წინასწარმეტყველება: რა მოკლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე C ვირუსი?
სტატიას წარმოგიდგენთ:
ავტორი: ჯაბა ზარქუა
შარშან ზაფხულში ინგლისში ვიმყოფებოდი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ზუსტად მახსოვს – მზიანი დღეა. შესვენებაზე ვზივარ ქინგს კოლეჯის ეზოში, მსუბუქად ვსადილობ, ვტკბები გარემოთი და „ფეისბუქზე“ ქართულ ამბებს ვადევნებ თვალ-ყურს, როდესაც ინბოქსში პაციენტის შეშფოთებული წერილი მომდის – „ჯაბა ექიმო, ეს მართალია“? რაღაც საეჭვო საიტზე გადავდივარ, რომლის მსგავსებიც ცრუ-ინფორმაციების გასავრცელებლად და ვიღაცებისა თუ რაღაცების გასაშავებლად იქმნება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში და რომლის საშუალებითაც დაუდასტურებელი ინფორმაციები ელვის სისწრაფით ვრცელდება ხალხში.
უკვე არ მომწონს ეს ამბავი. „სტატიის“ სათაური გვარწმუნებს, რომ C ვირუსის წამალი და ელიმინაციის პროგრამა ადამიანებს კლავს. წყაროდ კი მოყვანილია ერთ-ერთი თურქეთში მომუშავე ქართველი თარჯიმანის ინტერვიუ ყვითელ მედია-საშუალებასთან, რომლის პირადი დაკვირვებითაც, მის კლინიკაში ჩასულ პაციენტებს რომლებსაც ღვიძლის კიბო ჰქონდათ, უმეტესობას მკურნალობა ჩაუტარებია C ვირუსის ელიმინაციის პროექტში.
ეს ქალბატონი, რომლის მოვალეობაც არ გახლავთ დაავადებების მართვა, არამედ მის დამსაქმებელ კლინიკაში ჩასული პაციენტების შუამავლობა ექიმებთან, ენობრივი ბარიერის მოხსნა და სხვადასხვა ტექნიკური დეტალების მოგვარება, ამ მოცემულობით ანტივირუსულ მედიკამენტებს აყენებს სხვადასხვა კანცეროგენური ფაქტორების ნუსხაში და საკითხს დამაინტრიგებლად ღიად ტოვებს. ამ ყვითელი გამოცემის ინტერვიუ „დარგის ექსპერტთან“ გაზიარებული აქვს უამრავ საეჭვო ფეისბუქ-გვერდსა თუ ადამიანს.
სიტყვას სიტყვა ემატება და საბოლოო აზრი კი ისაა, რომ „C-ს წამალი კლავს, ქართველებზე ექსპერიმენტები ტარდება, ძირს ამერიკა, დიდება რუსეთს“. სანამ პაციენტს პასუხს გავცემ, რაღაცნაირად ქურდულად ვიყურები ირგვლივ, მრცხვენია რომ არავინ დაინახოს რა ხდება ჩემს მობილურში, რაღა პორნოგრაფიული მასალა მქონია ჩართული საჯაროდ ტელეფონში და რაღა ეს ინფორმაციული პორნოგრაფია, რომელიც ამ წუთას ჩემს ეკრანზეა. აქ ვხვდები პირველად, რომ C ვირუსზე ბევრად დიდი მკვლელი დაიარება საქართველოში, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დახმარებით გზადაგზა უფრო მოიკრეფს ძალას და რომელსაც ჰქვია – ცრუ-ინფორმაცია, იგივე „ფეიქი“, იგივე დეზინფორმაცია და სხვ.
მოდით, მშრალი პასუხები გავცეთ ამ თემაზე დასმულ სამედიცინო კითხვებს, რომელთა არსებობაც სრულიად ლეგიტიმურია:
კითხვა 1: იწვევს თუ არა C ვირუსის სამკურნალო საშუალებები ღვიძლის (ან სხვა ორგანოების) კიბოს?
პასუხი: არა.
კითხვა 2: შესაძლებელია თუ არა ღვიძლის კიბოს განვითარება C ვირუსის მკურნალობის შემდეგ?
პასუხი: დიახ. მეტიც – არათუ მკურნალობის შემდეგ, არამედ მკურნალობის დროსაც შესაძლებელია.
