როგორ ამოვიცნოთ და ვმართოთ სუიციდის სურვილი მოზარდებში – რჩევები პროფესორ მინდია გაბიჩვაძისგან
სუიციდი თინეიჯერების სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ის მუდმივად ხვდება პირველ სამ მიზეზს შორის.
ზოგადად თვითმკვლელობის სურვილი ფსიქიკური თუ ემოციური აშლილობის ერთ-ერთ სიმპტომად მიიჩნევა. თუმცა რა თავისებურებებით ხასიათდება ის მოზარდებში და როგორია ამ დროს უფროსების როლი – რა მთავარ შეცდომებს ვუშვებთ და რა უნდა გავაკეთოთ პრობლემის დასაძლევად, ამ თემაზე კლინიკურ ფსიქოლოგს, პეპერდაინის უნივერსიტეტის (კალიფორნია) პროფესორს, მინდია გაბიჩვაძეს ვესაუბრეთ.
იმისთვის, რომ სუიციდის პრობლემა მოზარდების პერპექტივაში გავაანალიზოთ, პირველ რიგში, უნდა ვიცნობდეთ გარდატეხის ასაკის თავისებურებებს და ვიცოდეთ, რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს მათში.
რა უნდა ვიცოდეთ გარდატეხის ასაკის თავისებურებებზე:
- მოზარდი გარდატეხის ასაკში განიცდის ძალიან დიდ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ ცვლილებებს.
- მათ ძალიან უჭირთ ემოციების რეგულირება.
- მათ ჰგონიათ, რომ უფროსებს მათი არ ესმით.
- მათთვის ძალიან ძნელია სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება.
- ამ ასაკში მოზარდისთვის უპირველესი ავტორიტეტი და მოკავშირე ხდება მისი თანატოლი.
- გარდატეხის ასაკში ბუნებრივია ქცევის ცვლილება.
თუმცა ამ დროს უფროსების მთავარი ამოცანა სწორედ ისაა, რომ გაარჩიონ – მოზარდის ქცევა უბრალოდ გარდატეხის ასაკისთვის თანმდევი პროცესია, თუ საქმე აქვთ რაღაც უფრო მეტთან, რაც შემდეგში შეიძლება გახდეს სუიციდის წინაპირობა. კვლევების თანახმად, იმ მოზარდების 75%, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ამ ქმედებამდე ავლენდა ერთ ნიშანს მაინც, რომელიც მათ ამ გადაწყვეტილებაზე მიუთითებდა.
სუიციდის წინაპირობის ნიშნები შეიძლება იყოს:
- თავის თავში ჩაკეტვა
- ჭამისა და ძილის ჩვევების ცვლილება
- ხშირი მოწყენილობა
- ოჯახის, მეგობრებისა და სოციალური აქტივობებისგან ჩამოშორება
- ფიზიკური ჩივილები, რომელიც შეიძლება ემოციებთან იყოს კავშირში. მაგალითად, მუცლის, თავის ხშირი ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა.
- სკოლაში სწავლის ხარისხის დაქვეითება
- უიმედოდ ყოფნა
- ფიქრი სიკვდილზე
- ფრაზები: „ნეტავ, მოვკვდე!“, „აღარ ვიქნები შენთვის პრობლემა.“
როგორც აღვნიშნეთ, სუიციდი ფსიქიკური ან ემოციური აშლილობის შედეგია. ასეთ ქმედებას, როგორც წესი, არ აქვს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზი. ამ გადაწყვეტილებას ძირითადად წინ დიდი და კომპლექსური ფონი უძღვის. თუმცა ასეთი ფონის არსებობის შემთხვევაში უკვე შესაძლებელია, რომ საბაბად რაიმე კონკრეტულიც იქცეს.
სუიციდური გრძნობების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს:
- სტრესი
- საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა
- იმედგაცრუება
- ახლობელი ადამიანის დაკარგვა
- ძალადობა, ბულინგი
- უიმედოდ ყოფნის განცდა
- თავის უარყოფილად გრძნობა
იმის გამო, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდატეხის ასაკში მოზარდებს ძალიან უჭირთ სტრესული სიტუაციებისთვის თავის გართმევა, ზოგ შემთხვევაში სუიციდი შესაძლოა მათთვის ჩანდეს როგორც გამოსავალი ამ ყველაფრიდან.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სუიციდის სურვილი მართვადია. თუმცა ასეთ დროს ძალიან ბევრია დამოკიდებული მოზარდის გარშემო მყოფ უფროსებზე, რომელთაც შეუძლიათ როგორც შეამსუბუქონ და დაეხმარონ მის დაძლევაში, ასევე გაუმძაფრონ (რა თქმა უნდა, უნებლიეთ) ამ გადაწყვეტილების მიღების სურვილი. მეორე ვერსიის თავიდან ასაცილებლად უნდა ვიცოდეთ გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც უფროსები მოზარდებთან უშვებენ ხოლმე.
რა არ უნდა გავაკეთოთ:
- არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია და გაუვლის.
- არ უნდა გვქონდეს შეფასებითი დამოკიდებულება მოზარდის მიმართ.
- არ უნდა ჩავუხშოთ ემოციები და მათი გამოხატვის საშუალება, როგორი მძაფრიც არ უნდა იყოს ის.
