fbpx

“კარგი ფოტო შეიძლება ჩაიდანითაც გადაიღო” – ინტერვიუ ნათელა გრიგალაშვილთან


გააზიარე სტატია


ავტორი: ანი ქისტაური

 

ერთხელ მაინც თუ ნახავთ ნათელა გრიგალაშვილის ფოტოებს, სამუდამოდ აღგებეჭდებათ გონებაში ნისლით, ჰაერით გაჯერებული მხატვრული კადრები, რომელთაგანაც თითოეული სხვადასხვა ამბავს გვიყვება – შეიძლება ზოგიერთს ბავშვობა, ახალმოწველილი ქაფქაფა რძისა და დაცვარული სათიბის სუნიც კი გაგვახსენოს, დაგვანახვოს, სინამდვილეში, როგორი გამჭოლი, მრავლისთქმელი და მშვენიერი შეიძლება იყოს უბრალო ყოველდღიურობა, თითქოს არაფრით გამორჩეული ყოფითი სცენები, რომელიც, ერთი შეხედვით, ჩვენ ზოგჯერ მომაბეზრებლადაც კი გვეჩვენება ხოლმე.



თქვენი ფოტოები გამოირჩევა იმით, რომ მიუხედავად იმისა, ვინ ან რა არის გამოსახული მათზე, ისინი ერთნაირად მეტყველია. როგორ ანიჭებთ  ჩვეულებრივ ყოფით სცენებს სულიერებას?

არსებობს ასეთი ნათქვამი, რომ ფოტოში 50% არის ფოტოგრაფი. მე ვერ გეტყვით, რას ხედავენ სხვა ადამიანები ჩემს ფოტოებზე, სხვის  ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი ნახატები გასულიერებულია, ეს ძალიან მახარებს. ხანდახან ისეთ რაღაცებს მეუბნებიან, რაზეც მე არც მიფიქრია. 

 



თქვენი პირველი ფოტოაპარატის ისტორია…

პირველი ფოტოაპარატი “სმენა”  მეგობარმა მაჩუქა. ეს იყო ძალიან უბრალო, საბჭოთა  აპარატი და ამით დავიწყე გადაღება.



როდის მიხვდით, რომ ეს საქმე იყო ის, რაც უნდა გეკეთებინათ?

ყოველთვის მინდოდა კინოოპერატორობა და ამიტომ გადავწყვიტე მესწავლა ფოტოგრაფია. ვიცოდი, იქ რომ ჩამებარებინა, საჭირო იყო, მცოდნოდა ფოტოგრაფია. სწავლა დავიწყე, მაგრამ ვერ შევძელი გაგრძელება, იმიტომ რომ დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, თავი რაღაცით უნდა მერჩინა. მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი ყველაფერს ერთად. შემდეგ დავრჩი ფოტოგრაფიაში და ძალიან ბედნიერიც ვარ, რადგან ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვა, ფოტოგრაფიაში იყო. დღევანდელი გადასახედიდანაც ვფიქრობ, რომ მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთე. ახლა ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა ფოტოგრაფიის გარეშე.

 


თავდაპირველად ფოტორეპორტიორი იყავით. 90-იან წლებში როგორი იყო დამოკიდებულება ქალი ფოტოგრაფების მიმართ?

თავიდან დამოუკიდებლად დავიწყე ფოტოგრაფიის სწავლა, მერე კი ვსწავლობდი კოლეჯის ტიპის სასწავლებელში, სადაც ფოტოგრაფობას, კერვას, მეწაღეობას ასწავლიდნენ. ჯგუფში  25 სტუდენტი ვიყავით, აქედან 24 იყო ბიჭი და მე ვიყავი მარტო გოგო. სწავლის დამთავრებისთანავე გაზეთ “დვრიტაში” დავიწყე მუშაობა. იმ დროს ყველას უკვირდა და უფრო მეტიც, სამარცხვინოდაც კი ითვლებოდა, რომ ქალი ფოტოაპარატით დადიოდა და იღებდა. 

