fbpx

2019 წლის ლიტერატურული მოვლენები – საქართველოსა და მსოფლიოში


გააზიარე სტატია

 

არის წლები, რომლებიც ნელა გადიან, მიიზლაზნებიან, ნელა გადადიან თვეები წელიწადის დროებში, და მოწყენილობის ბლანტი ქსოვილები დაჰქრის უხილავ სივრცეში… ეს წელი კი, თქვენი არ ვიცი და, პირადად მე  მომეჩვენა, რომ ერთი თვალის დახამხამებაში დასრულდა, თითქოს გუშინ ვიზეიმეთ ახალი, 2019 წლის დადგომა, დღეს კი უკვე გავაცილეთ და ახალ წელს შევხვდით. მაგრამ, ეს ერთი თვალის დახამხამება ბევრ ამბავს იტევს და შესაძლოა, სწორედ ამიტომ გვეჩვენება ასე – ქვეყნის პოლიტიკურმა წელმა უამრავი ნეგატიური მოვლენა დაიტია, აღარ გავიხსენებ,  იქით იყოს ეს ამბები… აქ და ახლა ვისაუბროთ წლის ლიტერატურულ მოვლენებზე – როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მასშტაბით.

თავდაპირველად აჟიოტაჟი მახსენდება, უეცრად არსაიდან მოვიდა ნეგატიური მოვლენა – მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გააერთიანეს და მის ნაცვლად ლიტერატურის განვითარების ფონდი შექმნეს. ეს ორი, სრულიად დამოუკიდებელი და წარმატებული ორგანო ერთიანი გახადეს, იმ ადამიანებს კი, რომლებმაც ქართული ლიტერატურა უცხოეთში გაიტანეს და ქვეყანაშიც საკმაოდ განავითარეს, შრომა წყალში ჩაუყარეს და გაერთიანებული ორგანო სრულიად სხვებს  გადასცეს სამართავად. თუმცა, ამ ამბავს მოჰყვა პროტესტი და საბოლოოდ, ბევრი ბრძოლის შედეგად, ყველაფერი ასე თუ ისე კარგად დასრულდა – მართალია, წიგნის ცენტრი გაუქმდა, მაგრამ იქ დასაქმებული ხალხი მწერალთა სახლს შეუერთდა და ახლა ერთად მუშაობენ ბევრ კარგ საქმეზე.

ამ ამბების ფონზე კი ერთი კარგი ამბავი მოხდა, რამაც დაადასტურა წიგნის ცენტრის მუშაობის შედეგი – მწერალი ბექა ადამაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა. 

ადამაშვილმა საკმაოდ პრესტიჟული პრემია მიიღო წიგნისთვის – “ამ რომანში ყველა კვდება”. ევროპელი კრიტიკოსების ყურადღება მიიქცია მისმა იუმორის გრძნობითა და ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნით დაწერილმა ტექსტმა, და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ჩადებული ჯაფა ტყუილი არ ყოფილა, ეროვნულ ლიტერატურას  გზა გაეხსნა მსოფლიოში. ახლა ჯერი მწერლებზეა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ამბავი, რომელმაც წელს გაგვახარა და ორი წლის შემდეგაც გაგვახარებს – ანუ წიგნის ცენტრი ისევ მუშაობს – 2021 წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქი თბილისი იქნება, ეს კი იუნესკოს დამსახურებაა. როგორც ჩანს, ფრანკფურტში ქართული ლიტერატურის დადებითი შედეგების გამო,  იუნესკომ სწორედ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი აირჩია ამ პატივსაცემი სტატუსისთვის. ეს ამბავი კი ყველაფერს ერთად შეუწყობს ხელს და, მე ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავია, ვიდრე 2018 წელს – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი ქვეყნის საპატიო სტუმრობა იყო. ერთი მხრივ, იუნესკო მთავარ სტრატეგიად წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ისახავს, მეორე მხრივ კი ეს ყველაფერი ქართული ლიტერატურის ფართო მასშტაბებზე გასვლას შეუწყობს ხელს.

იყო ლიტერატურული საღამოები, მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც პოეზიის მოყვარულთათვის დიდი საჩუქარი გამოდგა, რადგან სხვა პოეტებთან ერთად მწერალთა სახლში სამი უდიდესი პოეტის საღამო გაიმართა – მაიკლ პალმერის, ლევ რუბინშტეინის და იუჯინ ოსტაშევსკის.

გასულ წელს ზუგდიდში დაწყებული ხელოვნების ფესტივალი – F5 წელსაც გაიმართა. ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია იმით, რომ გადის დედაქალაქის საზღვრებიდან და რეგიონულ ქალაქში ცდილობს კულტურული კერის შექმნას. წელს ფესტივალზე ტექსტების კითხვასთან ერთად მნიშვნელოვანი დისკუსიებიც გაიმართა.

