fbpx

ონკოლოგიური მკურნალობის პროცესში მცენარეული საკვები დანამატების მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა


გააზიარე სტატია

ონკოლოგიურმა პაციენტებმა თავიანთ ექიმს უნდა აცნობონ, მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად იღებენ თუ არა რაიმე სახის მცენარეულ საკვებ დანამატებს. როგორც ირკვევა, ზოგიერთი ინგრედიენტი გამოჯანმრთელების პროცესის ხელშემშლელიც კი შეიძლება იყოს. მაგალითისათვის: ნიორი, ჯანჯაფილი და გინკგოს აბები გავრცელებული ძუძუს კიბოს დროს კანის ჭრილობების შეხორცების პროცესს ანელებს. ამის შესახებ ონკოლოგებმა ლისაბონში, ძუძუს პროგრესირებადი კიბოს მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრეს.

„ექიმებმა უფრო აქტიურად უნდა გამოკითხონ თავიანთ პაციენტებს, თუ რას იღებენ ისინი ონკოლოგიური თერაპიის პარალელურად“ – აღნიშნავს პროფესორი კარდოზო, ლისაბონის ჩამპალიმაუდის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ქირურგ-მამოლოგი.

პროფესორმა კარდოზომ შემდეგი მცენარეული პროდუქტები გამოყო:

  • მწვანე ჩირეტა;
  • ასფურცელა;
  • ნიორი;
  • გინკგო;
  • ჟენშენი;
  • კუნელი;
  • ცხენისწაბლა;
  • კურკუმი.

პორტუგალიელი პროფესორის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მცენარეული თერაპია, ან კრემები ეფექტიანია. უფრო მეტიც, ორგანიზმისთვის უკეთესია თუ მათზე საერთოდ უარს ვიტყვით.

„უმთავრესი პრობლემა მკურნალობის პროცესის პარალელურად საკვები დანამატების მიღებაა. ჩვენს კვებით რაციონში ეს მცენარეები ნორმალური დოზით შედიან და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, დოზები გაცილებით უფრო მაღალია საკვებ დანამატებში და სწორედ ეს არის პრობლემა. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ონკოლოგიურ თერაპიაზე ციტრუსეული (გრეიფრუტი, მანდარინი, ლაიმი, წითელი ფორთოხალი) მცირე დოზითაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. პრობლემურია ასევე მცენარეული მაზები და კანის კრემები, რომელთა არც ეფექტიანობის და არც მავნებლობის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია“ – აღნიშნა პროფესორმა კარდოზომ.

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი სისხლის შედედების პროცესს ანელებს, რაც შემდგმში ღია ჭრილობების შეხორცების პროცესს აფერხებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე  მკერდის ისეთ კიბოებს ეხება, სადაც პათოლოგიური პროცესი უკვე კანის მთლიანობას არღვევს. სწორედ ასეთია ყოველი მეხუთე ძუძუს კიბოს კლინიკური შემთხვევა. ეს მაჩვენებელი სხვა ტიპის კიბოებისთვის გაცილებით დაბალია.

ზოგიერთი მცენარეული დანამატი საზიანო ურთიერთქმედებაში შედის ქიმიოთერაპიულ მკურნალობასთან. მცენარეული საკვები დანამატები მედიკამენტთა ფარმაკოდინამიკასა და ფარმაკოკინეტიკაზე ახდენს გავლენას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მკურნალობის პროცესში წამლის სასურველი ეფექტი ვერ მივიღოთ, დაირღვეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი შეწოვის პროცესი  და გართულდეს ღვიძლში მისი დაშლისა თუ გამოყოფის პროცესი. ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი თითქმის ყველა მედიკამენტი და მცენარეული ერთი და იგივე კომპლექსურ ფერმენტს, ციტოქრომ- P450-ს იყენებს.  მათი ურთიერთქმედების შედეგად შესაძლოა მედიკამენტის სასურველი ეფექტი შემცირდეს ან იგი მაღალი კონცენტრაციით დაგროვდეს, რაც შემდგომ ორგანიზმისთვის ტოქსიკური იქნება.

იგივე შინაარსის განცხადებას ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის სამსახურის  ვებ-გვერდზეც. ბრიტანელი ონკოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ალტერნატიულმა მკურნალობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მკურნალობის პროცესს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ტიპის საკვები თუ სასმელი ხელს უშლის ორგანიზმში ონკოლოგიური მედიკამენტების შეწოვის პროცესს. მაგალითად: გრეიფრუტი და ფორთოხალი

„გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი ექიმი დამატებითი თერაპიის შესახებ. უთხარით მას ეს ალტერნატიული მცენარეული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ონკოლოგიურ თერაპის უკვე გადიხართ“, – ვკითხულობთ საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

პროფესორ კარდოზოს თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ონკოლოგიური პაციენტები და მათი მკურნალი ექიმები ხშირად გამოჯანმრთელების ალტერნატიულ გზებს ეძებენ, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა ეს უფრო მეტად საზიანო აღმონდეს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები უპირველეს ყოვლისა ექიმს გაესინჯონ, ვიდრე ონკოლოგიური დაავადების ალტერნატიული მედიცინით განკურნებას შეეცდებიან.

„უნდა გვახსოვდეს, რომ მედიცინის უპირველესი პრინციპია: არ ავნო!“, – ამბობს პორტუგალიელი პროფესორი.

5,941 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.