 

ბევრი წინააღმდეგობა მხვდებოდა, მაგრამ ძალიან პატარამ დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. თუ ვინმე ჩაერია ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი შეეშალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დაბრკოლებები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ გავძლიერებულიყავი. არაფერი არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში უმიზეზოდ, ყველა დაბრკოლება გვაძლიერებს. 

ქალი ფოტოგრაფი იმ  დროს ძალიან უჩვეულო იყო. როდესაც გადასაღებად მივდიოდი, მეკითხებოდნენ, ფოტოგრაფი სად არის? ვპასუხობდი, რომ მე ვიყავი ფოტოგრაფი და უკვირდათ – ვიღაც ულვაშებიან კაცს ველოდითო. მახსოვს, ერთხელ მითხრეს: თქვენ ახლა კი დროებით ხართ ფოტოგრაფი, მაგრამ მერე რას აპირებთ? 

სინამდვილეში, როცა ვამბობ, რომ ფოტოგრაფი ვარ, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და ყოველთვის მიკვირდა, რატომ წუხდა ხალხი ჩემ ნაცვლად. ჩემთვის ფოტოგრაფია ყველაფერია, პირველ რიგში – თავშესაფარი, ის, რაც მაძლებინებს და ძალას მაძლევს. 

რის მიხედვით არჩევთ ადგილს ფოტოპროექტისთვის?

ვირჩევ ადგილს, სადაც რაღაცას ვპოულობ, იქ მცხოვრებლებთან  რაღაც ძაფი მაკავშირებს. მიყვარს ადგილები, სადაც ადამიანები ახლოს არიან ბუნებასთან. შეიძლება, ამის მიზეზი ისიცაა, რომ მე სოფელში დავიბადე და გავიზარდე და მგონია, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი. 

 

მაგალითად, მაღალმთიანი აჭარა თითქოს დაკონსერვებული სივრცეა, რომელმაც შეინარჩუნა ადათ-წესები, ადამიანებს შორის სხვა ურთიერთობები არსებობს, რაც ბარში მცხოვრებლებმა დავკარგეთ. კარგ ფოტოგრაფიას ისტორიის შენახვა შეუძლია. ფოტო ობიექტური მასალაა და ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად შეუძლია მოჰყვეს, როგორები იყვნენ ადამიანები. თუნდაც ჩაცმულობით ან ჯდომის მანერით იგრძნობა განწყობა, თუ როგორი იყო იმ დროს ცხოვრება. 

ამ ეტაპზე ჩემ თვალწინაც კი  იცვლება ცხოვრება. ადამიანები ტოვებენ სახლებს და ბარში საცხოვრებლად გადმოდიან. შესაძლოა ოდესმე მთაში ისევ დაბრუნდნენ, მაგრამ მაინც აღარ იქნება ის, რაც ადრე იყო – ის სოფელი, ის გარემო, ის განწყობა. ბარში გადასვლის შემდეგ ადამიანები იცვლებიან. მე, მაგალითად, მაშინვე ვხვდები, რომ ეს ადამიანი უკვე ბარშია გადასული საცხოვრებლად.

 

როგორც ახსენეთ, ადგილთან, რომელსაც იღებთ,  რაღაც ძაფები და ინტერესი უნდა გაკავშირებდეთ.  თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მთელი გულით გნდომებიათ რომელიმე ადგილას მოხვედრა, შემდეგ კი მისულხართ და აღმოგიჩენიათ, რომ ეს ადგილი “ფოტოაპარატშეუხებლად” უნდა დაგეტოვებინათ, აღარ გაგიწიათ გულმა, რომ  გადაგეღოთ?


ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირად დავდივარ, ასე ვთქვათ, დასაზვერად. ჩავსულვარ და არც არაფერი გადამიღია. უბრალოდ წამოვსულვარ და მითქვამს, რომ ეს არაა ის ადგილი, რომელიც უნდა გადამეღო. ფოტოგრაფობა ჩემთვის არის სიამოვნება და პირველ რიგში, ეს პროცესი ჩემთვის უნდა იყოს ბედნიერების მომტანი. ჯერ  მე უნდა ვიპოვო რაღაც საერთო ადგილთან, თუ ვერ ვპოულობ, ვანებებ თავს.  