- არ უნდა შევადაროთ სხვებს. („ჩემს მეგობრებს რატომ უნდა ჰყავდეთ ნორმალური შვილები და მე შენნაირი“, „არ შეიძლება შენც სხვებივით იქცეოდე?“, „იმის შვილი ასე სწავლობს, ასე იქცევა…“ და ა.შ. სავარაუდოდ, ყველა მოზარდისთვის და შესაბამისად, მშობლისთვის ნაცნობი ფრაზებია)
- არ დავაკნინოთ მისი პრობლემები („უფ, ნეტავ, შენი პრობლემები მომცა“, „მაგას ეძახი შენ პრობლემას?“)
- არ უნდა ვიყოთ მუდმივად ჭკუის სწავლებისა და კონკტროლის რეჟიმში.
- არ უნდა ვიყოთ ინდიფერენტულები მისი და მისი პრობლემების მიმართ.
- არ უნდა ვაძაგოთ მისი მეგობრები. (როგორც აღვნიშნეთ, ამ ასაკში მათთვის მთავარი ავტორიტეტი სწორედ მეგობარია)
ამ ძირითად შეცდომებს თუ არ გავიმეორებთ, მინიმუმ არ გავამძაფრებთ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც შეიძლება მოზარდს სუიციდური ფიქრები გაუჩნდეს. თუმცა უფროსებს თავიანთი სწორი ქმედებებით კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ – დაეხმარონ მოზარდს პრობლემებთან გამკლავებასა და თვითმკვლელობის სურვილის (მისი არსებობის შემთხვევაში) დაძლევაში.
როგორ უნდა დავეხმაროთ:
- იყავით ყურადღებით, რომ არ გამოგეპაროთ, რა მესიჯებს გიგზავნით მოზარდი თავისი ქცევით. (ის ნებით თუ უნებლიეთ ყოველთვის გიტოვებთ თავის მესიჯებს)
- კარგად უნდა იცნობდნეთ მას, რომ შეძლოთ გარჩევა მისი ქცევა ჯდება გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ თავისებურებებში, თუ სცდება მის ჩარჩოებს.
- მიეცით საშუალება, გამოხატოს თავისი ემოციები.
იხელმძღვანელეთ 3 მოსმენის პრინციპით:
- მოუსმინეთ, რას გეუბნებათ.
- მოუსმინეთ და ამოიცანით, თქვენთვის რისი თქმა უნდა ამით.
- მოუსმინეთ, თქვენგან რა უნდა.
ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა ეს სამი რამ ერთი და იგივე იყოს, თუმცა ხშირად ის, თუ რას ამბობს მოზარდი, სინამდვილეში რისი თქმა უნდა და საპასუხოდ ჩვენგან რას ელის – სხვადასხვაა ხოლმე.
- მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. იცოდეს, რომ ყველანაირი გიყვართ.
- ჰკითხეთ, ხომ არ სჭირდება თქვენი დახმარება.
- დასვით კითხვა: რა შემიძლია მე შენთვის გავაკეთო? რა გინდა, რომ მე შენთვის გავაკეთო?
- ჰკითხეთ პირდაპირ, ხომ არ ფიქრობს სუიციდზე ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე?
ბევრს ამ კითხვის და საერთოდ ამ თემაზე საუბრის ეშინია. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ადამიანს სულაც არ უფიქრია სუიციდზე და თქვენ კი ასეთი კითხვით პირდაპირ ამის იდეას აწვდით. თუმცა ბოლოდროინდელი კვლევებით დადასტურდა, რომ ეს აზრი მცდარია. ადამიანს, რომელსაც თვითმკვლელობაზე ფიქრი თქვენ გარეშე არ გასჩენია, თქვენი კითხვით მას ვერ გაუჩენთ. სამაგიეროდ, იმ ადამიანს, ვისაც ასეთი ფიქრები აწუხებს, ძალიან დაეხმარებით. რადგან ყველაზე მთავარი ასეთ დროს საუბრის დაწყებაა. არ შეგეშინდეთ, რომ რამეს ისე სწორად ვერ იტყვით. მთავარია ესაუბროთ. ამ დროს ადამიანს ყველაზე მეტად სწორედ მარტოობისა და იზოლირებულობის განცდა აქვს. ამიტომ ვინმესთან საუბარი და პრობლემის გადაჭრის სხვა გზების დანახვა მისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ფიქრების დაძლევისთვის.
- აუხსენით მოზარდს, რომ არსებობს სპეციალისტი, რომელიც მის დახმარებას შეძლებს და მიმართეთ ფსიქოლოგს.
ეს რაც შეეხება პრევენციას. თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ როგორც ვიქცევით პოსტფაქტუმ, ანუ მას შემდეგ, რაც ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა. ამ დროსაც სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, მოხდება სხვის მიერ იმავე ქმედების განმეორების პრევენცია თუ პირიქით, წახალისება.
როგორ არ უნდა მოვიქცეთ ასეთი ფაქტის გაგების შემდეგ:
- არ უნდა მოვახდინოთ ფაქტის ან პერსონის რომანტიზება.
- არ გავავრცელოთ ამ ადამიანის ფოტოები.
- არ წარმოვაჩინოთ ეს ქმედება, როგორც გამოსავალი.
- არ წარმოვაჩინოთ ეს ადამიანი მისი თანატოლების თვალში გმირად სწორედ ამ საქციელის გამო. რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი მიბაძვის სურვილი და შესაბამისად, ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ცნობილია, როგორც ვერთერის ეფექტი.