განტროლე – ახალი საიტი ტროლებთან საბრძოლველად
ავტორი: მარიამ კერესელიძე
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო რთულია იმის დადგენა, რა არის რეალური კიბერსივრცეში და რა არა. სოციალური ქსელების განვითარებამ უამრავი ყალბი ანგარიშის შექმნა გამოიწვია, ამიტომ საზოგადოებას უჭირს გაიგოს, ვისთან უწევს ურთიერთობა.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ტროლები – ანუ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტული მიზნით ონლაინ სივრცეში ისეთ კომენტარებსა და მასალებს ავრცელებენ, რაც ადამიანების გაღიზიანებას გამოიწვევს და ჯანსაღი დისკუსიის შესაძლებლობას აფერხებს.
საბედნიეროდ, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხის აღმოფხვრაზე ყოველდღიურად მუშაობენ. სულ რამდენიმე კვირის წინ ონლაინ სივრცეში ახალი ვებგვერდი – gantrole.ge გამოჩნდა, რომლის მთავარი მიზანიც ტროლების გამოვლენა და მათთან ბრძოლაა. ამ საკითხზე ჩვენ “მედიის განვითარების ფონდის” მკვლევარს, სოფო გელავას ვესაუბრეთ.
ვინ არის ტროლი და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის?
ტროლი არის სოციალური ქსელის ყალბი მომხმარებელი, რომელიც ფარულად მოქმედებს – მალავს ინფორმაციას თავის შესახებ, იყენებს სხვა ადამიანის სახელს ან ფოტოს.
ვინ შექმნა “განტროლე”?
“განტროლე” არის “მედიის განვითარების ფონდის” პროექტი, რომელიც ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი ტროლების ერთგვარი ბაზაა. საიტზე მოცემულია მასალები ჩვენგან გამოვლენილი ტროლების შესახებ, რომლებიც დისკრედიტაციის კამპანიაში იყვნენ/არიან ჩართულები, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ფოტოებს იპარავენ ისინი. მათი უმეტესობა ამ დროისთვის დეაქტივირებულია.
რამდენი ხანია, რაც პროექტი არსებობს?
ვებგვერდი ნოემბერში შეიქმნა და წინა კვირას გავასაჯაროვეთ. ჯერ ახალი პროდუქტია, მაგრამ ყოველდღიურად ვმუშაობთ მის განახლებაზე.
რა არის პლატფორმის მიზანი?
პლატფორმის მიზანია, რომ გამოააშკარაოს და თავი მოუყაროს იმ ტროლებს, რომლებიც ფეისბუქში ორგანიზებულ კამპანიებში არიან ჩართულნი. საბოლოო ჯამში კი გვსურს, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება და ხელი შევუწყოთ მედია წიგნიერების განვითარებას, რათა მოქალაქეებმა თავად შეძლონ რეალურის გამოგონილისგან გარჩევა.
როგორ უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს?
ტროლებისთვის სახელის დარქმევით, მათი გამოაშკარავებით და ზოგადად, ამ თემაზე მეტი საუბრითა და საზოგადოების ინფორმირებით.
რას მოელით საიტის მომხმარებლისგან?
საიტთან მეტ ინტერაქციას, რათა მომხმარებლები თავად დაგვეხმარონ ტროლების იდენტიფიცირებაში. ამისათვის საიტს აქვს განყოფილება “დაარეპორტე ტროლი”, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მომხმარებელს თავადვე შეუძლია მოგვაწოდოს მისთვის საეჭვო ანგარიშის ბმული.
რა სურთ ტროლებს და რა საშიშროება მომდინარეობს მათგან?
იმ ტროლებს, რომელთა განტროლვასაც ჩვენ ვცდილობთ, სურთ, რომ საზოგადოების თვალში ყალბი რეალობა შექმნან, შეაფერხონ ჯანსაღი დისკუსია და გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე.
რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც ტროლს ამოვიცნობთ? რა არის ყველაზე ეფექტიანი გზა მათთან საბრძოლველად?
ყველაზე ეფექტიანი გზა ტროლთან საბრძოლველად მისი გამოაშკარავებაა. იმისათვის, რომ სხვა მომხმარებლებსაც დავეხმაროთ, რათა ტროლებმა ისინი შეცდომაში არ შეიყვანონ, სასურველია, რომ აღმოჩენის შემთხვევაში, იქვე დავწეროთ, რომ ეს კონკრეტული ანგარიში ყალბია.
რა პრობლემებს აწყდებით მუშაობისას?
საბოლოო პასუხი, რომ მომხმარებელი ტროლია, დროში შეიძლება გაგრძელდეს. ასევე პრობლემაა ადამიანური რესურსი, რადგანაც ქართულ ფეისბუქში ასობით ყალბი პროფილია გახსნილი.
როგორია ტროლების გავლენის მასშტაბი გასულ წლებთან შედარებით?
ეს მეცნიერულად არავის გაუზომავს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით ტროლების შესახებ ინფორმაცია უფრო მეტად გავრცელდა და რიგითი მომხმარებლისთვის ეს საკითხი უცხო აღარ არის.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, რომ ტროლინგი საბოლოოდ აღმოიფხვრას ინტერნეტ სივრცეში?
ჩვენი მიზანია, რომ ტროლების შესახებ უფრო ფართო საზოგადოებამ შეიტყოს. “განტროლეს” პარალელურად უკვე წლებია მედია წიგნიერებაზე ვმუშაობთ და ტროლების თემაც ჩვენი ტრენინგების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. უტოპიური იქნება იმის თქმა, რომ ტროლინგი ოდესმე მთლიანად გაქრება, თუმცა ინფორმირებული საზოგადოება მათ მიზნის მიღწევაში საგრძნობლად შეუშლის ხელს.