კითხვა 3: თუ წამალი არ იწვევს, მაშ რამ შეიძლება გამოიწვიოს ანტივირუსული მკურნალობის შემდეგ და მით უმეტეს – მკურნალობის დროს, ღვიძლის კიბოს განვითარება?
პასუხი: ღვიძლის მძიმე დაზიანებამ – ციროზმა.
კითხვა 4: ციროზი სხვაა და C ვირუსი სხვა? C ვირუსის მკურნალობა არ ნიშნავს ციროზის მკურნალობას?
პასუხი: დიახ, ციროზი სხვაა და C ვირუსი – სხვა. არა, C ვირუსის მკურნალობა არ ნიშნავს ციროზის მკურნალობას. C ჰეპატიტი არის ერთ-ერთი დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე სტრუქტურული დაზიანება – ღვიძლის ციროზი. თუ ეს ასე მოხდა, C ვირუსის დამარცხება დიდი საქმეა რათა უკვე მძიმედ დაზიანებული ღვიძლი კიდევ უფრო არ დაზიანდეს, თუმცა სამწუხაროდ რაც დაზიანდა ის ვეღარ აღდგება და ღვიძლის ციროზი დარჩება ღვიძლის ციროზად. ღვიძლის ციროზის არსებობამ კი შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კიბო, სამწუხაროდ. ეს შეიძლება მოხდეს როგორც C ვირუსის მკურნალობამდე, ასევე მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ, C ვირუსის მკურნალობისგან დამოუკიდებლად! მეტიც – სამეცნიერო კვლევების მიხედვით, C ვირუსის მკურნალობა, უკვე მძიმედ დაზიანებული ღვიძლის შემთხვევაშიც კი, არათუ ზრდის, არამედ მცირეოდენ ამცირებს კიდეც ღვიძლის კიბოს განვითარების ალბათობას.
ამ მარტივ მოცემულობებში გარკვევას არც ისე განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობები სჭირდება, ცოტა რამაა საჭირო მხოლოდ – სწორად დასმული კითხვები და სწორად შერჩეული ადამიანები მათზე პასუხების გასაცემად. მეტი ინტერესის შემთხვევაში კი – სწორად შერჩეული პროფესიული ლიტერატურა.
სამწუხაროა, რომ ცრუ-ინფორმაცია, ე.წ. „ფეიქი“ გამოირჩევა ერთი თვისებით – ზებგერითი სიჩქარით ვრცელდება და მის გაქარწყლებას შემდგომ დიდი შრომა სჭირდება. ლამის ყველა ლოკალურმა ექსპერტმა გააკეთა კომენტარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის სახელით გავრცელდა საგანგებო მიმართვა სანდო წყაროების მიმოხილვით. სამთავრობო უწყებებმა დაიწყეს პაციენტების დამშვიდება. 3-4 მედია საშუალება მარტო მე მახსოვს, ვინც უცხო ქვეყანაში მყოფს სასწრაფოდ ჩამომართვა კომენტარი ამ „სკანდალის“ შესახებ. ექიმი არ დარჩენლა, ვინც ამაზე რამე არ თქვა საჯაროდ და ეს ყველაფერი რის გამო? იმიტომ, რომ ერთ-ერთმა ქართველმა თარჯიმანმა ნებსით თუ უნებლიედ სიტყვები ვერ მოზომა და აზრი ვერ დაატანა სათქმელს?
კიდევ სხვა თემაცაა – განა რატომ უნდა გამხდარიყო არაპროფესიონალის პროფანული მარჩიელობები ფართო განხილვის საგანი? მაგალითად, ახლა მე რომ ვთქვა ჩემი ინფორმაციით იუპიტერი ფეთქდება და სამყაროს განადგურებას უქადისთქო, განა რატომ უნდა დამიჯეროს ვინმემ დაუფიქრებლად? ალბათ იმიტომ, რომ ცრუ-ინფორმაციები კიდევ ერთი თავისებურებით გამოირჩევიან – გარდა იმისა რომ ზებგერითი სიჩქარით ვრცელდებიან, აუცილებლად ატარებენ ნეგატიურ ხასიათსაც. აბა სცადეთ და მარტივად გაავრცელეთ რომ C ვირუსის წამალი კიბოს კურნავს, განწირული იქნებით წარუმატებლობისთვის.
და ბოლოს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – იფხიზლეთ, რამეთუ „ფეიქი“ უფრო მეტს მოკლავს, ვიდრე თავად დაავადება, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.
9,401 total views, 1 views today