნთში ჟანგბადის დეფიციტს, ანუ იშემიას. ასეთ დროს სტენოკარდია ვითარდება – პაციენტი აღნიშნავს ტკივილს ან დისკომფორტს გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს მხარში, ზურგში, ქვედა ყბაში, მუცელში ან ხელში. ეს ტკივილი ძლიერდება ფიზიკური ან ემოციური დატვირთვისას და იხსნება მოსვენების და/ან პრეპარატ ნიტროგლიცერინის მიღებისას.

გულის კუნთის იშემია შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული

  • ათეროსკლეროზი – ამ დროს სისხლძარღვებში ქოლესტერინის შემცველი ფოლაქები ყალიბდება, რომლებიც არტერიის კედელს ემაგრებიან და სისხლის დინებას ახშობენ.
  • სისხლის თრომბი – ათეროსკლეროზის დროს ჩამოყალიბებული ფოლაქი შესაძლოა გასკდეს და ამან სისხლის შედედება გამოიწვიოს, რის შემდგომაც თრომბი ვითარდება. იგი  სისხლის მიწოდების უეცარ შეწყვეტასა და მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს.
  • კორონარული არტერიის სპაზმი – კორონარულის არტერიის სპაზმი დროებითი, ხანმოკლე შევიწროვებაა. ამან შესაძლოა სისხლის მიწოდების შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვიოს

გულის იშემიური დაავადების მკურნალობის 2 ძირითადი გზა არსებობს: მედიკამენტოზური და ქირურგიული. ოპერაციული ჩარევის სახე კორონარული არტერიის დახშობის ხარისხზეა დამოკიდებული. პაციენტს შესაძლოა სტენტირება ან შუნტირება დასჭირდეს.

სტენტირების დროს პერიფერიული არტერიის გავლით კორონარულ არტერიაში  სპეციალური გამტარი კათეტერი და კორონარული მავთული შეჰყავთ, რის შემდგომაც სისხლძარღვის შევიწროებულ ნაწილში ბალონური კათეტერი  იდგმება და ფართოვდება. მომდევნო ეტაპზე ხდება უშუალოდ სტენტირება, ანუ სისხლძარღვის გაფართოებული ნაწილის მრგვალი ლითონის კონსუტრუქციით ფიქსირება.

შუნტირების დროს პაციენტის ქვედა კიდურიდან კვეთენ ვენის გარკვეული სიგრძის უბანს, რომლის ერთ ბოლოსაც აორტას აკერებენ, ხოლო მეორეს – კორონარული არტერიას, შევიწროებული უბნის ქვემოთ. ამის შედეგად ყალიბდება სისხლის მიწოდების  შემოვლითი გზა. სტენტირებისგან განსხვავებით, რომელიც მინი-ქირურგიული ჩარევაა, შუნტირება დიდი კარდიოლოგიური ოპერაციაა.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ უფრო ეფექტური სწორედაც ქირურგიული ჩარევა გახლდათ, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით ეს მოსაზრება გადახედვას საჭიროებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტენოკარდიის ზოგიერთ შემთხვევაში სტენტირება და შუნტირება ძალზე ეფექტიანია.

ეს პირველი კვლევა არ არის, რომელიც მიუთითებს, რომ კარდიოლოგები ქირურგიულ ჩარევას ზოგჯერ ზედმეტად ხშირად მიმართავენ, თუმცა წინა კვლევების დიზაინში ბევრი სხვა ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული, ამიტომაც ისინი ასე სანდოდ ვერ მიიჩნეოდა.

ახალი კვლევის დიზაინი

ახალ კვლევაში 37 ქვეყნიდან 5 179 ადამიანი მონაწილეობდა და იგი 3,5 წელი გრძელდებოდა. თავისი არსით ეს ამ საკითხზე ჩატარებული ყველაზე დიდი კვლევაა. მონაწილე პაციენტებს კორონარული სისხლძარღვების სხვადასხვა ხარისხის შევიწროვება ჰქონდათ დიაგნოსტირებული და მათ მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი მედიკამენტები ენიშნებოდათ. სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტურ თერაპიას ისინიც გადიოდნენ, ვისაც სტენტირება სჭირდებოდა. პაციენტები შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით მედიკამენტურ და ქირურგიულ ჯგუფებში გაანაწილეს. ქირურგიული ჯგუფის პაციენტთა ¾ -ს სტენტირება ჩაუტარდა, ხოლო დარჩენილ ნაწილს – შუნტირება.

მკურანალობის შემდგომ, ქირურგიულ ჯგუფში მიოკარიუმის ინფარქტი 276 ადამიანს დაემართა, ხოლო მედიკამენტურ ჯგუფში – 314 ადამიანს. უფრო უმნიშვნელო განსხვავება იყო სიკვდილიანობაში – ქირურგიული ჯგუფიდან 145 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მედიკამენტურიდან- 144.

რა მნიშვნელობა აქვს ახალ დასკვნას?

მკვლევარებს მიაჩნდათ, რომ ქირურგიულ ჯგუფში გაცილებით უკეთესი შედეგები უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

„პაციენტებს უნდათ იცოდნენ, ეს ქირურგიული მანიპულაცია მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ თუ არა. ამ შედეგების საფუძველზე, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მტკიცებულებას, რომ ეს ასე იქნება“ – აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა,  ექიმმა ჯუდით ჰოხმანმა

საბოლოო დასკვნა სრულად თანხვედრაშია გულის დაავადებების თანამედროვე გაგებასთან. მკვლევარები მიხვდნენ, რომ შევიწროებული სისხლძარღვის გარდა ათეროსკლეროზული ფოლაქები შესაძლოა სხვა კორონარულ არტერიებშიც იყოს და რადგანაც ქირურგიული ჩარევა რომელიმე კონკრეტულ შევიწროვებას კურნავს, მედიკამენტური თერაპია უფრო მრავლისმომცველია – არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ რომელი ფოლაქი მოწყდება და როდის განვითარდება ინფარქტი.

„ჩვენ აქამდე მიგვაჩნდა, რომ თუ კორონარული სისხლძარღვის შევიწორებას მოვხსნიდით, ეს პაციენტის მგომარეობას მომავალში გააუმჯობესებდა. ეს კვლევა ნამდვილად შეცვლის ჩვენს კლინიკურ აზროვნებას“- განაცხადა ექიმმა ალის იაკობსმა, ბოსტონის უნივერსიტეტის ინტერვეციული კარდიოლოოგის დეპარტამენტის დირექტორმა

კვლევის შედეგები ასევე გავლენას მოახდენს გულის იშემიური დაავადები მკურნალობის გაიდლაინზეც, რაც ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელებისთვის. სტენტირება და შუნტირება საკმაოდ ძვირადღირებული ქირურგიული ჩარევათა რიგის განეკუთვნებიან და თუ მისი ეფექტურობა მედიკამენტურ თერაპიას უთანაბრდება, მანიპულაციის რუტინულად დანიშვნა უბრალოდ აზრს დაკარგავს.

11,378 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.