fbpx

2019 წლის ყველაზე გავლენიანი არტისტები სახელოვნებო პორტალ Artsy-სგან


გააზიარე სტატია


სახელოვნებო პორტალმა Artsy-მ გამოაქვეყნა 2019 წლის ყველაზე გავლენიანი არტისტების სია. ნუსხის შემდგენელი სარედაქციო ჯგუფის განცხადებით, ამ ადამიანების გამოფენებზე მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში მნახველთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, ხოლო მათი ავტორობით შექმნილმა ნამუშევრებმა ყველაზე ცხარე დებატები გამოიწვია. ამავე ნუსხაში მოხვდნენ მხატვრები, რომლებმაც აუქციონებზე წლის გაყიდვების რეკორდები მოხსნეს, ხელოვანები, რომლებმაც მუშაობის პროცესში  ინოვაციური ტექნოლოგიები გამოიყენეს, ასევე ისინიც, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი მეთოდები ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. 

„Artsy-ს რჩეულებიდან ყველა ცოცხალი არ არის, თუმცა, გასული 12 თვის სახელოვნებო პროცესების საერთო სურათს ქმნიან და ასევე, თითქოს ნიადაგს უმზადებენ მომავალს, წინასწარმეტყველებენ, თუ რა იქნება 2020-ში“, – წერს პორტალის სარედაქციო ჯგუფი. 

 

კარა უოკერი. ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში

კარა უოკერის წლის ყველაზე საყურადღებო ნამუშევარი იყო ინსტალაცია Fons Americanus, რომელიც Tate Modern-ში იქნა გამოფენილი. პროექტი აშშ-ში აფრიკული დიასპორის დამკვიდრების ისტორიას ეხმიანება და სვამს კითხვას, თუ რაზე მეტყველებენ და რის შესახებ დუმან ამ თემაზე შექმნილი ქანდაკებები.

არტისტის ინსტალაცია შადრევანს წარმოადგენს, რომელიც ორი ოვალური თასის თავზეა განლაგებული. თასების ოთხივე მხარეს კი სხვადასხვა ფიგურებია.  ობიექტები სხვადასხვა ისტორიული, ლიტერატურული და კულტურული წყაროებიდანაა აღებული. მაგალითად, შადრევნის თავზე ვენერას ფიგურაა, რომელიც აფრო-ბრაზილიული და კარიბულ რელიგიებში გავრცელებული ქურუმი ქალის სახითაა წარმოდგენილი. კარა უოკერის თქმით, დამთვალიერებელს მოუწოდებს, კრიტიკულად გააანალიზონ თავიანთი იმპერიული წარსული.

 

ოლაფურ ელიასონი. პროექტი „რეალურ ცხოვრებაში“ Tate Modern-ში

2019 წელს წარმოდგენილ რეტროსპექტივაში „რეალური ცხოვრება“ არტისტი გამოეხმაურა ეკოლოგიის, ბუნების, კლიმატის ცვლილების თემას, რომელზეც წლებია მუშაობს. სხავადასხვა ტექნოლოგიური ხერხებით წარმოდგენილი ნამუშევრები მნახველებზე შთაბეჭდილებას განათების, ფერების, მოძრაობის, გეომეტრიისა და ტექსტურების მეშვეობით ახდენენ. არტისტმა გამოიყენა ჩვეული ხერხიც – დამთვალიერებელს ნამუშევრებთან ინტერაქციის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, ერთ-ერთ ექსპონატად იქცა კედელი, რომელიც ნამდვილი სკანდინავიური ხავსით იქნა დაფარული, მნახველებს კი მასთან მიახლოება, შეხება, დაყნოსვა და გემოს გასინჯვაც შეეძლოთ. 

„კლიმატის ცვლილებების შესახებ ხშირად დამთრგუნველი და შიშის მომგვრელიტერმინებითა თუ ფორმულირებებით საუბრობენ. ჩემი მიზანი კი იმაში მდგომარეობას, რომ ადამიანებმა ამ  საკითხზე ფიქრისას ბუნების სიყვარული იგრძნონ, გაუჩნდეთ კითხვები: „რა მიყვარს ამ სამყაროში? რატომ უნდა ვიზურნო მასზე?“ – ამბობს ელიასონი

 

ლოურენს აბუ ჰამდანი, ჰელენ კემმოკი, ოსკარ მურილიო, ტაი შანი 

არტისტები, რომელთაც 2019 წელს,ტერნერის პრიზი გადაეცათ, როგორც არტ-კოლექტივს. 

