fbpx

ფეხბურთი: გამოცხადებული 0:0-ის ქრონიკა


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

არსებობს მატჩი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებით ელიან. ეს „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის “ ელ კლასიკოდ” წოდებული დაპირისპირებაა.

სადაც და როდესაც არ უნდა იმართებოდეს ეს შეხვედრა, ყოველთვის ჩრდილავს ნებისმიერ სხვა საფეხბურთო პაექრობას და აქედან გამომდინარე ის შეიძლება მნიშვნელობით ფეხბურთს აღემატებოდეს კიდეც, რაც კატალონიაში ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა  მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა.

მატჩი, რომელიც თვე-ნახევრის წინ სწორედ პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზით ჩაიშალა, თითქოს მთელი ამ ხნის მანძილზე ორივე გუნდის თითოეული მოთამაშის ძირითად საფიქრალად ქცეულიყო, რადგან მოვლენებს ცოტათი წინ თუ გავუსწრებთ, გასულ კვირას არაერთმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში თავგანწირვით თუ ულამაზესი ფინტებით გამორჩეული საუკეთესო თამაში დაგვანახა.

მატჩის წინა ფსიქოლოგიური პორტრეტი მდგომარეობას სპორტული დაპირისპირების თვალსაზრისითაც ძაბავდა, რასაც ზურგს ორმაგი დატვირთვა უმაგრებდა. 

გარდა იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის დაარსების დღიდან დაუძინებელ მტრებს ერთმანეთისთვის 72-72 თამაში ჰქონდათ მოგებული, სატურნირო ცხრილშიც ისინი პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ და არცერთ მათგანს არ სურდა მოწინააღმდეგის სამი ქულით დაწინაურება.

ასეთი რამ ბუნებრივია, რომ მომავალში მოხდებოდა, მაგრამ მთავარი იყო, თანაფარდობა უშუალოდ ამ მატჩში არ დარღვეულიყო. დრამის კულმინაციამ არ დაახანა და მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ უკვე მომდევნო, გასული ტურის უკანასკნელ მატჩში ჩამორჩა. 

„სამეფო კლუბმა“ ბილბაოს „ატლეტიკთან“კოლოსალური უპირატესობის და არაერთი განიავებული მომენტის მიუხედავად, ერთი გოლის გატანაც ვერ შეძლო, ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ 0:0 და ორკვირიან პაუზას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე შეხვდა.

„ელ კლასიკოში“ კი „ბარსელონას“ გამარჯვება სავარაუდოდ ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებშიც სურდათ. ვბენათაღელვა როგორც ქალაქში, სტადიონს მიღმა მძვინვარე ხანძარში გამოიხატა, ისე უშუალოდ სტადიონზე VAR-ის სატელევიზიო ჩვენების მესვეურებზე აისახა.

დიახ, ტელეტრანსლაცია, რომელიც ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე იყო უზრუნველყოფილი, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ გარეთ ბეილის გოლის ტელეეკრანებზე განმეორებითი ჩვენების დროს, ბუნდოვანმა ხარვეზმა მოიცვა, რაც გაუგონარი ამბავია დღევანდელი ტექნიკის პირობებში, თუნდაც გაცილებით მცირებიუჯეტიანი ტრანსლაციების შემთხვევაში. 

იყო თუ არა გადაცემის მომენტში თამაშგარე მდგომარეობა, ეს შეგვიძლია სამარადისოდ VAR-ს გადავცეთ განსასჯელად. ფაქტი კი ერთია, რომ გადამწყვეტ მომენტში მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი საშველად ყოველთვის გარეთ ბეილს მიმართავს ხოლმე, რომელიც გამუდმებული კრიტიკის ქარცეცხლშია, მაგრამ მწვანე მინდორზე გამოჩენისთანავე „სამეფო კლუბის“ გამორჩეულ ფიგურად იქცევა – ჰქმნის მომენტებს, ურტყამს თავადვე მოპოვებულ ჯარიმებს, პირდაპირ საჯარიმო მოედანზე აწვდის აუტებს…

ალბათ სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა მოულოდნელი „ბარსელონასთვის“ მატჩის პირველ ნახევარში, როდესაც „რეალმა“ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ხელთ იგდო ინიციატივა და რამდენიმეჯერ უაღრესად სახიფათოდ შეუტია მეტოქეს.

