fbpx

პრემიერლიგის წინასაახალწლო განწყობა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ყოველი წლის ბოლოს საფეხბურთო ჩემპიონატებში ტრადიციულად ათდღიანი ან ორკვირიანი პაუზა ცხადდება ხოლმე. ფეხბურთის სამშობლო კი ბობოქრობს, სადაც კლუბებს ერთი კვირის მანძილზე სამ-სამი მატჩის ჩატარება უწევთ. 

ვინ როგორ ასწრებს ძალების აღდგენას, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან პრემიერლიგის ამოცანა სტადიონებით აღსავსე წინასაახალწლო საფეხბურთო განწყობის, ე.წ. ბოქსინგ დეის სადღესასწაულო გარემოს შექმნაა! 

ბუნებრივია, რომ ამ პერიოდის მატჩებში ორმხრივი შეცდომები მატულობს ხოლმე და შემთხვევითობის ფაქტორმა შეიძლება დიდი ზეგავლენა იქონიოს ამა თუ იმ შეხვედრის შედეგზე.

თუმცა, წლევანდელი სეზონი განსხვავებული რომაა და უპირველეს ყოვლისა ეს ბოლო წლების ტრადიციულ ზედა ექვსეულს ეხება, შეიძლება მთლად სასიამოვნო არ იყოს პრემიერლიგის ზოგიერთი მოყვარულისთვის.

შარშანდელი სეზონის ბოლო – როგორც „ტოტენჰემს“, ასევე „არსენალს“, შთამბეჭდავი ჰქონდათ და ურთიერთობა საბოლოოდ ამ გუნდებმა ევროპის ლიგის ფინალში გაარკვიეს. 

ამჟამად კი, ჩემპიონატის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, ორივე ლონდონურ კლუბს ახალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში. მეტიც, „არსენალი“„ბოქსინგ დეის“ მატჩებზე უკვე  მესამე მწვრთნელმა, „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას თანაშემწემ და მარჯვენა ხელმა მიკელ არტეტამ გამოიყვანა.

„არსენალის“ მდგომარეობა დღესდღეობით სავალალოა და სეზონის ბოლოს ალბათ სწორედ მას მოუწევს ზედა ექვსეულს მიღმა დარჩენა, სადაც ახლავე შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით „ლესტერი“ დამკვიდრდება.

„ჩელსისთან“ მატჩის წინ „არსენალს“ საკუთარ მოედანზე პრემიერლიგის მატჩი უკანასკნელად 6 ოქტომბერს(!) „ბორნმუთთან“ ჰქონდა მოგებული მინიმალური ანგარიშით. 

ბოლო გამარჯვება კი „მეთოფეებმა“ 10 დეკემბერს „ვესტ ჰემ იაუნაიტედის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში იზეიმეს. „ჩელსისთან“ დაპირისპირების წინ „არსენალის“ მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ  სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ „არისტოკრატთა“ გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა „ბოქსინგ დეიზე“ ზედიზედ მეორე მატჩის წაგება.

არტეტას გაწვრთნილმა „არსენალმა“ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა და ობამეიანგის გოლით დაწინაურდა კიდეც. მეორე ნახევარში კი „ჩელსის“ ფიზიკურმა გამძლეობამ, ვილიანის საოცარმა თამაშმა, გოლკიპერ ლენოს მიუტევებელმა შეცდომამ და მსაჯის დაუდევრობამ სულ რაღაც 10-წუთიან მონაკვეთში „ჩელსის“ თამაში მოატრიალებინა.

ანგარიში  ჟორჟინიომ გაათანაბრა, რომელიც წესით და რიგით არბიტრს ცოტა ხნით ადრე მეორე ყვითელი ბარათით უნდა დაესაჯა და მინდვრიდან გაეძევებინა…

 

„ჩელსის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  მან გასვლაზე ზედიზედ ორი ლონდონური დერბი მოიგო. წინა მსხვერპლი „ტოტენჰემი“ იყო, რომლის ახლად დანიშნულ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მისამართით სრულიად სამართლიანად ისმის კრიტიკული შეფასებები.

საქმე ისაა, რომ მისი მოსვლის შემდეგ „ტოტენჰემმა“ სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესების და რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, სამი ყველაზე პრინციპული მატჩი წააგო. 

პირველი მათგანი ჩემპიონთა ლიგაზე იყო, სადაც „ბაიერნის“ წინააღმდეგ რევანშისტობისგან პორტუგალიელმა მწვრთნელმა თითქოს თავი აირიდა და „ტოტენჰემს“ იმ მატჩში თავი მაინცდამაინც არ მოუკლავს, რადგან საკუთარ მოედანზე 2:7 მარცხი მოურინიოსთვის „საკუთარი“ არ ყოფილა. მერვედფინალის საგზური კი გუნდს უკვე მოპოვებული ჰქონდა.

მეორე, „ჩელსისთან“ საკუთარ მოედანზე ამას წინათ წაგებული მატჩი იყო, ხოლო ყველაზე არასასიამოვნო კი მოურინიოსთვის ალბათ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხება უნდა ყოფილიყო, რადგან შარშან სწორედ „ტოტენჰემთან“ შინ, „ოლდ ტრაფორდზე“ 0:3 წაგების შემდეგ გაუშვეს იგი მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. 

თვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ წლეულს პრემიერლიგის ალბათ ყველაზე ამოუცნობი კლუბია, რადგან სატურნირო ცხრილში მისთვის არასახარბიელო პოზიციის მიუხედავად, „ბოქსინგ დეის“  პერიოდისთვის მოგებული 8 შეხვედრიდან ოთხში მან „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ლესტერი“ და „ტოტენჰემი“ დაამარცხა. 

გარდა ამისა, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ერთადერთია, ვინც პრემიერლიგაში „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში ქულის მოპოვება შეძლო!

მერსისაიდული კლუბი კი ნამდვილად გამორჩეულია მიმდინარე სეზონში და იურგენ კლოპის ბიჭების ჩემპიონობაში ეჭვი უკვე აღარავის შეაქვს.  

„ვულვერჰემპტონმა“ მას „ენფილდზე“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და პირველ ტაიმში მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაუთანაბრა კიდეც ანგარიში, თუმცა საქმეში VAR-ის ჩარევის შედეგად სტუმართა საგოლე კომბინაციის დროს თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. 

ბედის ირონია კი ისაა, რომ იქამდე სადიო მანეს მიერ  ამ მატჩში გატანილი ერთადერთი ბურთი სწორედ VAR-ის ჩარევის შედეგად ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ  პირველ ტაიმში VAR-თან დაკავშირებულმა ამ ორმა ეპიზოდმა ხუთწუთიანი მონაკვეთი შეადგინა. 

 

VAR „ბოქსინგ დეის“ გამორჩეულ სუბიექტად „ვულვერჰემპტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩში იქცა, როდესაც სტუმართა გოლკიპერ ედერსონის არბიტრის მიერ სრულიად სამართლიანი გაძევებიდან ცოტა ხნის შემდეგ „ვულვერჰემპტონის“ კარში თეტრთმეტმეტრიანი დაინიშნა. 

ამ შემთხვევაში VAR-ის ოპონენტებს აუცილებლად სალაპარაკო მიეცემოდათ, რადგან რომ არა მისი ჩარევა, არბიტრი ატკინსონი აუტკივარ თავს ნამდვილად არ აიტკივებდა და ასეთ უცნაურ თერთმეტმეტრიანს არ დანიშნავდა.

მანჩესტერელ მაჰრეზის მასპინძელთა მცველი ოდნავ შეეხო, ფორვარდმა სვლა განაგრძო, შემდეგ კი გადაწყვიტა, წაქცეულიყო... დაცემა კონტაქტის ადგილიდან მოშორებით, იმდენად არაადეკვატური და ჟესტიკულაციებით გაფორმებული აღმოჩნდა, რომ ალბათ მაჰრეზი უფრო იმსახურებდა სიმულაციისთვის ყვითელ ბარათს, ვიდრე „მანჩესტერ სიტი“ თერთმეტმეტრიანს.

მთავარი სასეირო ეპიზოდი კი თურმე წინ იყო. რახემ სტერლინგს „ვულვერჰემპტონის“ გოლკიპერმა პენალტი აუღო, მაგრამ არბიტრმა VAR-ის ჩარევის შედეგად მასპინძელთა ერთ-ერთ მოთამაშეზე დარტყმის მომენტში ადგილიდან ადრე დაძვრა დააფიქსირა. 

სტერლინგმა განმეორებით ისევ მეკარისგან მარჯვენა კუთხეში  დაარტყა, ოღონდ უფრო სუსტად და უნიათოდ. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რუი პატრისიოს მიერ ხელმეორედ მოგერიებული ბურთი საჯარიმო მოედანში დაბრუნდა და სტერლინგმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ალბათ ყველაზე ნაწვალები გოლი გაიტანა.

თუმცა, VAR-ის და არბიტრ ატკინსონის ჭირვეულობის მიუხედავად, მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 0:2-ის შემდეგ მათ სამი ბურთი გაუტანეს კაცნაკლულ მეტოქეს და მაინც მოიგეს ეს მატჩი. 

„ბოქსინგ დეიდან“ მოყოლებული კი პრემიერლიგის ყველაზე მეტ პასუხგაუცემელ კითხვას სწორედ შარშანდელი ჩემპიონი ტოვებს. საინტერესოა, რა მიზნები ამოძრავებს წლეულს პეპ გვარდიოლას გუნდს, რომლის თამაშშიც, 2019 წლის სეზონის დამაგვირგვინებელ მატჩში „შეფილდ იუნაიტედის“ დამარცხების მიუხედავად, ხალისის უკმარისობა შეინიშნება?

რა თქმა უნდა, სრულიად ლოგიკურია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგა ზედიზედ მესამედ ვეღარ მოიგოს, მაგრამ რა შეიძლება იყოს წლის ბოლოს იმ კლუბის ნამოღვაწარი, რომლისგანაც ყოველთვის გამარჯვებებს ელიან?

ნუთუ შარშან „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნის შემდეგ, წლეულს გაზაფხულზე პეპ გვარდიოლას გუნდი მზადაა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალი“ დაამარცხოს?

 

ლიგაზე წარუმატებლობის და პრემიერლიგაში თუნდაც მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში კი მომავალი სეზონიდან გვარდიოლას ალბათ რომელიმე სხვა წამყვან კლუბში უნდა ველოდოთ. 

თუმცა, გამორიცხული არც ესპანეთის ნაკრებია, თუკი ეს უკანასკნელი ევრო 2020-ზე წინა გათამაშების მსგავსად, ყოველგვარი საზეიმო განწყობის გარეშე  იასპარეზებს და ფინალამდე ვერ მიაღწევს…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.