fbpx

საბჭოთა ეპოქაში დანგრეული მართლმადიდებლური ტაძრები


გააზიარე სტატია

 

მოცემული ფოტოები და მათი აღწერილობა სერიად შეკრა და გამოაქვეყნა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ

ფოტოსერია ასახავს საბჭოთა ეპოქაში თბილისში განადგურებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს: 

 

#1. ალ. ნეველის (1918 წლიდან წმ. გიორგის) სამხედრო ტაძარი 

წმ. ალექსანდრე ნეველის, 1918 წლიდან კი წმ. გიორგის სახელობის სამხედრო ტაძარი, აშენდა 1891-1896 წლებში, დანგრეულ იქნა 1930 წელს. მის ადგილზე აშენდა მთავრობის სასახლე, დღევანდელი საქართველოს პარლამენტის შენობის წინა ფასადი.

 

#2. წმ. ნიკოლოზის სამხედრო ტაძარი 

წმ. ნიკოლოზის სამხედრო ტაძარი ალექსანდრეს ბაღში (რუს.: Николаевскій военный соборъ — въ Александровскомъ саду ) აშენდა მე-19 საუკუნეში, დაანგრია საბჭოთა ხელისუფლებამ.

 

#3. კალოუბნის წმ. გიორგის (ღვთისმშობლის) ტაძარი

კალოუბნის წმ. გიორგის (შემდგოში ღვთისმშობლისად წოდებული) ეკლესია. ძველი ტაძრის ადგილზე აგებული 1850 წელს, დაანგრიეს 1930 წელს.

ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი წერს, რომ კალოუბნის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია  ვინ და როდის ააშენა, უცნობია, მაგრამ ის ერთ-ერთი ძველი ტაძარია თბილისში. ხუროთმოძღვრების ეს ძველი ნიმუში დაქცეულა 1850 წ. და მის ნანგრევებზე დეკ. იოსებ ნამორაძის გულმოდგინებით აშენდა უფრო მოზრდილი შენობა. თბილისის სინოდალური კანტორის მასალების მიხედვით, კალოუბნის ეკლესია მე-16 საუკუნეში ააგეს. 1830 წ. წმ. გიორგის ეკლესიის კალოუბნის 1) ეკლესია  აშენებულა 1518 წ. ამ ეკლესიაში მომსახურე მღვდელმსახურთა წინაპრების შრომითა და საკუთარი ხარჯით; 2) საეკლესიო კრებული, მისი შტატით დადგინებული, 1818 წ. შედგება ერთი მღვდლისa და ერთი მედავითნისაგან. კალოუბნის ეკლესიასთან არსებობდა საეკლესიო სკოლა (სამრევლო სკოლა), რომელიც დაწყებითი, საბაზო განათლებას აძლევდა თბილისელ მოზარდებს. იგი დაიხურა 1820 წელს. კალოუბნის ტაძარის ეზოში არსებულ სასაფლაოზე იყო დაკრძალული ცნობილი ქართველი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე დავით გიორგის ძე ერისთავი (1847–1890), რომელიც 1930 წელს ტაძრის დანგრევის და სასაფლაოს განადგურების გამო გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში. ნეშტთან ერთად გადატანილი იქნა მისი საფლავის მარმარილოს დიდებული ქანდაკებაც, რომელზედაც აკაკის წერეთლის გამოსათხოვარი სიტყვებია ამოტვიფრული. ამ ტაძრის ადგილზე დღეს  კინოთეატრი “რუსთაველი” დგას. 

 

 

 

#4. ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძარი 

ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძარი, რომლის ირგვლივ იყო ვერის მართლმადიდებელთა სასაფლაო, მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი და სასაფლაო განადგურდა კომუნისტური ხელისუფლების მიერ 1930-იან წლებში. ამ სასაფლაოზე ბევრი გამორჩეული პიროვნება იყო დაკრძალული, მათ შორის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის მეუღლე და შვილები. დღეს აქ ვერის ბაღია.