 

არის ადგილები, სადაც ვიცი, რომ აღარ წავალ. თუმცა, მიმაჩნია, რომ საქართველო არის ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანა და ახლა აქ რომ ვზივარ, გამუდმებით  ვფიქრობ, ნეტა ახლა იქ რა ხდება.


თუ დაბრუნებულხართ იმ ადგილზე, სადაც პირველ ჯერზე ვერ აღმოაჩინეთ საინტერესო?

უფრო საპირისპიროს თქმა შემიძლია. არის განსაკუთრებული ადგილები, მაგალითად, ჯავახეთი. ფიქრებში გამიჩნდა ჯავახეთი, ჯავახეთი… სიზმარშიც კი ვხედავდი და რომ ჩავედი, ვიგრძენი, რომ იქ, ცარიელ მინდვრებში იყო ის მისტიკურობა, რასაც ვეძებდი. სულ მენატრება ჯავახეთი. მესმის, რატომ შეიძლება მენატრებოდეს ჩემი სოფელი, მაგრამ რატომ მენატრება ჯავახეთი ან სხვა ადგილები, ამას ვერ ვხსნი.


რამდენად რთულია უცხო ადგილას ადაპტაცია, უცნობ სოფლებში ადამიანებისგან ნდობის მოპოვება?

თავიდან შეიძლება არსებობდეს რაღაც უნდობლობა, მით უმეტეს, როცა ხედავენ ქალს, ფოტოაპარატით ხელში, მაგრამ ახლახან ვიყავი ზემო აჭარაში და იქიდან მწერენ, რომ შენ საერთოდ არ ჰგავხარ ქალაქელს, ჩვენნაირი ხარო. მეც ვპასუხობ, რომ მართალია, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში გავატარე, მაგრამ ჩემი ფესვები მაინც იქით არის, სოფელში, და თავს საერთოდ არ ვგრძნობ თბილისელად. 

რეგიონებში ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს, რადგან მე მართლა მაინტერესებს, რას აკეთებენ ისინი, როგორია მათი ყოველდღიურობა, რა სწყინთ, რა უხარიათ.  მე ვხვდები, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. მაგალითად, ერთ-ერთ კერძს, “წოს” იშვიათად აკეთებენ და მკითხეს, ეს იცი რა არისო? რომ ვუპასუხე, გაოცდნენ, შენ საიდან იციო, არადა გვერდით მეზობელმა მანამდე გამასინჯა (იცინის).  მთავარია, რომ არ ითამაშო და მათთვის უცხოდ არასდროს დარჩე.

 


წინასწარ თუ გაქვთ ის კადრი წარმოდგენილი, რაც უნდა გადაიღოთ? 

არის  რაღაცები, რასაც წინასწარ ვგეგმავ, წინასწარ ვიცი, რისი გადაღებაც მინდა.  მაგალითად, ეს ხდება პორტრეტების შემთხვევაში. თუმცა დოკუმენტური ფოტოგრაფია ისეთია, რომ სულ მოულოდნელობებს აწყდები და ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყო გადასაღებად. უნდა  ეძებო და ელოდო. 


რატომ აირჩიეთ ფოტოგრაფია, როგორც ამბის თხრობის მეთოდი, რითაა გამორჩეული ფოტოგრაფია სხვა მედიუმებისგან? თუ გიცდიათ სათქმელი სხვა ფორმით გადმოგეცათ, სხვა პროფესიაში გეცადათ თავი?

ბავშვობიდან ვხატავდი. მინდოდა, მხატვარი გავმხდარიყავი. თეატრშიც ვმუშაობდი მხატვარ-დეკორატორად. შემდეგ კინომ გამიტაცა და რაც ფოტოაპარატი ავიღე ხელში, იმის მერე აღარც დამიხატავს არაფერი. 

