fbpx

What happens next? – 25 დეკემბერს თბილისში მესამედ გაიმართება არასაქველმოქმედო აუქციონი


გააზიარე სტატია

 


ავტორი: ნინი დარჩია

 

Not a charity auction თბილისში ერთადერთი არასაქველმოქმედო აუქციონია, რომელიც 25 დეკემბერს მესამედ გაიმართება სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში და Garden Hall-ში.

აუქციონის  ორგანიზატორები VAADS-ის სკოლის კურსდამთავრებულები ტასა ახვლედიანი, თიკა შელია, სალომე ფოცხვერაშვილი და ანო ჯიშკარიანი არიან. გთავაზობთ ინტერვიუს ორგანიზატორებთან.

 

 

მოგვიყევით აუქციონის შესახებ, რომელიც 25 დეკემბერს უკვე მესამედ გაიმართება

არასაქველმოქმედო აუქციონი წელს მესამედ იმართება. ჩვენი აუქციონი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ხელოვნების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაციას. მიგვაჩნია, რომ აუქციონი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, განსაკუთრებით ქართული სახელოვნებო სივრცისთვის, რომელიც ისედაც განიცდის ინსტიტუციების სიმცირეს.

რა არის აუქციონის მიზანი?

აუქციონის ფორმის არსებობა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ საქართველოში ხელოვნების ნიმუშები  უფრო მეტად გაიყიდოს და ხელოვანი დაფასდეს საკუთარი პროფესიით. მით უმეტეს ამ დამოკიდებულების ცვლილება აუცილებელია ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ  პირველი ნაბიჯების გადადგმას პროფესიული განვითარებისკენ.

რით განსხვავდება წლევანდელი აუქციონი წინა აუქციონებისგან და რა კონცეფცია აქვს?

ყოველ წელს აუქციონს აქვს გარკვეული თემა. გასულ წელს აქცენტი გავაკეთეთ ქართველ ხელოვან ქალებზე. საქართველოში, რადგან უმრავლესობას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ქართული თანამედროვე ხელოვნების მიმართ, წელს გადავწყვიტეთ, შარშანდელი დაკვირვებიდან გამომდინარე,  აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ ნამუშევრებზე, რომლებიც ბევრისთვის გაუგებარი ან მიუღებელია, მაგრამ მსგავსი მასალის თუ სტილის ნამუშევრები მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების ნაწილია. ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახვოთ, რომ თანამედროვე ხელოვნება აღარ არის მხოლოდ კლასიკური მხატვრობა ან ქანდაკება,  შეიძლება ზუსტად იგივე ღირებულება ჰქონდეს კონტექსტ დაკარგულ ყოველდღიურ ნივთებსა და არატრადიციულ მასალაში შესრულებულ ნამუშევრებს.

როგორ არჩევთ არტისტებს და შემდეგ ნამუშევრებს?

აუქციონს კურატორობას თავად ვუწევთ. წლევანდელი თემიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ნამუშევრები ყოფილიყო ნაკლებად ტრადიციულ მედიუმში შესრულებული, იქნება ეს ჯაჭვით ნაქსოვი ჰალსტუხი, ცვილის რელიეფი თუ ფეხსაცმელი, რომელიც ობიექტად არის წარმოდგენილი.  ასევე წარმოდგენილი იქნება ტილოზე შესრულებული ნამუშევრები, რომლებსაც ციფრული ესთეტიკის გავლენა აქვს. 

როგორ უნდა დაესწრონ ადამიანები აუქციონს? ნებისმიერ დამსწრეს შეუძლია აუქციონში მონაწილეობა?

აუქციონზე დასწრება თავისუფალია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს 25 დეკემბერს, 20:00 საათიდან, დაათვალიეროს ექსპოზიცია და ნამუშევრების ყიდვის სურვილის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ადგილზე. ასევე შესაძლებელია სასურველი ნამუშევრის კატალოგიდან შერჩევისას წინასწარი რეგისტრაციის გავლა და ტელეფონით აუქციონის პროცესში მონაწილეობის მიღება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.