fbpx

ჩემპიონთა ლიგის ტენდენციები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი და კონტინენტის 16 გამორჩეული გუნდი უკვე მომავალი წლის თებერვლიდან ეცდება გაიკვალოს გზა მეოთხედფინალისკენ. 

ჩემპიონთა ლიგის მომავალ გამარჯვებულზე ფიქრი დღეს, რა თქმა უნდა, ნაადრევია, მაგრამ ის დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციები, რაც ტურნირმა აქამდე გამოავლინა, სწორედ ახლაა შესაფასებელი, თორემ მერვედფინალებიდან მოყოლებული, დავიწყებას მიეცემა.

დადებითი ტენდენცია ტურნირზე გოლთა სიმრავლეში და გუნდების მიერ ამორჩეულ თამამ, შემტევ ფეხბურთში ჩანს.

უარყოფითად კი ალბათ ჯგუფურ ეტაპზე „ძლიერთა ამა ქვეყნისთაგანნის“ აუცილებელი წარმატება უნდა შეფასდეს. აქამდე, ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატთა წარმომადგენლებთან ერთად, მერვედფინალურ ეტაპზე ყოველთვის ხვდებოდა სხვა ქვეყნების თითო-ოროლა წარმომადგენელი მაინც, ახლა კი…

დონეცკის „შახტარის“ და ბერგამოს „ატალანტას“ მატჩში VAR-იც კი სტუმრებს ეხმარებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გერმანელ მსაჯზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იტალიური კლუბის მერვედფინალში  გასაყვანად. 

ბუნებრივია, რომ აწი ვერც ერთი ეს გუნდი ამინდს ვერ შექმნიდა ტურნირზე, უბრალოდ ასეთ დროს, დაჩაგრული გუნდისა არ იყოს, ნეიტრალურ მაყურებელსაც ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ობიექტური მსაჯობის საკითხი ფეხბურთში ვერასოდეს მოგვარდება.

ან კი რაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც თვით უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი უარყოფითად აფასებს VAR-ის სისტემას, ამბობს რა მისი დანერგვის შესახებ, რომ „მეტი სხვა გზა არ იყო“. 

თანამედროვე ფეხბურთი შოუს ელემენტებით, რა თქმა უნდა, გაამდიდრა VAR-ის შემოტანამ, ხშირად იგი ეფექტურიცაა და იხსნის ხოლმე ამა თუ იმ გუნდს ეპიზოდის არასწორი შეფასებისგან. 

იმასაც ვხედავთ, რომ VAR-ის არარსებობის პირობებში, მაგალითად, ევროპის ლიგაზე, გაცილებით მეტი შეცდომები და უზუსტობებია მსაჯობის თვალსაზრისით. 

რაზე შეიძლება ვიფიქროთ – ზოგადად, არბიტრების დონის დაქვეითებაზე, ფეხბურთელთა სიმულაციის აქამდე არნახულ დონემდე ამაღლებაზე თუ მთავარი არბიტრის VAR-ზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებაზე?

„აიაქსის“ და „ვალენსიას“ ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრაში „ჩელსი“ – „აიაქსისა“ და ზემოთ ნახსენებ „შახტარი“ –„ატალანტას“ მატჩებისგან განსხვავებით,  VAR-ის მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო და ტურნირის უძლიერეს 16 გუნდს შორის „აიაქსი“ რომ არ იმყოფება, ეს ჰოლანდიელებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.  

უბრალოდ საინტერესოა, როგორ მოახერხეს მასპინძლებმა დამარცხება ისეთ მატჩში, სადაც ლამის ნებისმიერ ორთაბრძოლაში მეტოქეს სისწრაფეში სჯაბნიდნენ და დასწრებაზე ბურთთან ყოველთვის პირველები ჩნდებოდნენ…

 

ძალაუნებურად გვახსენდება „აიაქსის“ შარშანდელი სასწაულებრივი მარცხი მატჩის უკანასკნელ წუთებზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან“ და კიდევ  ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ფეხბურთში ილუზიები ზედმეტია და დღესდღეობით წარმოუდგენელია, რომ „აიაქსმა“ 1994-1996 წლების ლუის ვან გაალის პერიოდის დიდება დაიბრუნოს.

