ქალის მრისხანება ვიზუალურ ხელოვნებაში
გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ავტორი და ფემინისტი მწერალი რებეკა ტრეისტერი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის მკვლევარია. წიგნში „ქალური ბრაზის რევოლუციური ძალა“ აშშ-ის ისტორიის ყველა იმ სოციალურ მოძრაობას მიმოიხილავს, სადაც ქალების მიერ საჯაროდ გამოხატულმა მასობრივმა მრისხანებამ რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია.
ავტორის ყურადღების არეალში ისეთი თემები მოექცა, როგორებიცაა: სეგრეგაცია კანის ფერის მიხედვით, ქალების ბრძოლა საარჩევნო ხმის უფლების მოსაპოვებლად, სამართლიანი სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების მოთხოვნა, შვილმოკლული შავკანიანი დედების პროტესტი პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ, მოძრაობა #metoo და მრავალი სხვა.
რებეკა ტრეისტერის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, ამერიკის პოლიტიკურ და სოციალურ-კულტურულ სისტემებში მამაკაცები დომინირებდნენ, რომლებიც ქალთა პროტესტის მარგინალიზაციას და იგნორირებას ცდილობდნენ, ქალურ ემოციებს დასცინოდნენ და მათ კარიკატურულად წარმოადგენდნენ.
„ქალებზე მოძალადე კულტურებმა კარგად იციან, რომ ქალურ ბრაზს დიდი ძალა აქვს, მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რყევების კატალიზატორია. თანამედროვე ეპოქაში, როცა საზოგადოებრივი აზრი და წარმოდგენები პიარტექნოლოგიებით ყალიბდება, ქალთა პროტესტის მარგინალიზაციას სხვადასხვა მედიაში წარმოაჩენენ.
საპროტესტო აქციების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალაში ცდილობენ, რომ ქალები ნეგატიურად, არამომხიბვლელად გამოიყურებოდნენ – ბეჭდავენ ყვირილის ფოტოკადრებს, მრისხანების მიმიკებს და სასოწარკვეთის გამომხატველ ემოციებს“, – წერს რებეკა ტრეისტერი. მისი აზრით, ქალის ასეთი იმიჯი ჩვენს ტვინებში კოდირებულია, როგორც სიმახინჯე. ამგვარი დემონიზაციის ერთ-ერთ მიზეზად კი დასავლური ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებს ასახელებს, სადაც ბოროტება, საფრთხე და სიმახინჯე საუკუნეების განმავლობაში იგივდებოდა მდედრობითი სქესის ჰარპიებთან (ბერძნულ მითოლოგიაში ფრთოსანი ქალი-ურჩხული, ქარიშხლის, გრიგალის ქალღმერთი), ჯადოქრებთან, მონსტრ ქალღმერთებთან, მითოლოგიურ მედუზებთან, ბერძნულ სფინქსებთან და სხვა ქალ-დემონებთან.
- ჰარპია. ულისე ალდროვანდის წიგნიდან „Monstrorum Historia“. ბოლონია, 1642
- ჰარპიები ტყეში. ავტორი: გიუსტავ დორე. 1861
- ოდისევსი და სირინოზები. ავტორი: ჯონ უილიან უოთერჰაუსი. 1891
- ქიმერა. შუა საუკუნეების ფრანგული პრინტი
- მედუზა გორგონა. კარავაჯო. 1587-98
რებეკა ტრეისტერის თქმით, ქალური ბრაზი და მრისხანება ხშირად ხდება სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილებების კატალიზატორი, თუმცა ყოველთვის რისკთანაა დაკავშირებული, რადგან შესაძლოა, ისინი ისტერიულ, ზედმეტად ემოციურ და არასერიოზულ ადამიანებად აღიქვან, მიუხედავად იმისა, რამდენად სამართლიანია მათი ბრაზის მიზეზები. „არ ვარ მომხრე, რომ კაცები ჭებში ჩავყაროთ ან თავები დავაჭრათ, მაგრამ განრისხებული ქალების სახეებს კათარზისის გამოწვევა და შთაგონების წყაროდ ქცევა შეუძლიათ“, – ამბობს წიგნის, „ქალური ბრაზის რევოლუციური ძალას“ ავტორი და რამდენიმე მაგალითი მოჰყავს ხელოვნების ისტორიიდან, სადაც ქალური სილამაზე და ქალური მრისხანების ძალა ნათლადაა გადმოცემული.
