fbpx

ინტერაქტიული ექსპოზიცია შესაძლებლობას გაძლევთ ედვარდ ჰოპერის საკულტო ფერწერაში შეაბიჯოთ


გააზიარე სტატია


ავტორი: Margherita Cole


ტექნოლოგიებისა და ხელოვნების სინთეზმა მთელ მსოფლიოში ინოვაციური გამოფენების გამართვის შესაძლებლობა შექმნა. ლუვრის დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ გადაადგილდება მონა ლიზა ვირტუალურ-რეალური გამოცდილების დახმარებით.  ახლა კი ვირჯინიის სახვითი ხელოვნების მუზეუმი  ედვარდ ჰოპერის ნახატის –  Western Motel-ის მიხედვით ინტერაქტიულ სამგანზომილებიან სივრცეს ქმნის.



იდეალურად დაპროექტებული დროებითი საცხოვრებელი ოთახი ჰოპერის ნახატს არა მხოლოდ ფერით, განათებითა და კომპოზიციით,  ფუნქციური თვალსაზრისითაც ნამდვილი ოტელის ნომერს მოგაგონებთ. სინამდვილეში ინსტალაცია ბევრად დიდი პროექტის – “ედვარდ ჰოპერი და ამერიკული სასტუმრო” ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ამერიკული მხატვრის ინტერესით – სასტუმროებში მიღებული გამოცდილებებით  არის შთაგონებული. 

გამოფენაზე ჰოპერის ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილია სხვა ამერიკელ მხატვართა 35 ნახატიც. აქვე ნახავთ ჰოპერის დღიურიდან ამონარიდებს, სასტუმროს ღია ბარათებს, რომელიც ჰოპერის მეუღლეს, ჟოზეფინა ჰოპერს ეკუთვნის. ეს შეუფასებელი პირადი ნივთები მოგვითხრობენ წყვილის მოგზაურობებზე, რაც ჰოპერის შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენდა.


“ჩვენს თითოეულ კურატორს ისეთი გამოფენის შექმნა ევალება, რომელიც მნახველს უნიკალური ხელოვნების ნიმუშებით მიიზიდავს და ამასთან, კოლექციის შესახებ  ახალ ამბავსაც წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ ამ ისტორიული გამოფენის წყალობით მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ჰოპერის სურათები, ნახატები და ილუსტრაციები ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად,  როგორებიც არიან: რიჩარდ ვუდვული, ჯონ სარჯენტი, ჩარლზ დემუტი, ედვარდ რუშა და სინდი შერმანი”, – აღნიშნავს მუზეუმის დირექტორი ალექს ნირგესი.


მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ფიზიკურად შეაბიჯონ ჰოპერის ნახატში -Western Motel.  უფრო მეტიც, გამოფენის ფარგლებში 50 ღამის გასათევი ადგილიცაა, სადაც ვიზიტორები თავს ისე იგრძნობენ, თითქოს მათ ჰოპერის ზეთის საღებავებით გაჯერებულ სამყაროში სძინავთ. “ჰოპერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მხატვარია, რომლის შემოქმედებითი კონცეფცია ბიოგრაფიული ფორმულითაა განპირობებული. მისი შემოქმედება პირქუში, იზოლირებული ინტროვერტის გამოძახილია. “ედვარდ ჰოპერი და ამერიკული სასტუმრო” წარმოაჩენს ნებისმიერი ტიპის დროებითი საცხოვრებლის მნიშვნელობას და ჰოპერის ნამუშევრების საფუძველს”, – აღნიშნავს გამოფენის კურატორი, პროფესორი ლეო მეზოუ.

გამოფენა ვირჯინიის სახვითი ხელოვნების მუზეუმში 23 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მას ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.