გასახსენებელია არტ ვილა გარიყულაში შეყრილი მწერლებიც – სიტყვების ფესტივალზე – “ხშირად დასმული კითხვები”, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ “ფესტინოვას” ფარგლებში ჩატარდა და ოქტომბერში დასრულდა.  ამ დროში – 1989 წლიდან – 2019 წლამდე – ყოველ წელს სხვადასხვა ავტორმა მას ნაწარმოები მიუძღვნა.

ცოტა მსოფლიოსაც შევავლოთ თვალი: ამბავი მოხდა ცუდი, თანაც ძალიან – სამყარო ლიტერატურის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ, ამერიკელმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ტონი მორისონმა დატოვა. ის 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიკვდილზე არ შევჩერდეთ და აქვე ერთი დაბადებაც აღვნიშნოთ,  არა ავტორის ან რაიმე ლიტერატურული პრემიის, არამედ წიგნის, რომელიც სრულიად მივიწყებული ჰქონდა მკითხველს. საუბარი მაქვს ზაირა არსენიშვილის რომანზე – “ვა, სოფელო”‌. წიგნის რეპრინტის  შედეგად, ეს ენობრივად უმდიდრესი ტექსტი ისევ დაუბრუნდა მკითხველს, ანუ თავიდან დაიბადა.

აქვე კიდევ ერთი დაბადების ამბავიც ვთქვათ: ნინო ხარატიშვილის წიგნი დაიბადა ქართულ ენაზე,  “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” – ასე ჰქვია და ოთხწლიანი თარგმნის პროცესი, როგორც იქნა, წელს დამთავრდა. რამდენიმე დღის წინ თავად ავტორიც სტუმრობდა მშობლიურ ქვეყანას, მკითხველსაც შეხვდა და ავტოგრაფებიც დაარიგა.

მსოფლიოში დაიბადა ახალი წიგნი: აიათოლა ჰომეინის მიერ ფატვა გამოტანილმა სალმანდ რუშდიმ წიგნი გამოსცა, სახელწოდებით   კიხოტე. დონ კიხოტის მსგავსად, რუშდის პერსონაჟი გეგმავს მოგზაურობას, მიუწვდომელი ქალის სიყვარულის მოსაპოვებლად, რომელიც პოპულარული თოქშოუს წამყვანია. იგი გზად აწყდება თანამედროვე სამყაროს უამრავ პრობლემას – ოპიოდურ ეპიდემიას, თეთრების უზენაესობას, ომის შემდეგ მოსულ ტერორიზმს და ა.შ. ერთი სიტყვით, საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო წიგნია, რუშდისთვის შეუფერებელი სილაღითა და იუმორით. და როგორც ვიცი, წელს მისი წაკითხვა უკვე ქართულ ენაზეც იქნება შესაძლებელი.

გასულ წელს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მომხდარიყო – ქართველი მკითხველი პერუელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას მოლოდინში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მან დაუდგენელი მიზეზის გამო ჩამოსვლა გადაიფიქრა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ამბავში, ზემოთ ნახსენები ნეგატიური მოვლენა – მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის გაერთიანება არის დამნაშავე, რადგან მწერალთან მოლაპარაკებას სწორედ წიგნის ცენტრი აწარმოებდა, რომელსაც ნორმალურად მუშაობის საშუალება არ მიეცა.

მურაკამი გასულ წელსაც ნობელის პრემიის მიღმა დარჩა, თანაც იმ ფონზე, როცა ორი ნობელი გაიცა. ეს ხუმრობით. ორი ნობელის გაცემის მიზეზი 2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გაუქმება იყო. ალბათ გახსოვთ,   პრემიასთან დაახლოებული პირი, ჟან კლოდ არნო სექსუალურ ძალადობაში ამხილეს, შესაბამისად, ნობელმა პოლიტიკური ეთიკა დაიცვა და 2019 წელს ერთი ლაურეატი ქალი გახდა, პოლონელი მწერალი – ოლგა ტოკარჩუკი, ხოლო მამაკაცი ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი – პეტერ ჰანდკე.

ნობელის კვალდაკვალ გაიცა ბუკერის პრემია, თანაც, ვფიქრობ, უფრო ლოგიკურად და რელევანტურად, რადგან 2019 წელს პრიზი მარგარეტ ეტვუდს გადაეცა ახალი რომანისთვის – “The Testaments”.

სხვა ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გასულ წელს უამრავი კარგი წიგნი ითარგმნა.  საქართველო უფრო და უფრო ჩაერთო თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ცხოვრებაში – ბევრი ქართული ავტორის წიგნიც ითარგმნა და გავიდა უცხოეთში. და იმედია, 2020 წელი ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება ლიტერატურისთვის, განსაკუთრებით ჩვენი ლიტერატურისთვის, რადგან  მომავალ წელს – 2021-ში – დიდი ამბები გველოდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.