რატომ ყიდულობს მერია ახალ მიკროავტობუსებს და რა პრობლემები აქვს კერძო სატრანსპორტო კომპანიას?
თბილისის მერია ქალაქში ახალი მიკროავტობუსების შემოყვანას აპირებს, მაგრამ ისინი კერძო კომპანიის, “თბილისის მიკროავტობუსის” მართვაში დარჩება. ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ კომპანია ამჟამად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტი აფინანსებს ახალი მიკროავტობუსების შეძენას, მაგრამ სამომავლოდ კომპანია მერიისგან გამოისყიდის ავტობუსებს და საკუთარ ავტოპარკსაც განაახლებს. ქალაქის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას ტარიფები არ გაეზრდება.
ამ საკითხზე ჩვენ ტრანსპორტირების ექსპერტსა და “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელს, გიორგი ბაბუნაშვილს ვესაუბრეთ.
რა პრობლემები აქვს დღესდღეობით “თბილისის მიკროავტობუსის” მმართველ კერძო კომპანიას?
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს კომპანია კერძო მფლობელობაშია და კერძო მფლობელობაში მყოფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ისე გამართულად ვერ მუშაობს, როგორც სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიები. კერძოდ, ეს გულისხმობს, რომ კომპანია ცდილობს მაქსიმალური მოგების მიღებას მინიმალური ხარისხის მომსახურების შეთავაზების ხარჯზე და შესაბამისად, ყველა ის პრობლემა, რაც ამ კომპანიის მომსახურებას აქვს, გამომდინარეობს სწორედ ამ ფაქტიდან. ეს პრობლემებია: ფეხზე მდგომი მგზავრები, კონდიციონერის გამორთვა, დიდი ინტერვალები, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და ა.შ.
შეცვლის თუ არა რაიმეს მერიის ახალი გადაწყვეტილება?
რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის შესახებ საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი – მიუხედავად იმისა, რომ გვექნება ახალი მიკროავტობუსები, სერვისი დარჩება იგივე, თუ კომპანია მიდგომას არ შეცვლის. გაუგებარია, რატომ გადასცემს მერია მიკროავტობუსებს კერძო კომპანიას, რადგან, მთავარი პრობლემა გამომდინარეობს არა იქიდან, რომ მიკროავტობუსები ძველია, არამედ თავად კომპანიის დამოკიდებულებიდან.
შესაძლებელია თუ არა დღევანდელ მოცემულობაში მიკროავტობუსების მთლიანად ჩანაცვლება სხვა, უფრო მისაღები ტრანსპორტით?
ქალაქში არსებული ყვითელი მიკროავტობუსები რეალურად სატვირთო ფურგონებია, რომლებიც ადაპტირებულია მგზავრების გადასაყვანად, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ჩვენ გვესაჭიროება ისეთი მიკროავტობუსები, რომლებსაც ექნებათ ორი კარი: შესასვლელი და გამოსასვლელი, ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, არ ექნება შესასვლელზე საფეხურები, კარები ავტომატურად გაიღება და რაც მთავარია – მგზავრებს ფეხზე დგომა არ მოუწევთ.
თქვენი ინფორმაციით, როგორია “სისტრას” მიდგომა მიკროავტობუსებთან მიმართებაში (როგორც ცნობილია, ეს კომპანია ამზადებს ქალაქის სატრანსპორტო განვითარების სამომავლო გეგმას)?
“სისტრას” მიდგომა არის ის, რომ პატარა გაბარიტის ავტობუსებს უნდა დარჩეს თავისი ფუნქცია ვიწრო ქუჩებსა და ისეთ მარშრუტებზე, სადაც მგზავრთა ნაკადი დაბალია. ამ მიკროავტობუსებს გადაჰყავთ ადამიანები მხოლოდ უბნიდან ძირითად სატრანსპორტო კვანძებამდე. გაუქმდება ისეთი მიკროავტობუსები, რომლებიც დიდ მანძილს გადიოდნენ მთელი ქალაქის მასშტაბით. “სისტრას” სურს, რომ მგზავრებმა მიკროავტობუსებშიც ისარგებლონ იმ საათნახევრიანი შეღავათით, რაც დღეს მეტროსა და ავტობუსებში არსებობს – მთავარი პრინციპი არის ის, რომ გადაჯდომისას ადამიანებს აღარ მოუწევს გადახდა.