fbpx

დაკარგული ბიჭი


გააზიარე სტატია



ავტორი: მარიამ ნატროშვილი

პარასკევს ახალ ამბებში წავიკითხე, რომ 15 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოხტა. თითქოს, უკვე წამიკითხავს ეს სათაური. ცოტა ხნის წინ, ან შარშან, შეიძლება მანამდეც.

“მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა”.

რამდენიმე დღის წინ, 15 წლის ბიჭმა წითელი სპრეი იყიდა, ღამე თავის ძველ სკოლაში გადაძვრა და კედლები წარწერებით ააჭრელა. “ამ ცხოვრების დედაც”, “აბა დამიჭირე”, “hot shot”, შეცდომებით დაწერილი სხვა ინგლისური სიტყვები, რომლებმაც დილით მასწავლებლების და მოსწავლეების კერძო საკუთრება, უკაცრავად, მყუდროება დაარღვია. 

ნეტავ რა უფრო ეწყინა დირექტორს ყოფილი მოსწავლისგან, შეცდომები სიტყვებში თუ გაფუჭებული რემონტი? ნეტავ სიტყვებში დაშვებული შეცდომების, დაზიანებული კედლების გარდა სხვა შეცდომის ძებნა თუ დაიწყო? 

დირექტორმა პოლიცია გამოიძახა. ბავშვს პოლიციაში 6 საათი კითხავდნენ. 6 საათი. 360 წუთი. როგორ მინდა ყველა კითხვა ვიცოდე რაც 15 წლის ბავშვს დაუსვეს. 

ზეწოლა, მუქარა, დაშინება – ეს სიტყვები რომ შემოატრიალო შიშს, უიმედობას და მარტოობას წაიკითხავ. ამ სიტყვებს რომ მოუსმინო, 15 წლის ბავშვის აჩქარებულ გულისცემას გაიგებ

დაკითხვის შემდეგ 15 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოხტა. კომაშია. როგორც ექიმები ამბობენ, მდგომარეობა მძიმეა. 

15 წლის ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოხტა. რატომ მეცნობა ეს წინადადება, ეს სათაური. 

პარასკევს სოციალური ქსელები ამ ამბითაა აჭრელებული. ზოგი სკოლას ლანძღავს, ზოგი პოლიციას. ვიღაცეები სკოლას ამართლებენ. ვიღაცეები სკოლის გამმართლებლებს ლანძღავენ. 

მეორე დღეს, დილით წითელი სპრეი ვიყიდე და სკოლისკენ წავედი. დიღომში თბილისის შემოსასვლელთან საცობია. რაიონებიდან ქართული ოცნების აქციაზე ხალხი ავტობუსებით და ე.წ. მარშუტკებით ჩამოყავთ. გზა გაჭედილია. ერთი წითელი წარწერა სკოლას, მეორე პოლიციას. 

 

“ეს რომ შენი შვილი იყოს”

გამოიძახებდი პოლიციას? 

წააყვანინებდი განყოფილებაში?

დაკითხავდი 6 საათი?

ატირებდი?

დააშინებდი? 

დაემუქრებოდი? 

ესე გაწირავდი?

ცუდად რომ გახდებოდა, სასწრაფოში არ დარეკავდი?

ესე გაამწარებდი?

 

რას იზავდი, ნახტომი რომ დაგენახა? რას იზავდი რომ დაგენახა, როგორ მოფრინავს შენი შვილი მე-9 სართულიდან? შეშინებული, გაბრაზებული, იმედგაცრუებული. 

შაბათს თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის აქცია ჩატარდა. სოციალური ქსელი დღეს უკვე აქციის გარჩევით იყო აჭრელებული. რომელიღაც არხმა შემთხვევით ჩაიწერა ქალის ხმა, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობს: “იცი რომ სამსახურს დაკარგავ? იცი, რომ არ წამოხვედი სამსახური აღარ გექნება?” 

ეს ქვეყანა დღეს მუქარაზე და დაშინებაზე დგას. პოლიციაში თუ პოლიციის გარეთ, ადამიანებს ემუქრებიან, ადამიანებს აიძულებენ და აშინებენ.

“ამ ცხოვრების დედაც!”.

შავი ჭირი ინფექციური დაავადებაა. ახასიათებს თავის ტკივილი, კანკალი, ციებ -ცხელება. მთავარი ნიშანი წყლულებია, ჩირქიანი წყლულები, რომელიც სხეულზე ჩნდება. თავიდან შეუმჩნეველი, მოვარდისფრო, ნელ-ნელა წითლდება და ბოლოს შავდება. 

თუ ადამიანს შავი ჭირი შეეყარა, გამონაყარი გასაკვირი აღარაა. 

წყლულები ნიშანია რომ სხეული მძიმედაა ავად, რომ სხეული ლპება.

რატომ მეცნობა ეს სათაური? იმიტომ რომ ეს ამბავი უკვე ბევრჯერ მოხდა.

ეს ამბები, ეს უკვე რუტინად ქცეული ტრაგედიები, ეს ყოველდღიურობად ქცეული უბედურება გამონაყარია. ჩირქიანი წყლულები. 

ეს შემზარავად გაცვეთილი ამბები, სამწუხაროა, მაგრამ ისევ მოსალოდნელია ახალ ამბებად შევიტყოთ ხვალ, ზეგ, რამდენიმე დღეში, მომავალ წელს.  

ქვეყანა, ეს ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, სადაც ვმუშაობთ, ვერთობით, ვწერთ და ვკითხულობთ, ვაპროტესტებთ, გვძინავს, ვმღერით, ვხატავთ, ავადაა. შავი ჭირითაა ავად. 

შავი ჭირი დაშინებაზე, ზეწოლაზე, იძულებაზე და მუქარაზე აშენებული პოლიტიკა, მოძალადე სისტემაა. სიღარიბესთან, უთანასწორობასთან, გულგრილობასთან და უიმედობასთან ხელჩაკიდებული ალპობს ამ ქვეყანას. 

რა ქვია ამ ბიჭს? ამ ბიჭს ქვია დემურ სტურუა. ლევან აბზიანიძე. კიდევ ბევრი სხვა სახელი, მათი სახელები ვინც პოლიციამ მოკლა, აწამა, დააშინა, დაემუქრა.

“ამ ცხოვრების დედაც!” – ეს წარწერა, ეს სიტყვები, ყველა იმ ადამიანის დაწერილია, ვისზეც ურჩხულად ქცეული ქვეყანა ძალადობს. მუქარით დაკითხული თუ ძალით აქციაზე წაყვანილი, მარტო დარჩენილი ადამიანების სიტყვები. 

ადამიანების, ვინც უსამართლობამ დაჩაგრა. ადამიანების, ვისაც სხვა გზა არ აქვს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.