 

 

თუ არის ადგილი, რომლის გადაღებაც გსურთ და ვერ ახერხებთ წასვლას? ფოტოპროექტი, რომლის განხორციელებაც გსურთ და ჯერჯერობით ვერ ახერხებთ?

რაც გავაცნობიერე, თუ რა მინდოდა ფოტოგრაფიაში, რა მაინტერესებდა და მიზიდავდა, მას მერე ყოველთვის მინდოდა გადამეღო საქართველო, მაგრამ ეს ასე მარტივად არ ხდება. კომერციულსა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიას შორის დიდი განსხვავებაა. დოკუმენტური ფოტოები გამოფენის შემდეგ სად წაიღო არ იცი, ვერც გაყიდი, არც რამე ჟურნალი გამოდის, სადაც შეიძლება, რომ დაიბეჭდოს. ფაქტობრივად,  მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ. მზა პროდუქტი ყველას უნდა, ამბობენ, გამოვფენთ, მაგრამ როგორ მიდიხარ შენ ამ დიდი ხნის მანძილზე, რა სირთულეებთან გიწევს გამკლავება, ამ თემებით არავინ ინტერესდება. 

 


რა მოგვცა განხორციელებულმა ფოტოპროექტებმა თქვენ და ჩვენ? თუ ხედავთ თქვენი ფოტოების მიერ გამოწვეულ ცვლილებებს საზოგადოებაში?

ასეთ ხმამაღალ განცხადებას ვერ გავაკეთებდი (იღიმის). ძალიან  მიხარია, როცა ადამიანებს მოსწონთ ჩემი ფოტოები. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

 

მაშინ ფოტოკლუბებზე მოგვიყევით და აქედან უფრო გამოჩნდება ის სარგებელი, რომელიც თქვენმა პროექტებმა  მივიწყებულ რეგიონებს მოუტანა.

ფოტოკლუბები ჩემი საყვარელი თემაა. ვოცნებობ, ისევ გაგრძელდეს ეს პროექტები. მე სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენს სახლში არც ყოფილა ფოტოაპარატი. რეგიონებში არც მაშინ და არც დღეს არაფერი არ ხდება. ბავშვებს არ აქვთ, საშუალება  რამე ახალი შეისწავლონ. ამიტომ სულ ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, ჩემს სოფელში მოსულიყო ვინმე და, მაგალითად, ფოტოგრაფია ესწავლებინა ჩემთვის. 

 

ასე დაიბადა ფოტოკლუბების დაარსების იდეა. ეს პროექტი პირველად ჯავახეთში, გორელოვკაში განხორციელდა, რადგან ამ სოფელს კარგად ვიცნობდი. გორელოვკა ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი სოფელია და ჯგუფიც განსხვავებული ადამიანებისგან შედგებოდა. 

15 დაინტერესებულიდან ზოგი ქართველი იყო, ზოგი სომეხი, ზოგიც – რუსი. ჯგუფები ასაკობრივად არ იყო  შეზღუდული. ყველაზე პატარა მოსწავლე 15-ის, ყველაზე უფროსი კი 62 წლის მაშა იყო, რომელიც დღესაც ფოტოაპარატით დადის და ფოტოებს იღებს. თბილისში მე მყავს მოსწავლეები, რომლებიც ათვალიერებენ ფოტოებს, გამოფენებზე დადიან, შემდგარნი არიან და უნდათ ფოტოგრაფიით სიამოვნება მიიღონ. მათ იციან, რა არის ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნების დარგი. გორელოვკაში კი ფოტო მაქსიმუმ  მობილურით გადაეღოთ. 

 

ისინი მოულოდნელად სრულიად სხვა, საინტერესო სამყაროში აღმოჩდნენ. პროექტის შემდეგ, ფოტოგამოფენა სოფელში გაიმართა, რასაც საყოველთაო ზეიმის სახე ჰქონდა. ფილმიც ვაჩვენეთ დუხობორებზე. ახლაც ამბობენ, რომ ამის მერე ჩვენთან არც არაფერი მომხდარაო. გორელოვკა  დიდი სოფელია, არის სამი სკოლა, ფერმები, მაღაზიები, მაგრამ იქ არაფერი არ ხდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მათ თავიანთ სოფელში, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ გარემოში აღმოაჩინეს არაჩვეულებრივი. 


