Facebook “ქართული ოცნების” წინააღმდეგ – სოციალურმა ქსელმა ასობით პრო-სამთავრობო გვერდი გააუქმა
ფეისბუკის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს გაავრცელა კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის ნათანიელ გლეიჩერის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეისბუკმა გააუქმა საქართველოში მოქმედი პროფილების ქსელი, რომელიც არააუთენტურ პროსამთავრობო აქტიობას ეწეოდა.
ფეისბუკის მტკიცებით, პროსამთავრობო ქსელს საკუთარი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
“ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ ტიპის აქტიობის გამოსავლენად, რადგან არ გვინდა რომ ჩვენი სერვისები ადამიანების მანიპულაციისთვის გამოიყენონ. ჩვენ ვაუქმებთ ამ გვერდებს, ჯგუფებსა და ექაუნთებს არა მათი შინაარსიდან, არამედ აქტიობიდან გამომდინარე. ყველა ამ შემთხვევაში ადამიანები ამ აქტიობის მიღმა კოორდინირებულად მუშაობდნენ და იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს თავიანთი იდენტობის შესანიღბად, რაც გახდა ჩვენი მოქმედების საბაბიც,” – ნათქვამია ფეისბუკის გავრცელებულ განცხადებაში.
რა ვიცით ამ ეტაპზე
“დღეს ჩვენ გავაუქმეთ ფეისბუკის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში როგორც შიდა-ფოკუსის ქსელი, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებდა.
ამ აქტიობის მიღმა მყოფი ადამიანები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს (მათი ნაწილი ადრეც იყო დეაქტივირებული ჩვენი ავტომატური სისტემების საშუალებით) იმისთვის რომ გაეზარდათ თავიანთ კონტენტზე წვდომა და ემართათ ფეისბუკის გვერდები.
ეს გვერდები თავს ასაღებდნენ, როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საზოგადო პირები, ატივისტთა ჯგუფები და მედია ერთეულები.
ამ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, პოსტავდნენ შიდა ახალი ამბებისა და ისეთი პოლიტიკური საკითხების შესახებ, როგორებიცაა – არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, ოფიციალური პირები, ოპოზიციის კრიტიკა და ადგილობრივი აქტივისტი ორგანიზაციები.
თავიანთი იდენტობისა და კოორდინაციის შენიღბვის მცდელობის მიუხედავად ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ეს მოქმედებები დაუკავშირა საქართველოში მოქმედ სარეკლამო სააგენტო “პანდასა” და მთავრობას “ქართული ოცნების” პარტიით სათავეში.
- აქტიობა ფეისბუკსა და ინსტაგრამზე: 39 ფეისბუკის ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი, ინსტაგრამის 22 ანგარიში
- ფოლოუერები: დაახლოებით 442300 ანგარიში კითხულობდა ზემოაღნიშნული გვერდებიდან ერთს ან რამდენიმეს, დაახლოებით 52000 ანგარიში იყო გაწევრიანებული მინიმუმ ერთ ზემოაღნიშნულ ჯგუფში და დაახლოებით 2100 ადამიანი კითხულობდა მათ ინსტაგრამზე.
- რეკლამა: 316000 დოლარამდეა დახარჯული ფეისბუკსა და ინსტაგრამზე განთავსებულ რეკლამებში. ეს მოიცავს მთელ სარეკლამო აქტიობას როგორც არააუთენტური, ასევე აუთენტური ანგარიშებიდან, რომლებიც დღეს გაუქმდა აღნიშნულ ქსელთან კავშირის, ასევე არააუთენტური მოქმედებების გამო.
აღნიშნული ანგარიშები ჩვენ გამოვააშკარავეთ რეგიონში კოორდინირებული არააუთენტური მოქმედების ეჭვების გამო დაწყებული გამოძიებისას, რასაც ხელი შეუწყო ასევე მომხმარებლის დარეპორტების პრაქტიკამაც.” – ნათქვამია ფეისბუკის გავრცელებულ განცხადებაში.