fbpx

ნიუიორკელები მეტროს მოპირდაპირე პლატფორმებიდან – ნათან დვირის ვუაიერისტული ფოტოპროექტი


გააზიარე სტატია

ნათან დვირის პროექტი „პლატფორმა“ ნიუ-იორკის მეტროს ბაქანზე მომლოდინე ადამიანებზე დაკვირვების შედეგია. მისი ნამუშევრები კინოფირს ჰგავს, რომელსაც მეტროსადგურების არქიტექტურა კადრებად ყოფს და ნიუიორკელთა ყოველდღიურობას ფილმის ენაზე ასახავს. 

„ბაქნის მოპირდაპირე მხარეს ადამიანებზე დაკვირვება ვუაერისტული გამოცდილებაა. ბოძები საერთო გამოსახულებას კადრებად ანაწევრებენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სიუჟეტებს ქმნიან. პლატფორმა ერთგვარი თეატრის სცენაა, სადაც „მსახიობები“ თავიანთ როლებს მატარებლის მოსვლამდე ასრულებენ, შემდეგ კი ახალი პერსონაჟები შემოდიან და სპექტაკლის შემდეგი ნაწილი იწყება“, – წერს ფოტოგრაფი. 

ნათან დვირის პროექტი  „პლატფორმა“ ჰამბურგის ფოტოგრაფიის ტრიენალეზე  ისეთი ლეგენდების გვერდით იყო გამოფენილი, როგორებიც არიან: დიანა არბუსი, რობერტ ფრანკი, უილიამ კლაინი, მარტინ პარი. გამოფენის კურატორების თქმით, ნათან დვირის პროექტი ხაზს უსვამს პროგრესირებად იზოლაციას ადამიანებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქაოსურ მეგაპოლისში ცხოვრობენ. გათიშულობა, ურთიერთობის არარსებობა სხეულის ენით გადმოიცემა, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები – მობილური მოწყობილობები უწყობს ხელს. მეტროს სადგურების სპეციფიკური არქიტექტურა კი უფრო ნათელს ხდის  ადამიანებს შორის გაუცხოებას, დაყოფას, მათი პირადი სივრცეების ირგვლივ შემოვლებულ კედლებს, ინდივიდუალიზმსა და სევდის მომგვრელ მარტოობას.

ნათან დვირი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც სხვადასხვა თემებს ეხმიანება, მაგალითად,  ურბანული მოწყობის საკითხებს, სოციალურ-პოლიტიკურად აქტუალურ თემებს, კულტურას, არქიტექტურასა და კლიმატურ ცვლილებებს.  თელ-ავივის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლა დაამთავრა. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად  ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში (ICP) ასწავლის. მისი ნამუშევრები კი პერიოდულად ქვეყნდება გამოცემებში: The New York Times, Newsweek, Wall Street Journal, Der Spiegel, Stern, Focus, The Times, Daily Mail, Paris Match, Le Monde, Le Figaro  და სხვა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.