fbpx

გლობალური კვლევა დეპრესიასა და სუიციდს დაბინძურებულ ჰაერთან აკავშირებს – რას ვსუნთქავთ თბილისში?


გააზიარე სტატია

ჰაერით დაბინძურებულ გარემოში მცხოვრებთა შორის დეპრესიისა და სუიციდის შემთხვევები მეტია, როგორც გლობალური მონაცემების სისტემატური შეფასება გვიჩვენებს.

ჰაერის დაბინძურების შემცირება ევროკავშირის მიერ დაშვებული ნორმის შესაბამისად მილიონობით ადამიანს დეპრესიისგან იხსნიდა, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ტოქსიკურ ჰაერს დეპრესიასთან აკავშირებს. მეცნიერების აზრით, ამის ალბათობა დიდია, თუმცა დამტკიცება – რთული.

“ჩვენ ვუჩვენეთ, რომ ჰაერის დაბინძურება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას,  სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად აზიანებს, რაც ჰაერის გაწმენდის საკითხს კიდევ უფრო გადაუდებელს ხდის,” – განაცხადა ისობელ ბრეინთვეიტმა University College London (UCL)-იდან, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა. 

 

 

ევროკავშირის ლიმიტების დაკმაყოფილებას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა, – განაცხადა მან. “თუ დავუშვებთ მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მოსახლეობაში დეპრესიის 15%. ამას დიდი გავლენა ექნება, რადგან დეპრესია გავრცელებული დაავადებაა და დაავადებულთა რიცხვი კი მატულობს.” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დეპრესიით 264 მილიონი ადამიანია დაავადებული.

 

“ჩვენ ვიცით, რომ დაბინძურებული ჰაერის უმცირეს ნაწილაკებს შეუძლიათ ტვინში შეღწევა როგორც სისხლის, ასევე სასუნთქი ორგანობის საშუალებით, ხოლო დაბინძურებული ჰაერი იწვევს ტვინის ანთების შემთხვევების მატებას, ნერვული უჯრედების დაზიანებასა და სტრესული ჰორმონების გამოყოფის რიტმის დარღვევას, რაც მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს”, – ამბობს ბრაითვეიტი. 

კვლევა, რომელიც Environmental Health Perspectives-ში გამოქვეყნდა, 16 ქვეყნის 2017 წლამდე მონაცემებს იყენებდა, რომელმაც მნიშვნელოვანი სტატისტიკური კავშირი გამოავლინა დაბინძურებულ ჰაერსა და დეპრესია/სუიციდის შემთხვევებს შორის. ეს შედეგები გაამყარა დამატებითმა კვლევებმა, რომლებმაც ტოქსიკური ჰაერი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს შორის “ძალიან მაღალ სიკვდილიანობასა” და თინეიჯერებში დეპრესიის გაოთხმაგებას დაუკავშირეს.

სხვა კვლევების მიხედვით, ჰაერით დაბინძურება ინტელექტის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს და ასევე დეკავშირებულია დემენციასთან. 2019 წლის დასაწყისში ჩატარებულმა გლობალურმა შეფასებამ დაასკვნა, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანში, სავარაუდოდ,  ყველა ორგანოსა და ყველა უჯრედს აზიანებს.

მონაცემების ანალიზის მიხედვით, არსებობს კავშირის დეპრესიასა და 2.5 მიკრომეტრზე ნაკლები ნაწილაკებით (იგივე 0.0025 მმ, ან PM 2.5) დაბინძურებულ ჰაერს შორის. 

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ კუბურ მეტრზე 10 მიკროგრამის (10µg/m3) დაბინძურების ზრდის პირობებში, დეპრესიის განვითარების 10%-ით მეტი შანსი აქვთ. 

ქალაქ დელიში ეს მაჩვენებელი 114µg/m3-ია, ოტავაში – 6µg/m3, ბრიტანეთის ქალაქებში საშუალოდ 13µg/m3, თბილისში დღეს – 29µg/m3. 

ვიზუალიზაციები: http://air.gov.ge/

მკვლევრების აზრით, ამ მაჩვენებლის შემცირება WHO-ს რეკომენდებულ 10µg/m3-მდე დეპრესიით დაავადებულთა რაოდენობას 2.5%-ით შეამცირებდა.

სუიციდის რისკებთან დაკავშირებული მონაცემები არსებობს ნაწილაკებისთვის 10 მიკრომეტრამდე (PM10). კვლევის მიხედვით არსებობს მოკლევადიანი ეფექტი, როცა სამი დღის განმავლობაში 10µg/m3-ით გაზრდილი დაბინძურება თვითმკვლელობის რისკებს 2-ით ზრდიდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ დაბინძურების მცირე პროცენტული ცვლილებები ბევრ ადამიანს მოიცავს, რადგან მსოფლიო მოსახლეობის 90% მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის შკალის მიხედვით ჰაერით დაბინძურებულ ადგილებში ცხოვრობს. 

იმის მიუხედავად, რომ კვლევები მნიშვნელოვან კორელაციებზე მიგვითითებს, რთულია მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა. კვლევების დროს გაითვალისწინეს ბევრი ფაქტორი, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, მათ შორის, საცხოვრებლის ადგილმდებარეობა, შემოსაცალი, განათლება, სიგარეტის მოხმარება, სამუშაო და ჭარბწონიანობა. თუმცა ვერ გამოაცალკევეს ხმაურის გავლენა, რომელიც ხშირად ჰაერის დაბინძურების თანმდევი მოვლენაა და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

“ეს 40-წლიანი პერიოდის საფუძვლიანი შეფასებაა.” – განაცხადა იონის ბაკოლისმა King’s College London-იდან, რომელიც კვლევის გუნდში არ შედიოდა. “იმის მიუხედავად, რომ კვლევა შეიცავდა მონაცემებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან – ჩინეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან – გამოვლენილი კავშირები მაინც ძალიან მსგავსია.”

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენი წვლილი ჰაერის დაბინძურებაში, იქნება ეს სიარული თუ ველოსიპედით სარგებლობა,” – თქვა ბრაითვეიტმა. – “ასევე საჭიროა ფიქრი სისტემურ ცვლილებებზე, იგულისხმება სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც მთლიანად ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ იქნება მიმართული.” მკვლევართა აზრით, სიარული, ველოსიპედით სარგებლობა და მეტი მწვანე სივრცე არა მხოლოდ ჰაერის დაბინძურებას შეამცირებს, არამედ გააუმჯობესებს მენტალურ ჯამრთელობასაც.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.