- ივდითი კლავს ოლოფერნესს. კარავაჯო. 1598-99
ნახატის შინაარსი ძველი აღთქმის ერთ-ერთ წიგნიდანაა: ასირიელმა მხედართმთავარმა ოლოფერნესმა ებრაული ქალაქი დაიპყრო. ქალაქის მოსახლეობას გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდა. მათ ქალაქში ცხოვრობდა ლამაზი ქვრივი ივდითი, რომელიც დანებებას არ აპირებდა. ლამაზად გამოეწყო და მხედართმთავართან მივიდა, სურდა ეცდუნებინა და შემდეგ შური ეძია. ოლოფერნესი იმდენად მოიხიბლა ივდითის სილამაზით, რომ უზომოდ დათვრა. ქვრივმაც ისარგებლა ამ მომენტით და თავი მოაჭრა მძინარე დამპყრობელს.
- ივდითი და ოლოფერნესი. ლუკას კრანახი. 1530
- ივდითი და ოლოფერნესი. არტემისია ჯენტილესი. 1620
- ივდითი. ფრანც ფონ შტუკი. 1928
- ტიმოკლეა უსწორდება მოძალადეს. ელიზაბეტტა სირანი. 1659
ტიმოკლეას ამბავს პლუტარქე ჰყვება: ალექსანდრე მაკედონელის მიერ თებეს აღებისას თრაკიელებმა ქალაქი გაძარცვეს, ხოლო თრაკიელების მეთაურმა თებელი ქალი, არისტოკრატული გვარის ტიმოკლეა გააუპატიურა. ქალმა მოძალადეს მოატყუა, რომ ძვირფასეულობა ერთ-ერთ ჭაში ჰქონდა გადამალული, ხელი ჰკრა და ქვები დააყარა. დატყვევებულმა ტიმოკლეამ ალექსანდრეს შეახსენა, რომ მისი ძმა ფილიპე მეორეს გვერდით იბრძოდა, ქალის მამაცობით მოხიბლულმა მაკედონელმა კი მას მკვლელობა აპატია.
- ტიმოკლეა. მათეუს მერიანის გრავიურა. 1629-30
- „კაცობრიობის დასასჯელად ჭიდან ამომავალი ჭეშმარიტება შოლტით ხელში“. ავტორი: ჟან-ლეონ ჟერომი. 1896
ნახატს საფუძვლად დაედო სასამართლო საქმე საფრანგეთის გენშტაბის ოფიცრის, ებრაელ ალფრედ დრეიფუსის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად დაედო გერმანელთა ჯაშუშობა. მეოცე საუკუნის მიჯნაზე გამართული სასამართლო პროცესი და ბრალდება ანტისემიტური განწყობებით იყო ნაკარნახევი და ებრაელების მიმართ გავრცელებული ცრურწმენების ნაწილი იყო, რომ ისინი სახელმწიფოს მიმართ ერთგულები არ იყვნენ. ალფრედ დრეიფუსს ბევრი ცნობილი ფრანგი გამოექომაგა, მათ შორის ემილ ზოლა და მხატვრებიც.
- „დეიდა ჯემიმას გათავისუფლება“. ავტორი: ბეტი საარი. 1973
სასმელების ბრენდის, „დეიდა ჯემიმას“ ბოთლი არტისტმა ბეტი საარმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილად გადააქცია. მის მიერ შექმნილი ეტიკეტის ცალ მხარეს – შავკანიანი ქალი „Mammy“ (Mammy – აფროამერიკელი ძიძებისა და თეთრი ოჯახების მოსამსახურე ქალების სტერეოტიპული კრებითი სახელი, რომელიც ამერიკის სამხრეთ შტატებში იყო გავრცელებული), ხოლო მეორე მხარეს – შეკრული მუშტი გამოსახა. ამ ფორმით არტისტმა ქალების აგრესიული პროტესტი გამოხატა რასიზმის და ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ.
- პიპილოტი რისტის ვიდეოინსტალაცია „Ever is not over“. 1997
„Ever is not over“ – შვეიცარიელი არტისტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომლისთვისაც მას ვენეციის ბიენალეს პრიზი გადაეცა. ელეგანტურ კაბაში ჩაცმული გოგო, უდარდელი ღიღინით და ულამაზესი ღიმილით, ჰაეროვნად მიაბიჯებს ქუჩაში ყვავილით ხელში. უეცრად იგი ქუჩაზე პარკირებული მანქანების შუშების მსხვრევას იწყებს, ქალი პოლიციელი კი, ნაცვლად დაკავებისა, სამხედრო წესით თავაზიანად ესალმება.
არტისტის თქმით, თანამედროვე საზოგადოება ქალს ავალდებულებს დამალოს შინაგანი ნეგატიური განწყობა, იყოს „წესიერი“,“ მოთოკოს „არაქალური ემოციები“, რათა სრულად შეესაბამებოდეს საყოველთაოდ მიღებულ ნორმებსა და მოთხოვნებს. „ვიდეოაქცია მორალური „მარყუჟების“ და წესების სიძულვილის გამოხატულებაა“, – წერს რისტი.