ლოურენს აბუ ჰამდანი – მხატვარი და აუდიოლოგია, რომელიც სწავლობს ბგერის როლს ადამიანთა უფლებების კონტექსტში. ტერნერის პრიზზე ნომინირებულ იქნა ვიდეოინსტალაციისათვის Walled Unwalled და Tate Modern-ში გამართული პერფომანსისათვის After SFX.

ჰელენ კემმოკი – არტისტი ვიდეოარტებით, ფოტოებით, პრონტებით, ტექსტებითა და სხვადასხვა ინსტალაციებით ეხმაურება აქტუალურ სოციალურ თემებს, მათ შორის ქალთა უფლებებს. ტერნერის პრიზზე ნომინირებული იყო პროექტისათვის The Long Note.

ოსკარ მურილიო –  მულტიჟანრული მხატვარი, რომელიც ინსტალაციების, ვიდეოარტისა და ნახატების გარდა აწყობს არტ-ივენთებს. ტერნერის პრიზზე ნომინირებულ იქნა მხატვრობაში არატრადიციული მასალის გამოყენებისა და პროექტისათვის Violent Amnesia. 

ტაი შანი – თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ვიდეოარტის, პერფომანსების, ფოტო და სკუპლპტურული ინსტალაციების მეშვეობით სხვადასხვა სოციალური გზავნილების დეკლარირებას ახდენს. ტერნერის პრიზი გადაეცა გამოფენათა სერიისათვის „მუქი კონტინენტი“. მისი პერსონაჟები მითოლოგიური და რეალური ქალები არიან.

 

ჰილმა აფ კლინტი

2019 წელს გუგენჰაიმის მუზეუმში გაიხსნა შვედი მხატვრისა და მისტიკოსის ექსპოზიცია „ნახატები მომავლისათვის“. ამგვარი სახელწოდება არტისტის ქცევამ განაპირობა. მაშინ როცა მისი თანამედროვე მხატვრები აქტიურად მართავდნენ გამოფენებს, სპირიტიზმით გატაცებული მხატვარი თავის ნოვატორულ ნამუშევრებს პირად კოლექციაში ინახავდა, რადგან თვლიდა, რომ საზოგადოება მზად არ იყო მისი ხელწერისა და ხედვის გასაგებად. ანდერძში კი დაიბარა, რომ ნამუშევრები მისი გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე გამოფენილიყო. შესაბამისად, 1986 წლამდე ხელოვნებისმცოდნეებმა თითქმის არაფერი იცოდნენ ჰილმა აფ კლინტის შესახებ და მხოლოდ ბოლო 30 წელია, რაც მისი შემოქმედების შესწავლა დაიწყეს.

პირველ ამერიკულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არტისტის 1906-1920 წლების ნამუშევრები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, პირველ ნაბიჯებს წარმოადგენდა  აბსტრაქციონიზმისაკენ და მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა ისეთმა ოსტატებმა, როგორებიც იყვნენ ვასილი კანდინსკი, კაზიმირ მალევიცი, პიტ მონდრიანი და სხვები. 

ექსპოზიციამ „ნახატები მომავლისათვის“ რეკორდი მოხსნა – გუგენჰაიმის მუზეუმს 600 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. 

 

არტურ ჯაფა – ამერიკელი რეჟისორი და ვიდეოარტისტი.

2019 წლის ვენეციის ბიენალეზე მას „ოქროს ლომი“ გადაეცა 50-წუთიანი ფილმისათვის „თეთრი ალბომი“. პროექტი, რომელიც რასიზმის თემას ეხება, ერთგვარი ვიდეოესეა, რომელიც არტისტმა სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით, სატელევიზიო სიუჟეტებითა და ქრონიკებით ააწყო. არტურ ჯაფას თქმით, ის „თეთრ რასიზმს“ იკვლევს. „თეთრი ეშმაკეულია, მომხრე ვარ გაუქმდეს, გაქრეს, ისევე როგორც პატრიარქატი, ჰომოფობია, ჰეტერონორმატიულობა. ფილმი ჩემი პირადი მცდელობაა შევურიგდე თეთრ ადამიანებს”, – წერს არტურ ჯაფა.

 

teamLab.

პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმია, რომელსაც 2019 წელს 2 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა. ტოკიოს ყურეში, 10 ათას კვადრატულ მეტრზე, იაპონურმა კომპანია  teamLab-მა ბგერისა და შუქის ჯადოსნური ლაბირინთი შექმნა. პროექტის ავტორების თქმით, სივრცე შლის ზღვარს ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებს, მხატვრებსა და მაყურებელს შორის. 

2019 წლის ყველაზე გავლენიანი არტისტების სრული ჩამონათვალი, სახელოვნებო პორტალი Artsy-ს მიხედვით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.