fbpx

ქალთა გაძლიერების მიზნით შექმნილი 3 კამპანია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ


გააზიარე სტატია



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ქალების დაახლოებით 1/3  (35%) ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური/სექსუალური/ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

ბოლო წლების განმავლობაში სამყარო ფუნდამენტურად შეიცვალა. დღეს ადამიანები   სოციალურად უფრო მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ამიტომ საინფორმაციო მესიჯის სამიზნე აუდიტორია არა კონკრეტული პირი (მოძალადე ან მსხვერპლი), არამედ  მთელი საზოგადოებაა, რათა შეიქმნას სოციალური კონტექსტი და გავიაზროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ძალადობაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ და აუცილებლად უნდა შევაჩეროთ, თუკი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.

წარმოგიდგენთ იმ კამპანიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალებზე ძალადობასა და სტერეოტიპებთან ბრძოლაში.

 

Women’s Aid – ინტერაქციული ციფრული ბილბორდები

ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაცია Women’s Aid-მა უნიკალური კამპანია წამოიწყო და  საზოგადოებას გზავნილი ძალადობაზე კოლექტიური პასუხისმგებლობის შესახებ საკმაოდ კრეატიულად მიაწოდა. კამპანიის შექმნისას გამოიყენეს Ocean Outdoor-ის ციფრული ბილბორდები, რომელსაც  სახის ამომცნობი კამერები ჰქონდა ჩამონტაჟებული და შეეძლო დაეთვალა, რამდენი ადამიანი შეხედავდა პოსტერს. შეიქმნა სპეციალური  ბილბორდი, რომელზეც გამოსახული იყო ნაცემი ქალი. სანამ ადამიანები ეკრანს უგულებელყოფდნენ, ქალის სახე იგივე რჩებოდა, მაგრამ საკმარისი იყო მხოლოდ ერთს მაინც შეეხედა, რომ  მისი ჩალურჯებული იარები ნელ-ნელა ქრებოდა. რაც უფრო მეტი ადამიანი შეჩერდებოდა და შეხედავდა მას, მით უფრო სწრაფად ქრებოდა  დაზიანებები. გზავნილის მთავარი მესიჯი იყო: “შემომხედე! ჩვენ შეგვიძლია ეს შევაჩეროთ.”

 

შედეგები:

  • პიარკამპანიით ინფორმაციას გაეცნო 326,9 მილიონი ადამიანი 20 ქვეყანაში, გავრცელდა 70 ჟურნალში, მაუწყებლობასა და ონლაინ პლატფორმაზე.
  • 2,500%ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი,  რომლებმაც 10 წამზე დიდხანს უყურეს პოსტერს.
  • საშუალო დრო, რომელიც საზოგადოებამ  გამოსახულების სანახავად დახარჯა, 349%-ით მეტი იყო, ვიდრე წინა შედეგი.
  • 86,7 მილიონი ნახვა მოაგროვა მხოლოდ Twitter-ზე.

 

Nike – Dream Crazier

„თუ ემოციებს გამოვხატავთ, დრამატულებს გვეძახიან. თუ მამაკაცების წინააღმდეგ გვინდა თამაში, ჩვენ გავგიჟდით. თუ ვოცნებობთ თანაბარ შესაძლებლობებზე, ეს უტოპიაა“, – ამ სიტყვებით იწყებს Nike-ს სარეკლამო ვიდეოს ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. კამპანიის მთავარი მესიჯი არის ის, რომ ქალებს საკუთარი შესაძლებლობების აუცილებლად უნდა სწამდეთ.

 

Always – Like A Girl

კვლევების მიხედვით, ქალების თავდაჯერებულობა განსაკუთრებით იკლებს მოზარდობის პერიოდში, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი გენდერული სტერეოტიპებია. მოზარდები იწყებენ იმის სწავლას, თუ რას ნიშნავს იყო “გოგო” ან “ბიჭი”. ამ სტერეოტიპებთან საბრძოლველად  Always-მა სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს დაუსვა სხვადასხვა კითხვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს “გოგოსავით მოქცევა”. შედეგები გასაოცარია. იხილეთ ვიდეო, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ საზოგადოება გარკვეულწილად ცვლის ჩვენს აღქმას და გვიყალიბებს სტერეოტიპებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.