ასეთივე პროექტები  პანკისში სამჯერ და ზემო აჭარაში ერთხელ განხორციელდა.

არსებობს თუ არა ისეთი კადრი, რომელიც ვერ დააფიქსირეთ (ვერ მოასწარით, ან ფოტოაპარატი არ გქონდათ) და დღემდე გული გწყდებათ?

ბევრი ასეთი კადრი არსებობს, მაგრამ იმიტომ არა, რომ ფოტოაპარატი თან არ მქონდა. ერთხელ რაღაცაზე დანანებით ვთქვი, ვერ გადავიღე-მეთქი და ერთმა ჭკვიანმა დუხობორმა კაცმა მითხრა, გული არ დაგწყდეს, ეს ყველაფერი ხომ გონებაში გრჩებაო. მართლა ვფიქრობ, რომ ეს არ არის გულდასაწყვეტი. არის რაღაცები, რაც შენთვის უნდა შეინახო.


სოფლები, რომლებშიც პროექტები განახორციელეთ, გამორჩეულია რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, თითოეული ადგილი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ შესაძლოა, მათ შორის არსებობდეს საერთოც. თქვენ როგორ ხედავთ ამას, რა აერთიანებთ ამ ადგილებს?

ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან, უბრალოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც ბუნებასთან ახლოს არიან, უბრალოება გამოარჩევთ. მიყვარს გარემო, სადაც ადამიანი მიწასთან არის ახლოს. ამით არიან ისინი გამორჩეულები. მე სოფელში ცხოვრებას არ ვუყურებ როგორც რომანტიკას და, რა თქმა უნდა, ადამიანებს ხშირად არ აქვთ გაცნობიერებული ის სირთულეები, რაც სოფელში ცხოვრებას ახლავს თან. ვიცი ყველაფრის უკან რამხელა შრომა დგას და როცა ვხედავ სოფლის ხალხი როგორი მშრომელია, გაოცებული ვარ მათი გამძლეობით.

 

ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ნებისმიერი ფოტოს უკან ამბავია. რომელია თქვენთვის გამორჩეული ამბავი?

ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია ორი პერსონალური პროექტი “თაგვების სოფელი” და “დედაჩემის წიგნი”. ზოგიერთ ფოტოს არსად გამოვაჩენ, მაგრამ მაინც ჩემთვის თითოეული ფოტოს უკან არის ისტორია და ჩემს ცხოვრებას ასახავს.

 

ხშირად, როცა კარგ ფოტოს ხედავენ, ამბობენ, ხარისხიანი კამერა რომ მქონდეს, ასეთს მეც გადავიღებდიო.  მაინტერესებს, რამდენად დიდია ფოტოაპარატის როლი გადაღებისას და არის თუ არა შესაძლებელი იაფფასიანი ფოტოაპარატით კარგი ფოტოს გადაღება?

რა თქმა უნდა, ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. შეიძლება გქონდეს ძალიან კარგი კამერა, შეიძლება იცოდე, როგორ გადაიღო კომპოზიციურად სწორად, მაგრამ მთავარი, რაც  ფოტოშია – ემოცია – არ გქონდეს. როცა ჩემი მოსწავლეები წუხილით ამბობენ, რომ არ აქვთ კარგი კამერა, ყოველთვის ვეუბნები, რომ კარგი ფოტო შეიძლება ჩაიდანითაც გადაიღოს ადამიანმა და საუკეთესო ფოტოაპარატის ქონა სულაც არ არის გადამწყევტი.

 


2016 წელს განხორციელდა თქვენი ფოტოპროექტი “სხვა ირანი” ხომ არ აპირებთ კიდევ სადმე სხვა ქვეყანაში ფოტოპროექტის განხორციელებას?რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ პროექტების განხორციელება ჩემზე არაა დამოკიდებული, ჯერ ვერ გამოვძებნე  დაფინანსება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.