ამსტერდამული კლუბი  მაინცდამაინც „შეცოდებას“ რომ არ იმსახურებს, მისი სათამაშო სტილიდანაც გამომდინარეობს, რომელიც უპირველეს ყოვლისა სისწრაფეზეა აგებული და უხეშობაც უცხო არაა მისთვის.

მაშ ვინ არის „შესაცოდი“. შემთხვევით მილანის „ინტერი“ ხომ არა, რომელმაც ჯერჯერობით სეზონის ყველა პრინციპული თამაში წააგო?

„ინტერს“ გადამწყვეტ მატჩში VAR-მა სამი გოლი გაუუქმა, თუმცა „შახტარისგან“ განსხვავებით, მას შეცდომა არ დაუშვია. „ბარსელონამ“ კი პროფესიონალიზმისთვის დამახასიათებელი მიუკერძოებლობა და შეუპოვრობა გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი წლის მანძილზე კატალონიური კლუბი პირდაპირ, თუ ირიბად, „ინტერის“ ევროპის ლიგაზე გადანაცვლების მიზეზი ხდება. შარშან „ინტერმა“ გადამწყვეტ მატჩში შინ ჰოლანდიის „პსვ“ ვერ დაამარცხა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი „ბარსელონა“ „ტოტენჰემს“ მოუგებდა, უკვე ვერავინ იხილავდა ლონდონური კლუბის მიერ ტურნირის დასკვნით ფაზაზე ჩადენილ სასწაულებს და შემდეგ ფინალისტობას.

წლეულს კი „ბარსელონამ“ უკვე უშუალო დაპირისპირებაში დაამარცხა ამბიციური მეტოქე, რომელიც თეორიულად ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. 

„ინტერისთვის“ყველაზე არასასიამოვნო და დამამცირებელი ისაა, რომ „ბარსელონამ“ მას „სან სიროს“ სტადიონზე მეორე შემადგენლობით მოუგო ისე, რომ  იქამდე ერთი კვირით ადრე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ლიონელ მესი შინ დასასვენებლად დატოვა…

მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა ე.წ. უმოტივაციო „ბარსელონას“, რომელმაც მთელი  მატჩის განმავლობაში ერთი ხეირიანი შტურმის მოწყობის საშუალებაც კი არ მისცა მეტოქეს, რომელიც ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა?

ბუნებრივია, რომ ამ დროს ნასიამოვნები ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივარი რჩება, რომელიც თვალს ადევნებს უმაღლესი ტექნიკით აღჭურვილ, ემოციურად გაწონასწორებულ გუნდს, რომლისთვისაც შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მისთვის უმთავრესი პრესტიჟი და განვითარებაა, რასაც სწორედ იმ ფეხბურთელთა ძალისხმევა ემსახურება, ყოველთვის მზად რომ არიან ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.

სწორედ მათ დაამარცხეს იტალიის სერია A-ში “იუვენტუსის” მთავარი მოწინააღმდეგე და დღესდღეობით გათამაშების ლიდერი მილანის “ინტერი”, რომელმაც სრული შემადგენლობით ასპარეზობის მიუხედავად, კიდევ ერთხელ გამოავლინა უსუსურობა  გადამწყვეტ შეხვედრაში.

„ბარსელონასგან“ განსხვავებით, ფეხბურთის გულშემატკივარი „ტოტენჰემმა“ გააწბილა, რომლისგანაც  მაყურებელი გაცილებით მეტს ელოდა მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში, შინ ანგარიშით – 2:7 განცდილი მარცხის შემდეგ.