ბუსკეტსის არყოფნაში „ბარსელონას“ გაუჭირდა ნახევარდაცვაში ბურთის დაუფლება, მაგრამ ამ მხრივ საბოლოოდ მდგომარეობა გამოსწორდა, როდესაც გრიზმანთან ერთად, უკვე მესიმაც დაიწყო უკან ჩამოსვლა და კონტრიერიშების სიღრმიდან დაწყება.

ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში წლის საუკეთესო ფეხბურთელმა მეტოქის სამ ფეხბურთელს აუარა გვერდი და ხორდი ალბა მეკარე კურტუასთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა კატალონიელთა მცველმა საგოლე მომენტი გაანიავა.

იქამდე პიკემ გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან, რასაც უკვე სერხიო რამოსის ანალოგიური ქმედება მოჰყვა. პირველ ტაიმში ტექნიკური თვალსაზრისით ორი ურთულესი შორეული დარტყმა განახორციელა ვალვერდემ.

მასპინძელთა გოლკიპერ ტერ შტეგენს განსაკუთრებული სირთულის ბურთი ამ შეხვედრაში არ მოუგერიებია, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყო. 

პირველმა ტაიმმა თავი ისკოს მიერ ურთულესი პოზიციიდან ბენზემას მისამართით შესრულებული დაფარული გადაცემით დაგვამახსოვრა, თუმცა „ბარსელონას“ კარის დარაჯმა მოახერხა სახიფათო დარტყმის მოგერიება.

„რეალის“ ბელგიელი მეკარე კურტუაც უშეცდომო იყო, თუმცა მისი კარის მიმართულებით დარტყმული ბურთები უფრო ხშირად მიზანს სცდებოდა.

თითქოს ადგილი ჰქონდა ვარანის წინააღმდეგ ლენგლეს მიერ მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე წესების დარღვევასაც, თუმცა ასეთი სადავო ეპიზოდების გარეშე ფეხბურთი არასოდეს დარჩება და როდესაც საათ-ნახევრის განმავლობაში გოლი ვერ გადის, ფეხბურთელებმა ეს არა არდანიშნულ თერთმეტმეტრიანს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

მეორე მხრივ, ვინ დარჩა უკმაყოფილო თავისი თამაშით განვლილ „ელ კლასიკოში“? ან ვინ იგრძნო საკუთარი თავი დამარცხებულად კოლეგის წინაშე – ვალვერდემ თუ ზიდანმა? 

ამას, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ თამაში დაალაგა და სტუმრებს ბეილის ზემოთ ხსენებული ეპიზოდის გარდა, მაინცდამაინც სერიოზული მომენტები აღარ შეუქმნიათ, „რეალმა“ ალბათ უფრო მოწესრიგებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

„ბარსელონას“ თამაში კი იმდენადაა მესიზე აწყობილი, რომ მის გარეშე რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი კატალონიური კლუბისთვის თითქოს წარმოუდგენელია, თუკი მილანის „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში გასვლაზე მოგებულ „უმოტივაციო“ შეხვედრას არ ჩავთვლით…

აქედან გამომდინარე, თითქოს „რეალმა“ „ელ კლასიკოში“ ნაჩვენები თამაშის მიხედვით, უფრო სერიოზული გზავნილი გაუშვა ჩემპიონთა ლიგის მერვედინალში თავისი მოწინააღმდეგის მისამართით, ვიდრე „ბარსელონამ“, რომელსაც „მანჩესტერ სიტისთან“ შედარებით, ერთი შეხედვით უფრო სუსტი მეტოქე ჰყავს.

