რას უნდა ველოდოთ 2020 – ლითონის (თეთრი) ვირთხის წელს
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2020 წელი ლითონის (თეთრი) ვირთხის (თაგვის) წელი იქნება. ის 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება და 2021 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
2020 წელი აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ვირთხის წელს შეესაბამება (ასევე ვირთხის წელი იყო: 1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008 ). დამდეგი წლის ენერგია ლითონია და თეთრ (ყვითელ) ფერთან ასოცირდება.
ვირთხა – ეს აღმოსავლური ზოდიაქოს პირველი ნიშანია. ის განაპირობებს ახალი ციკლის დაწყებას. სწორედ მისით იწყება ახალი თორმეტწლიანი ციკლი. ამიტომ, ამ წელს სასურველია გრძელვადიანი პროექტების დაწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვირთხის წელს მოვლენები არცთუ იშვიათად მოულოდნელად და ნეგატიურად ვითარდება, არ არის გამორიცხული, ამ პროექტებს გარკვეული საფრთხეც დაემუქროს.
საერთოდ, ვირთხის წელში ბევრი ”ხმაური”, აურზაური, შფოთი და სკანდალი ხდება. ამ წელს მშვიდს და სტაბილურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამიტომ, ადამიანებს მაქსიმალური თავშეკავება და ტაქტიანობა მართებს. მნიშვნელოვნად მოიმატებს უნდობლობის, “გამორჩენის”, ჭორებისა და სკანდალების ალბათობა. ამიტომ, ახალი ურთიერთობები და კავშირები ფრთხილად უნდა განვითარდეს. წარმატებას უფრო მეტად კომუნიკაბელური და “მოქნილი” ადამიანები მიაღწევენ. ისინი ბევრ საინტერესო ურთიერთობას, მომგებიან კავშირებს დაამყარებენ და საინტერესო პროექტებს წამოიწყებენ. ახალი პერსპექტივების შექმნასა და წარმატების მიღწევაში აქტიურობის, კომუნიკაბელურობისა და მოქნილობის გარდა, ასევე სასარგებლო თვისებები იქნება მიზანსწრაფვა, ამტანობა, საზრიანობა და სიმამაცე. რაც შეეხება ნეგატიურ თვისებებს, 2020 წელს გაძლიერდება: ეგოიზმი, დესპოტიზმი, უხეშობა, მანიპულატორობის და დიქტატორობის სურვილი. გამორიცხული არ არის მოვლენებისა და სიტუაციების კალეიდოსკოპური ცვლილებები. ეს კი ადამიანებისგან მოითხოვს გამძლეობას, მიზანმიმართულ მოქმედებებსა და ყურადღების მობილიზებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შეცდომების ალბათობა.
საერთოდ, ამ წელს წარმატებულად განვითარდება ბიზნესთან, მეცნიერებასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტები. მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკასა და პოლიტიკაში, შეიცვლება ქვეყნებს შორის არსებული კავშირები და პრინციპები. ასევე არ არის გამორიცხული სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებში მთელი რიგი მიმართულებით ცვლილებები.
მიუხედავად არასტაბილურობისა და მოვლენების რთულად განვითარების შესაძლებლობისა, ვირთხის წელს მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური პრობლემების მოგვარება.
2020 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს-საქმიანობა უმეტეს შემთხვევაში პოზიტიურად განვითარდება და სასიკეთო შედეგებს მოიტანს (თუმცა ყურადღებას ითხოვს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ბიზნესმენებს არ უნდა დაავიწყდეს ამ წლის მოულოდნელობისკენ “მიდრეკილება”). არ არის გამორიცხული გააქტიურდეს მშენებლობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებიც, მით უმეტეს, რომ კარგი პერიოდია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, გადაცვლისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. ეს ეხება გადადებულ მშენებლობებს და “დაკონსერვებულ”პროექტებსაც. სასიკეთო იქნება ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმა. ფინანსური პრობლემები უფრო 2020 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი და ეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სახელმწიფოებრივ დონეზეც კი საგრძნობი გახდება.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2020 წელი ნაკიანი იქნება. მეტაფიზიკური თვალსაზრისით ნაკიანი წელი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ის გარკვეულ ინფორმაციას იძლევა შემდგომ სამწლიან ციკლზე. გასული ორი წელი (2018-2019) მიწის სტიქიით იმართებოდა, დამდეგი 2020 წელი კი ლითონის სტიქიას განეკუთვნება, აქედან გამომდინარე “მიწის” პრაქტიკულობა, პრაგმატულობა, ორგანიზებულობა “ლითონის” მიზანსწრაფვით, ბრძოლისუნარიანობით და გამძლეობით შეიცვლება. იდეები და პერსპექტივები მიიღებენ უფრო კონკრეტულ და აქტიურ ფორმებს. მებრძოლი, მიზანსწრაფული ადამიანებისთვის მეტად სასიკეთო წელიწადია, რადგან დაფასდება მათი წინსწრაფვა და ბრძოლისუნარიანობა.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2020 წლის მფარველი ვარსკვლავია “ბი” (ჰიადები). მას ჩინელი ასტროლოგები “ნადავლს” უკავშირებენ, რადგან სიმბოლურად ეს არის მონადირე, რომელიც მოიპოვებს ნადავლს. ეს არის დაკვირვების, ყურადღების, კონცენტრაციის, კონკურენციის და ბრძოლაში გამარჯვების ვარსკვლავი. ამიტომ მისი გავლენა 2020 წელს უფრო დინამიკურს და ხისტს ხდის.
2020 წელს “იან” (მამრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების ენერგიულ, აქტიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ვირთხის წელს წარმატებას ძლიერი, ინიციატივიანი, აქტიური, მიზანსწრაფული და თავდაჯერებული ადამიანები მიაღწევენ. ლითონის სტიქიის მამრული ენერგია – ეს არის რკინის, ფოლადის, ცივი იარაღის – ხმალი, ხანჯალი და ა. შ. აქედან გამომდინარე, ამ წლისთვის დამახასიათებელი იქნება დავა, კამათი, დაპირისპირება, ასევე არ გამოირიცხება მასშტაბური კონფლიქტების პროვოცირება და შეიარაღებული დაპირისპირებები.
2020 წელს “ტახის” პატიოსნებას სხვაზე მინდობის და სიკეთის გაკეთების სურვილს – ვირთხის მოხერხებულობა, ეშმაკობა და აგრესია შეცვლის. 2020 წლის მეორე ნახევარი აქტიური, საქმიანი, თუმცა დაძაბული იქნება, ამიტომ ჯობია 2019 წლიდან “გადმოყოლილი” კრიზისული საკითხები 2020 წლის პირველივე ნახევარში დარეგულირდეს და მოგვარდეს.
სტიქიების მიხედვით 2020 წელი შედარებით პოზიტიური იქნება მიწის სტიქიით, ანუ კუროს, ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი თითქმის მთელი 2020 წლის განმავლობაში თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს.
2020 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 21 ივნისს (რგოლური) და 14 დეკემბერს (სრული). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის ოთხჯერ იქნება და ოთხივეჯერ ნაწილობრივი: 10 იანვარს, 5 ივნისს, 7 ივლისს და 30 ნოემბერს.