 

#5. სოლოლაკის ამაღლების ტაძარი

სოლოლაკის ამაღლების ეკლესია (Сололакская Спасо Вознесенская — Вознесенская ул.), რომელიც პლატონ იოსელიანმა 1851 წელს ააგო საკუთარი ხარჯით და იქვე იყო დაკრძალული, სანამ დიდუბის პანთეონში გადაასვენებდნენ, ამაღლების ქუჩის დასასრულში. ეკლესია 1890-იან წლებში გააფართოეს. იგი  ბოლშევიკებმა დაანგრიეს, ხოლო პლატონ იოსელიანის ნეშტი და საფლავის ქვა დიდუბეში გადაიტანეს. ვრცლად ამ ტაძრის ისტორიას იხილავთ აქ, მღვდელ სტეფანე ბაიდოშვილის სტატიაში http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/82246/1/Iveria_1902_N123.pdf

ფოტო და სტატია მომაწოდა ქალბატონმა Nana Kobaladze-მ, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ.

 

#6. ხარფუხის წმ. ეკატერინეს ტაძარი

წინა პლანზე: თბილისის წმიდა ეკატერინეს ეკლესია აბანოთუბანში ფეოდალურ ხანაში აიგო, ზუსტი დრო უცნობია, იგი სინას მთის წმიდა ეკატერინეს ცნობილი მონასტრის მეტოქიონი, ანუ მონაცვლე (ფილიალი) მონასტერი იყო თბილისში.  მონასტერი თბილისთან ერთად მიწასთან გაასწორა 1795 წელს შემოსეულმა აღა-მახმად-ხანის ლაშქარმა. სინას მთის არქიმანდრიტმა, იოსებმა 1861 წელს ტაძრის „თბილისური ტყუპისცალი“ ლამაზ ტაძრად აღადგენინა. ტაძარი 1866 წელს იკურთხა და სამონასტრო ცხოვრებას 1905 წლამდე განაგრძობდა. ამ წელს კი გაურკვეველი მიზეზით გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა მონასტრის გარკვეული ტერიტორია, ტაძარი კი გადარჩა. მონასტრის დამწვარი ტერიტორიის აღდგენაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, როცა ათეისტური საბჭოთა ეპოქის დასაწყისში საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას, სხვა მრავალ ტაძართან ერთად, ესეც ჩამოართვეს, დაარბიეს, ტაძარი დაანგრიეს და მისი ტერიტორია საცხოვრებელ შენობად აქციეს, გახსნეს სხვადასხვა დაწესებულებები.

 

#7. ღვთისმშობლის საფარველის სახ. პირველი მისიონერული ეკლესია

პირველი მისიონერული ეკლესია ღვთისმშობლის საფარველის სახელობისა (1-я Миссионерская Покровская — Ул. 19 февраля), დროებითი ეკლესია, რომლის ადგილზეც შემდეგში აიგო ახალი ტაძრის შენობა, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს. მდებარეობდა რიყის ტერიტორიის სიახლოვეს.

 

#8. წმ. ალ. ნეველის სახ. სამლოცველო ალექსანდრეს ბაღში

წინა პლანზე: ალექსანდრეს ბაღის წმ. ალ. ნეველის სახ. სამლოცველო. დაანგრია საბჭოთა ხელისუფლებამ. ამ ადგილზე დღეს გ. ლეონიძის ძეგლი დგას.

უკანა პლანზე: სამხედრო ტაძარი და ქაშვეთის ძველი ეკლესია;

ფოტო მე-19 – მე-20 საუკუნეების მიჯნა.

 

ფოტოების არქონის გამო ამ ალბომში ჯერჯერობით ვერ მოხვდა საბჭოთა ხანაში განადგურებული თბილისის 3 მართლმადიდებლური ტაძრის

  1. კუკიის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის (Кукійская Іоанно Крестительская — Уг. Батарейной и Сурамск. ул.– დღევანდელი სურამის და ფოცხვერაშვილის ქუჩების კვეთაზე), 
  2. გუბერსკის ციხის წმ. გიორგის ეკლესიის (Свято-Георгіевская — при Губернской тюрьме), 
  3. ორბელიანთა კარის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ფოტოები

მათ გარდა იყო ორ ათეულამდე კარის ეკლესია (სამხედრო დანაყოფების, საავადმყოფოების, სასწავლებლების და სხვა დაწესებულებების, რომელთა უმეტესობა შესაბამისი შენობების ოთახებში იყო მოწყობილი, ზოგი შენობა სრულად განადგურდა, ზოგი კი შემორჩა, მაგრამ სამწირველოთა კვალი უმეტეს ადგილას წაშლილია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.