fbpx

მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც 10-იანი წლების დეკადაში მოხდა


გააზიარე სტატია


ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადა სრულდება და 2019 წლის მიწურულს შეიძლება ადამიანების უმეტესობა არ ფიქრობდეს იმაზე, თუ რა მოიტანა 10-იანმა წლებმა მნიშვნელოვანი კულტურაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში, ტექნოლოგიებში, ინტერნეტში – ან რა წაიღო ისეთი, რაც მანამდე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. 

2010 წელს Apple-ის ხელმძღვანელი ჯერაც სტივ ჯობსი იყო, ყველაზე შთამბეჭდავ სმარტფონად “მოტოროლა დროიდი” ითვლებოდა. “ფეისბუქი” ჯერაც სტარტაპი იყო, “უბერი” ეფ სთორიზე არ იძებნებოდა, არ არსებობდა “თინდერი” და სხვა მსგავსი გაცნობის აპლიკაციები და საქართველოში არავინ ფიქრობდა, რომ მომდევნო ათწლეულში ყველა თავსდატეხილი უბედურება 2010 წლამდე დაწყებული “სისხლიანი 9 წლით” აიხსნებოდა. 

 

სამყაროს ჯერ კიდევ წინ ჰქონდა სირიის ომი, დეზინფორმაციული ნაკადები სოციალურ ქსელებში, “სამეფო კარის თამაშები” და სხვა სერიალები, რომლებმაც კინოს ყურების ჩვევების მოდიფიკაცია გამოიწვია და ისეთი სოციალური მოძრაობები, როგორიც აღმოჩნდა #metoo და #icebucketchallange; 

 

ამ დროს ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ წარმოშობით ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დააწესებდა მოდაში თამაშის წესებს და ვერც იმას, რომ ლიტერატურაში ნობელის პრიზს  ბობ დილანს გადასცემდნენ, რომელიც დაჯილდოებაზე არ მივიდოდა. 

გადავავლოთ თვალი კარგ და ცუდ მოვლენებს, რომელთა სელექციაც გარკვეულწილად სუბიექტურია და ნაწილობრივ ითვალისწინებს კომპეტენტური გამოცემების მოსაზრებებს. 

 

კულტურა

  • 2011 წლის მარტში დაიწყო “სამეფო კარის თამაშები”, რომლის პოპულარობაც წლიდან წლამდე იზრდებოდა და ჯამში სერიალის მაყურებელთა რაოდენობამ მრავალი მილიონი შეადგინა. ამავე წელს დასრულდა ჰარი პოტერის საგა, თუმცა ჯადოსნური ამბები სავარაუდოდ მომდევნო ათწლეულშიც პოპულარული იქნება. 

 

  • 2013 წელს დისნეიმ გამოუშვა Frosen, ფილმი ყინულის პრინცესასა და მის დაზე, რომელსაც მომდევნო წლებში ყველგან ხვდებოდით. მხოლოდ ფილმის საუნდტრეკს ამ დროისთვის 690 მილიონამდე ნახვა აქვს. რამდენიმე თვის წინ ფილმის მეორე ნაწილი გამოვიდა. ელზასა და ანას პოპულარობა სავარაუდოდ მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.  

 

  • ანიმაციებში ამ დეკადამ ახლებური, ემანსიპირებული პრინცესები გააჩინა. 2016 წელს ეკრანებზე გამოდის მოანა, რომელიც არაფრით ჰგავს იმ პრინცესებს, რომელსაც 21 საუკუნემდე დაბადებული ბავშვები ზღაპრებში ხვდებოდნენ. ყოჩაღი გოგოები რეალურ ცხოვრებაშიც ჩნდებიან და ოცდამეერთე საუკუნის მნიშვნელოვან პერსონებად შეიძლება ჩაითვალონ მალალა იუსაფზაი და გრეტა ტუნბერგი. 

 

  • 2012 წელს ყველაზე ბევრნახვადი ვიდეო  youtube-ზე გახდა “განგნამ სთაილი” და სანამ მელომანები ამ ამბით გამოწვეულ სევდას გაიქარვებდნენ, 2013 წელს გამოჩნდა “ჰარლემ შეიკი”, ასევე ვირუსული ვიდეო, რომლის რეპლიკებსაც უამრავი ადამიანი წერდა სოციალურ ქსელებში გასავრცელებლად. 

 

 

 

  • 2019 წელს კი ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა დევიდ დათუნამ მაიმიში გამართულ თანამედროვე ხელოვნების გამოფენა არტ ბაზელზე მაურიციო კატელანის ინსტალაცია – 150 000 დოლარად გაყიდული “კედელზე მიკრული ბანანი” შეჭამა. 

 

  • ქართული კულტურისთვის ეს დეკადა მნიშვნელოვანი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც სტუმარი ქვეყნის წარდგენით და თბილისში ღამის ცხოვრების და საკლუბო მუსიკის განვითარებით. 

