ქართული წარმოების კოსმეტიკა
თავის მოვლის საშუალებების არჩევა მარტივი საქმე არ არის – კარგი და ხარისხიანი პროდუქტი ძვირი ღირს და იმდენნაირია, რომ სანამ შენთვის სასურველს აარჩევ, ათასი ექსპერიმენტის ჩატარება გიწევს, უხარისხოს გამოყენებას კი შესაძლოა გამოუყენებლობა სჯობდეს. მასობრივი წარმოების კოსმეტიკური პროდუქცია, რაც უნდა ხარისხიანი იყოს, დიდი ალბათობით შეიცავს პარაბენებს ან სხვა ტიპის მავნე ქიმიურ მინარევებს.
თავის მოვლის რუტინის გასამარტივებლად შეგვიძლია გირჩიოთ რამდენიმე ქართული მწარმოებელი, რომელიც არამასობრივ პროდუქციას აწარმოებს ბუნებრივი ინგრედიენტებით. გარდა უსაფრთხო შემადგენლობისა, ამ ტიპის პროდუქციის სიკეთე ისიცაა, რომ ისინი მცირე რაოდენობით მზადდება საჭიროებისას და მუდმივად ახალია.
საპოვნელა
სრულიად ნატურალური და უმეტეს შემთხვევაში თხის რძით გამდიდრებული თავის მოვლის საშუალებები ძირითადად ქუჩის მარკეტებზე შეგიძლიათ შეიძინოთ. “საპოვნელას” პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია – აქ შეიძლება იპოვოთ სხვადასხვანაირი საპნები, სკრაბები, კრემები და საცხები, ასევე ტანის კარაქი, აბაზანის ჩაი, თმის ზეთი და ათასი რამ, რაც საკუთარი სხეულის გახალისებასა და გალამაზებაში დაგეხმარებათ. იმ შემთხვევაში, თუკი საპოვნელას ძებნა საკვირაო მარკეტებზე დაგეზარებათ, შეგიძლიათ პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისით ისარგებლოთ.
ევოლი
ასევე ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საპნებს, ტუჩის ბალზამს, ტანის სკრაბს და ზეთს გთავაზობთ, რომელთა შემადგენლობაშიც ზეითუნის ზეთთან ერთად კაკაოს, ქოქოსის და შიას ცხიმი და ატმის კურკის, ჟოჟობას და ავოკადოს ზეთი შედის. პროდუქციისთვის გამოიყენება ნატურალური საღებავები. ევოლის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ VENDOO-ის მაღაზიაში ან ორგანიკა-ში.
კაშკაში
ამ ბრენდის არა მხოლოდ პროდუქცია, არამედ პროდუქტების შეფუთვაც კი ეკომეგობრულია. “კაშკაშის” ბურთულები, დღის და ღამის კრემები, ტუჩის ბალზამი, თვალის ბალმი საგულდაგულოდ შერჩეული და მაღალი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება. “კაშკაშის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ VENDOO-ის მაღაზიაში, ასევე “ფუნდუკსა” და “ზიროუ ეფექტში”.
კვარცი
კიდევ ერთი ორგანული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ეკომეგობრულობის პრინციპებიდან გამომდინარე საკუთარ პროდუქციას კერამიკის ჭურჭლით ყიდის და თუკი ამ ჭურჭელს მრავალჯერადად გამოიყენებთ, სასურველ პროდუქტს ფასდაკლებით მიიღებთ. “კვარცის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ შეკვეთით, ასევე ვეგანურ კაფეში “ნამუ” და “ნატურპურში”.
ბიოსიო
კანის მოვლის გარდა თმის მოვლის საშუალებებსაც გთავაზობთ. შამპუნები, კრემები, საპნები და სხვა პროდუქტები შეგიძლიათ ქსელურ აფთიაქებში შეიძინოთ.
და ბოლოს კოლხური – ცნობილი ქართული ბრენდის დღის და ღამის კრემები, რომელიც გერმანიაში მზადდება, შეგიძლიათ შეიძინოთ ქსელურ მარკეტებში.
იმ შემთხვევაში, თუკი თავის მოვლის საშუალებების არჩევისას ქართულ ორგანულ პროდუქციაზე არჩევანს არ გააკეთებთ, სხვა პროდუქციის შეძენისას კარგად გაეცანით მათ შემადგენლობას და გაითვალისწინეთ, რომ პარაბენები, ხელოვნური საღებავები, პალმის ზეთი და სხვა მავნე ნივთიერებები საზიანოა.