საუკეთესო ქალაქები სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის
თანამედროვე სამყაროში სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა სულ უფრო რთული ხდება. უსაფრთხოების კომპანიის, Kisi-ს კვლევამ გამოავლინა ის ქალაქები, სადაც ადეკვატური სამუშაო საათებითა და შვებულებით ეს ბალანსი საუკეთესოდაა შენარჩუნებული. კვლევა ფოკუსირებულია სამ ფართო კატეგორიაზე, რომლებშიც გაერთიანებულია ის ფაქტორები, რაც სამუშაო და ცხოვრების ბალანსის მისაღწევად ქალაქს წარმატებულს ხდის:
სამუშაოს ინტენსივობა: სამსახურის დაწყების დრო, სამუშაო კვირის ხანგრძლივობა (სთ), შვებულების დღეების მინიმალური რაოდენობა, უმუშევრობის მაჩვენებელი (%), დეკრეტული შვებულებები და გადაადგილებისთვის საჭირო დრო.
საზოგადოებრივი საკითხები: გენდერული თანასწორობა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, LGBT თანასწორობა, სოციალური ხარჯი (მშპ-ს%).
ქალაქის სიცოცხლისუნარიანობა: უსაფრთხოების, ბედნიერების, სტრესის, ჰაერის დაბინძურების, ფიზიკური ჯანმრთელობის და დასვენების მაჩვენებლები.
საბოლოო ჯამში, ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების მიხედვით, Kisi-მ დაითვალა თითოეული ქალაქის საერთო ქულა და შეადგინა რეიტინგი, რომელშიც ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
- ჰელსინკი, ფინეთი
ჰელსინკი 100 ქულით ათეულში პირველ ადგილს იკავებს. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 40 საათია, ადამიანებს საშუალოდ 26 წუთი ეხარჯებათ მგზავრობაში, მინიმალური შვებულება 30 დღეა, ანაზღაურებული დეკრეტული შვებულება კი – 1,127 დღე.
- მიუნხენი, გერმანია
ტოპ ათეულში შემავალი გერმანიის სამი ქალაქიდან პირველია მიუნხენი – ადგილი, სადაც ადამიანებში სტრესის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. შვებულების მინიმალური რაოდენობა 20 დღეა, მაგრამ დასაქმებულები საშუალოდ 30 დღე ისვენებენ. მშობლებს შეუძლიათ მიიღონ 406-დღიანი ანაზღაურებული შვებულება.
- ოსლო, ნორვეგია
გამოკითხული ქალაქებიდან ოსლოს მცხოვრებლები კვირაში ყველაზე ნაკლებ საათს მუშაობენ (38.9 სთ), ხოლო ადამიანების მხოლოდ მცირე პროცენტი მუშაობს 48 საათზე დიდხანს. ქალაქი მშობლებს დიდ ანაზღაურებულ შვებულებას სთავაზობს და დასაქმებულებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებიც ხელმისაწვდომია.
- ჰამბურგი, გერმანია
მიუნხენის მსგავსად, ჰამბურგში 41-საათიანი სამუშაო კვირაა. ქალაქი სამუშაოდ შედარებით ნაკლებად სტრესულია, დასვენება კი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს გერმანელთა ცხოვრებაში.
- სტოკჰოლმი, შვედეთი
შვედეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რათა მოსახლეობამ სამსახური და ცხოვრება დააბალანსოს. სტოკჰოლმა 76,9 ქულა აიღო გენდერული თანასწორობის საკითხში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კვლევაში.
- ბერლინი, გერმანია
ბერლინში მუშაობა ძირითადად დილის 10 საათზე იწყება. კვლევის მიხედვით, სტრესის დონე აქ ორჯერ მეტია ჰამბურგთან შედარებით და სამჯერ მეტი, ვიდრე მიუნხენში.
- ციურიხი, შვეიცარია
ტოპ ათეულიდან ციურიხში ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო საათებია. ქალაქი გამოირჩევა ჰაერის დაბინძურების დაბალი მაჩვენებლითა და ნაკლებად სტრესული გარემოთი.
- ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონაში სამუშაო კვირა 41-საათიანია, შვებულების ხანგრძლივობა კი საშუალოდ 30,5 დღე.
- პარიზი, საფრანგეთი
დანიშნულების ადგილზე მისასვლელად პარიზელებს ყველაზე მეტი დრო სჭირდებათ – საშუალოდ 44 წუთი. შვებულების ხანგრძლივობა 30 დღეა, ხოლო სამუშაო კვირა 35 საათი.
- ვანკუვერი, კანადა
ვანკუვერი ერთადერთი ქალაქია სიაში, რომელიც ევროპაში არ მდებარეობს. სამუშაო კვირა სტანდარტულად 40-საათიანია, მაგრამ ანაზღაურებული შვებულება მხოლოდ და მხოლოდ 10-დღიანი.