თუმცა, კატალონიური კლუბი მის ქომაგთა სამწუხაროდ, დღევანდელი თამაშის ხარისხის მიხედვით, თითქოს დიდად არ განსხვავდება იმ გუნდისგან, ჩემპიონთა ლიგას სენსაციურად რომ ეთიშებოდა ხოლმე ან უკანასკნელ ხანს.  

„რეალი“ კი თავის თავს ჯერ კიდევ „ვალენსიას“ წინააღმდეგ შეხვედრაში დაემსგავსა, ოღონდ მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე… 

გოლი მაშინ კუთხურს მოჰყვა – მეტოქის საჯარიმოში ჩასულ გოლკიპერ კურტუას ურთულესი თავური დარტყმა მართალია მისმა კოლეგამ მოიგერია, მაგრამ ყველაზე ადრე ბურთთან ბენზემა აღმოჩნდა, რომელმაც უკანასკნელი გასროლა გოლად აქცია.

როგორ არ გაახსენდეს ამ დროს საფეხბურთო გულშემატკივარს სერხიო რამოსის ასევე უკანასკნელი გამთანაბრებელი გასროლა მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რასაც დამატებით დროში „რეალმა“უკვე სამი უპასუხო გოლი დაამატა?

სწორედ ამ მებრძოლ ხასიათზე უნდა გაამახვილოს მაყურებელმა ყურადღება, რისგანაც შორს იყო შარშანდელი „რეალი“, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „აიაქსი“ ანადგურებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მესის გარეშე დარჩენილ „ბარსელონასთან“ შინ ანგარიშით 1:5 წაგებულ შეხვედრაზე. 

ერთიმეორის წინააღმდეგ კი განვლილ „ელ კლასიკოში“ „ბარსელონამ“ და „რეალმა“უმაღლესი კლასის ფეხბურთი გვიჩვენეს, ოღონდ მაქსიმალური რისკის გარეშე, რასაც ზემოთქმულმა წინასამატჩო ვითარებამ შეუწყო ხელი.

დანარჩენი კი გემოვნების საკითხია. ფეხბურთის მოყვარულთა უდიდესი ნაწილისთვის, ვისთვისაც მთავარი მატჩში გოლების რაოდენობაა, განვლილი  „ელ კლასიკო“ უფერულ და მოსაწყენ თამაშად იქცა, ნაწილი კი სხვაგვარად ფიქრობს, რადგან ორივე გუნდმა მაქსიმალურად ძლიერი თამაში აჩვენა დაცვაში თავ-თავიანთ ლიდერ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ფეხბურთელებთან ერთად…

გასულ კვირას ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრაც აღმოჩნდა „ლევერპულს“ და ბრაზილიის ახლად გაჩემპიონებულ და ლიბერტადორესის თასის მფლობელ „ფლამენგოს“ შორის. 

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე გამორჩეული სახიფათო მომენტით აღინიშნა. თუმცა, „ელ კლასიკოს“ და „რეალი“ – „ბილბაოს“ მსგავსად, თურმე ეს მატჩიც გამოცხადებული 0:0-ების ქრონიკაში უნდა შესულიყო, რადგან ორივე გუნდი უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებულ ყურადღებას საკუთარი კარის უსაფრთხოებას აქცევდა.

საბოლოოდ კი გამარჯვება ფიზიკურად უკეთ მომზადებულმა „ლივერპულმა“ იზეიმა, რომლის დაწოლამაც მეტოქეზე ჯერ კიდევ მატჩის მეორე ნახევარში იმატა. 

შეხვედრის დამატებით დროში მერსისაიდელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რობერტო ფირმინომ მეტოქის საჯარიმო მოედნის ცენტრში სადიო მანესგან იდეალური გადაცემა მიიღო, მცველი და კარიდან წინ გამოსული მეკარე ცრუმოძრაობით განზე გაიტყუა და აუღებელი დარტყმით „ლივერპულს“ კლუბთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შესძინა.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.