fbpx

ჟურნალ „Time“-ის ფოტოობიექტივით დანახული 2019 წელი


გააზიარე სტატია

„ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში მობილური ტელეფონებით გადაღებული მილიონობით გამოსახულება იტვირთება. ფოტოების გადაღება უკვე ყველას შეუძლია. ამ მოცემულობის მიუხედავად, პროფესიონალური ფოტოჟურნალისტიკა არ თმობს პოზიციებს, მისი გავლენა მაინც არ სუსტდება. 

2019 წელს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასახავდნენ მნიშვნელოვან მოვლენებს და საზოგადოებას ყველაზე ეფექტური ხერხით – ფოტოგრაფიით აძლევდნენ გასული წლის რეალობის აღქმის საშუალებას“, – წერს ამერიკული ჟურნალის, „Time“-ის რედაქცია და  წლის განმავლობაში მისი დაკვეთით შესრულებულ საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

  • სალოცავი ნოხი ხსოვნის მემორიალთან, ქალაქ კრაისტჩერჩში (ახალი ზელანდია), სადაც 2019 წლის 15 მარტს ორ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ავტორი: ადამ დინი

 

  • ბარსელონის „საგრადა ფამილია“ (წმინდა ოჯახის ტაძარი). 2019 წლის 18 მარტი. ანტონი გაუდის პროექტის მიხედვით ნაგები ტაძრის მშენებლობის დასრულება 2026 წლისათვის, გაუდის გარდაცვალების 100 წლისთავისთვის იგეგმება.  წელიწადში ტაძარს 4,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და მას 50 მილიონი ევრო შემოაქვს შემოსავლის სახით, რაც მშენებლობას ხმარდება. ავტორი: ლუკა ლოკატელლი

 

  • 2019 წლის 7 ივლისი. აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე მეგან რაპინო ფრანგებთან ფინალურ თამაშში გატანილ გოლს აღნიშნავს. ამ ჟესტით ფეხბურთელმა დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა, რომელშიც პრეზიდენტმა მეგან რაპინოს ინსტიტუციების პატივისცემა მოსთხოვა და გამოთქვა ეჭვი საფრანგეთთან გამარჯვების თაობაზე. ტრამპის ტვიტერ პოსტი განპირობებული იყო მეგან რაპინოს განცხადებით. ფეხბურთელმა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას გენდერულ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ტრამპის მოწინააღმდეგეა, თქვა, რომ თუ საფრანგეთს მოუგებდნენ, ფეხს არ შედგამდა წყეულ თეთრ სახლში. საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენების მიპატიჟება კი დიდი ხნის ტრადიციაა.  ავტორი: რიჩარდ ჰეთკოუტი

 

  • ხანძარი პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში. 2019 წლის 15 აპრილი. ავტორი ვერონიკა დე ვიგერი. წელს, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში პირველად, 25 დეკემბერს საშობაო მესა  ნოტრ-დამის ტაძარში არ ჩატარებულა. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმით, ნოტრ-დამის აღდგენა ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

 

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიწაზე,  ორ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში შეაბიჯა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. სადემარკაციო ხაზზე ტრამპმა და კიმმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რის შემდეგაც ტრამპმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე. აქამდე ეს აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია. ავტორი: ბრენდან სმიალოვსკი

 

  • თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების  ყოფილი დირექტორი, 29 წლის ჰოუპ ჰიკსი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის  დახურულ სხდომას ტოვებს, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე დაიკითხა. ჰოუპ ჰიკსმა თანამდებობა 2017 წლის ივლისში დაიკავა, მანამდე კი ტრამპის საარჩევნო შტაბის პრესმდივანი იყო. ავტორი: ენდრიუ ჰარნიკი

 

  • ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ქალაქ მარაკაიბოს (ვენესუელა) მოსახლეობამ კონდიციონერების გამოყენება ვერ შეძლო და აუტანელ სიცხის გადასატანად ღამე ქუჩაში გაატარა. ავტორი: როდრიგო აბდი

 

  • მოსწავლეების სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის მზადება. გერცლია. ისრაელი. ავტორი: ობედ ბალილთი

 

  • საჰარის 6-დღიანი მარათონის, Marathon des Sables-ის მონაწილეები  ფინიშს უახლოვდებიან. მაროკო. 2019 წლის აპრილი. ავტორი:  რაიან კრისტოფერ ჯოუნსი

 

  • სასტუმრო Gritti Palace. ვენეცია. 2019 წლის ნოემბერი. ავტორი: მარკო ბერტორელო

 

2019 წელი ჟურნალ „Time“-ის მიხედვით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.