ამგვარ მოლოდინს „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს მოსვლაც ამძაფრებდა, მაგრამ თურმე ნურას უკაცრავად. „ტოტენჰემი“ ხომ  ისედაც გასულია მერვედფინალში, წინ კი პრემიერლიგაში „ჩელსისთან“ შეხვედრა, კიდევ არაერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი და ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში მონაწილეობის საგზურია მოსაპოვებელი. 

სხვა საკითხია პრესტიჟი, რაც ეტყობა, მოურინიოს მაინცდამაინც არ აღელვებს, რადგან „ბაიერნთან“ სირცხვილი არა მან, არამედ მისმა წინამორბედმა პოჩეტინომ ჭამა… 

თუმცა, დაკვირვებული თვალისთვის აშკარაა, რომ „ტოტენჰემში“ ყველაფერი წესრიგში არ არის და ერთგვარად ზედაპირული დამოკიდებულება „ბაიერნთან“ მატჩის მიმართ, სულაც არაა გამორიცხული, რომ უფრო უსუსურობით, ვიდრე ძალების შენახვის სურვილით იყო გამოწვეული.

„უმოტივაციო“ მატჩი კი შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გამოჩნდეს, სადაც ამა თუ იმ გუნდს უკვე წინა ტურში აქვს მოპოვებული მერვედფინალის საგზური და უპირატესობას დასვენებას და ძალების შენარჩუნებას ანიჭებს, რადგან მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ტურნირისგან განსხვავებით, სამ დღეშია ჩასატარებელი.

ჩემპიონთა ლიგაზე კი, პრესტიჟს თავი რომც დავანებოთ, ნებისმიერი გამარჯვება სოლიდურ ფინანსურ მოგებასთანაა დაკავშირებული, რაც თითოეულ მატჩს მოტივაციას ანიჭებს. 

სწორედ ამიტომ,  „მანჩესტერ სიტიმ“ ზაგრების „დინამო“, ტურინის „იუვენტუსმა“ კი „ლევერკუზენი“ დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო გუნდი კი მიუნხენის „ბაიერნია“, რომელმაც ორი სხვადასხვა უფროსი მწვრთნელის ხელში ექვსივე მატჩი მოიგო, უჩვენა რა შინაარსიანი და შემტევი ფეხბურთი.

მადრიდის „რეალმა“ „ბრიუგეს“, როგორც იქნა, სძლია, ხოლო დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი მერვედფინალში გასასვლელად რის ვაივაგლახით მოახერხა პრაღის „სლავიას“ დამარცხება

თუმცა, ჩეხებს ბოლომდე რომც ევაჟკაცათ და ეს მატჩი არ წაეგოთ, „ბორუსია“ მაინც მერვედფინალში აღმოჩნდებოდა „ბარსელონას“ მიერ „ინტერის“ დამარცხების გამო.

ბოლო ტურის შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა „ლივერპულმა“, რომელმაც გააზრებული თამაშით გასვლაზე „ზალცბურგი“ დაამარცხა, „ნაპოლის“ გადაასწრო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

„ზალცბურგისგან“ განსხვავებით, მერვედფინალში „რედ ბულის“ კიდევ ერთ პროექტ  „ლაიპციგს“ ვიხილავთ, რომელიც მერვედფინალურ მატჩებში უფრო ძლიერი გუნდი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ამას დღესდღეობით მაყურებელი ფიქრობს.

ტურნირის ყველაზე ამოუცნობი გუნდები კი ჯგუფიდან იოლად გასული „პარი სენ- ჟერმენი“ და „რეალი“ არიან, რადგან მათ თავი ურთიერთშეხვედრებშიც კი არ მოუკლავთ. მაგრამ სხვა რა უნდა გაეკეთებინათ, ბოლომდე ეომათ მათთან, ვისთვისაც მთავარი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მიღებაა?! თანაც „რეალს“ ხომ მშვენივრად აქვს დაცდილი მერვედფინალში ჯგუფში მეორე ადგილიდან გასვლა…

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.