 

საზოგადოება

  • 2011 წლის აპრილში სამეფო კარზე ქორწილი გაიმართა და პრინცმა უილიამმა ქეთრინ მიდლტონი შეირთო ცოლად. ცერემონიალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რამდენიმე არხზე და მას უამრავი ადამიანი უყურებდა. დღეს სამეფო წყვილს სამი შვილი ჰყავს. 2016 წლიდან სამეფო ოჯახი პრინც ჰარის რომანით მოექცა კვლავ ყურადღების ცენტრში. ამ დროისთვის ჰარიმ და მეგან მარკლიმ უკვე იქორწინეს და  ერთი შვილიც ჰყავთ. 
  • 2014 წელს დაიწყო კამპანია #heforshe, რომლის ერთ-ერთი პრეზენტატორიც ემა ვოტსონი გახდა. 2014 წელსვე დაიწყო კამპანია ice bucket Challange, რომლის მონაწილეებიც ცივ წყალს ისხამდნენ თავზე და დონაციას აკეთებდნენ ASL-ით დაავადებული ადამიანების სასარგებლოდ.

  • 2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური გახდა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინება. 

 

  • 2017 წელს ჰარვი ვაინშტაინის, როგორც მოძალადის გამოაშკარავებამ სათავე დაუდო #metoo კამპანიას, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ათასობით ქალი შეურთდა. ისინი ალაპარაკდნენ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის პირად შემთხვევებზე. 
  • 2017 წლის იანვარში ქალთა მარში  გაიმართა, საპროტესტო მსვლელობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოსვლა, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იყო მიმართული. 
  • საქართველოში მთელი დეკადის მანძილზე სხვადასხვა თემაზე იმართებოდა საპროტესტო აქციები, მოქალაქეები მოითხოვდნენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, სამართლიან სასამართლოს, ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას და პროპორციულ არჩევნებს. დეკადის მიწურულს ჩამოყალიბდა მძლავრი სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილია. მოთხოვნები, რომელსაც მოქალაქეები აყენებდნენ დღის წესრიგში, შესასრულებლად მომდევნო დეკადას გადაეცემა. 

 

ტექნოლოგიები 

  • 2010 წლის ივლისში “ინსტაგრამის” დამფუძნებელმა პირველი ფოტო ატვირთა ახლად შექმნილ მობილურ აპლიკაციაში, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია და რომელმაც, როგორც ციფრული მედიის სპეციალისტები ამბობენ, მნიშვნელოვნად შეცვალა რეალობის აღქმა და ფოტოდოკუმენტირების მანამდე არსებული ჩვევები მისი მომხმარებლებისთვის. 

 

  • 2010 წლის აპრილში პირველი ipad გამოვიდა. ეს “აიპადი” ბევრად განსხვავდება დღეს ბაზარზე არსებული აიპადებისგან, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს და უამრავი დამატებითი ფუნქცია შეიძინეს წლების განმავლობაში. 2012 წელს გამოდის პირველი iPad mini, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ტაბლეტების განვითარების გზაზე. 

 

  • 2010 წელსვე გუგლმა დატოვა ჩინეთის ბაზარი. 
  • 2012 წელს შეიქმნა “თინდერი”, დღეს არსებულ გაცნობის აპლიკაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული. 
  • 2016 წლის ივლისში სამყარო პოკემონებზე გადაირია. 
  • 2017 წელს სპინერის პოპულარობამ წალეკა სამყარო. 

 

  • 2016 წლის ამერიკის არჩევნების შემდეგ სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვანი გახდა დეზინფორმაციული ნაკადის, პოლიტიკური პროპაგანდის და ცრუ ამბების წინააღმდეგ ბრძოლა. 

 

  • 2019 წლის მიწურულს უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთი აქტიურად ერეოდა დეზინფორმაციული კამპანიებით ამერიკის არჩევნებში და საქართველოს მთავრობა დაკავშირებულია სიძულვილის გამავრცელებელ გვერდებთან. 

 

  • 20 დეკემბერს 39  ქართული ექაუნთი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ექაუნთი ინსტაგრამზე წაშალა ფეისბუქის ადმინისტრაციამ, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ საკუთარი ვინაობა და [ერთმანეთთან] კოორდინაცია, გამოძიებამ ისინი სარეკლამო კომპანია “პანდასთან” და “ქართული ოცნების” მიერ მართულ მთავრობასთან დააკავშირა. 

 

პოლიტიკა 

  • 2010 წლის დეკემბერში ტუნისელი ხილის გამყიდველი  მუჰამედ ბუაზიზი თავს დაიწვავს და თვითმკვლელობით დაამთავრებს ცხოვრებას. მისი პროტესტი გახდება საბაბი ტუნისში საპროტესტო გამოსვლების, რომელიც საბოლოოდ დიქტატორი მმართველის გადაგდებით დასრულდება. 

 

  • ტუნისის მაგალითი გადამდები აღმოჩნდება ეგვიპტისთვის, ლიბიისა და იემენისთვის, თუმცა არაბულმა გაზაფხულმა დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ მოიტანა ის დემოკრატია, რომლისთვისაც სხვადასხვა ქვეყანაში იბრძოდა ხალხი. ომმა სირიაში და ტეტორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ჰუმანიტარული კატასტროფა, სასტიკი ტერორისტული აქტები და ქიმიური იარაღით დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა მოუტანა ამ დეკადას.  

 

  • 2014 წელს “მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ივე მგზავრი. წლების შემდეგ გამოძიებამ კატასტროფასთან რუსეთის მოქალაქეების კავშირი გამოკვეთა. 

 

  • 2016 წლის ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. ეს არის ამერიკის მესამე პრეზიდენტი, რომლის იმპიჩმენტის საკითხსაც კონგრესი განიხილავს. 

 

  • საქართველოში 21 საუკუნის მიწურულს კვლავ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, ძლიერდება რუსული რბილი ძალის გავლენა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 2020 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის საკითხი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.