fbpx

სოციალური საწარმოები რეგიონებში


გააზიარე სტატია

 

სოციალური საწარმო ბიზნესის პრინციპებით მოქმედი საწარმოა, რომლისთვისაც  სოციალური მისია უმთავრესია და ბიზნესს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად იყენებს.

სოციალური საწარმოს მოგება არ იზომება მხოლოდ ფინანსური წარმატებით. გაცილებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი იმ სოციალური პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც იგი შეიქმნა.საქართველოში რამდენიმე ათეული სოციალური საწარმო არსებობს და მათი უმრავლესობა მეტ-ნაკლებად წარმატებით ფუნქციონირებს.

გაგაცნობთ საქართველოს რეგიონებში არსებულ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან სოციალური მისიით და ბიზნესმოდელის ტიპით. 

 

ხელოვნების სახლი ხევსურეთში – არაბული ART HOUSE 

სოციალური საწარმო მიზნად ისახავს ხევსურეთის პოპულარიზაციას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სოფელ კორშაში შეიქმნა სოციალური სახელოსნო, რომელიც ერთი მხრივ, ინარჩუნებს ადგილობრივ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, გადასცემს მას მომავალ თაობებს, მეორე მხრივ კი ამ მემკვიდრეობას აძლევს წარმოების სახეს, აქცევს სოციალურ ბიზნესად, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მთიანი რეგიონიდან მიგრაციული პროცესების შეჩერებას.

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ქართულ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილ მრავალფეროვან პროდუქციას.

საწარმოში დასაქმებულია 7 ადგილობრივი მოსახლე, რომელთათვისაც ადგილზე დასაქმების სხვა ალტერნატიული წყარო მიუწვდომელია.

 ბარისახოს თემში არსებული სკოლის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სოციალური საწარმოს მიერ მათთვის შეთავაზებული სპეციალური საგანმანათლებლო უფასო კურსებით და ჩაერთონ მრავალ სოციალურ აქტივობაში, რომელიც იმართება “არაბულების ხელოვნების სახლში”.

 

 

სასწავლო ცენტრი სოფელ გუმბათში – სოციალური საწარმო “გუმბათი” 

“გუმბათი” წარმოადგენს სასწავლო ცენტრს წალკის რაიონში მცხოვრები ენობრივი ბარიერის მქონე ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სასწავლო ჯგუფებში გაწევრიანებას ერთიანი ეროვნული გამოცდების და საატესტატო პროგრამის შესაბამისად განსხვავებული საგნების სწავლების მიზნით.

საწარმოს მიზანია ენობრივი ბარიერის მქონე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ქართული ენის პოპულარიზაცია, ინტეგრაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ამ გზით დასაქმების შანსის გაზრდა.

 

ინკლუზიური კაფე ბათუმში – თავისუფალი სივრცე 

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ინკლუზიური კაფე „თავისუფალი სივრცე“ ბათუმში მდებარეობს. სივრცე აერთიანებს საგანმანათლებლო და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ სხვადასხვა აქტივობებს, ამავდროულად წარმოადგენს ადგილს დასვენებისა და გართობისთვის.

კაფეში ფუნქციონირებს ქართული ჟესტური ენის სკოლა, სადაც სწავლა უფასოა. 

სოციალური საწარმოს მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება პროფესიული უნარების განვითარებითა და კაფეში დასაქმების გზით, ასევე მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა გამოწვევების ადვოკატირებით.

 

ტიხრული მინანქრის სოციალური სახელოსნო წნორში – იკორთა

2008 წლის ომის შემდგომ საქართველოში დევნილთა რაოდენობის ზრდამ და წეროვანის დევნილთა დასახლების შექმნამ სოციალური საწარმოს დაფუძნების იდეა გააჩინა და 2011 წელს შეიქმნა ტიხრული მინანქრის სოციალური სახელოსნო “იკორთა”.

საწარმოში 12 იძულებით გადაადგილებული ქალია დასაქმებული, რომელთათვისაც დასაქმების ალტერნატიული ფორმა ამ დროისთვის მიუწვდომელია.

“იკორთა” მომხმარებელს სთავაზობს ტრადიციული ქართული მინანქრის ტექნიკით შესრულებული ვერცხლის სამკაულებისა და ნაკეთობების ფართო არჩევანს.

საწარმოდან მიღებული შემოსავლები ხმარდება ორგანიზაციის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას ქალთა და ახალგაზრდების განვითარების მხარდასაჭერად. 

 

მულტიკულტურული სივრცე ოზურგეთში – სოციალური საწარმო რვას + 1 

 

 

სოციალური კაფე 8+1 2015 წელს საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ დააფუძნა ოზურგეთში.

კაფე  წარმოადგენს მულტიკულტურულ, შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვის სივრცეს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

სოციალური საწარმო მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო ლექციებს, გამოფენებს, კინოჩვენებებს, საგანმანათლებლო და არაფორმალურ შეხვედრებს. კაფე ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისათვის.

კაფეში დამკვიდრებულია საერთაშორისო მოხალისეობრივი კულტურა – უცხოელი მოხალისეები თავიანთი ქვეყნის ტრადიციებს და გამოცდილებას უზიარებენ ადგილობრივ ახალგაზრდებს.

 

საერთო სამუშაო სივრცე და კაფე-ბარი ზუგდიდში – მეგობარი

 

2017 წელს ა(ა)იპ-ის – „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ – ინიციატივით ზუგდიდში შეიქმნა სოციალური საწარმო – „მეგობარი“.

„მეგობარი“ წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელ სოციალურ საწარმოს სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი, დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც გადამზადდნენ და დასაქმდნენ სოციალურ საწარმოში.

„მეგობარი“ აერთიანებს როგორც საერთო სამუშაო სივრცეს, ასევე კაფე-ბარს.

საერთო სამუშაო სივრცე ახალგაზრდებისთვის უფასოა, აქვე ეწყობა ტრენინგები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები.

საღამოს სივრცე ფუნქციონირებს, როგორც კაფე-ბარი და რეგიონის ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს: მუსიკალურ საღამოებს, კინოჩვენებებს, სპორტული თამაშების ტრანსლაციებს… სივრცე კაფედან მიღებული შემოსავლით ახალგაზრდების იდეებს უჭერს მხარს.

 

სოციალური საწარმო – ნუკრიანის სახელოსნოები

 

სოციალური საწარმო „ნუკრიანის სახელოსნოები“ 2007 წელს დააარსა სათემო კავშირმა „ნუკრიანმა“.

“ნუკრიანის სახელოსნოები” წარმოადგენს ტრადიციების შენარჩუნებისა და მისი განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე ორგანიზაციას, რომლის წევრებიც არიან სოფელში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები.

სოციალური საწარმოს მიზანია სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზება, დასაქმება და ამ გზით მათი შემოსავლების გაუმჯობესება; თემის გააქტიურებისა და თვითმობილიზების ხელშეწყობა.

 

საბანაკე მომსახურება ლაგოდეხში – ოჩო კემპი

 

ოჩო კემპი გარემოსდაცვითი და ინკლუზიური საბანაკე მომსახურებაა ლაგოდეხში. ბანაკის სივრცე და ინფრასტრუქტურა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს: სამანქანო გზა მიყვანილია უშუალოდ ბანაკის ტერიტორიამდე, შხაპი, სველი წერტილები და საპიკნიკე ადგილიც ხელმისაწვდომია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.

სოციალური საწარმოს მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა და მათთვის არსებული  სოციალური სერვისების გამრავალფეროვნება.

გარდა ამისა, ბანაკი ემსახურება ადგილობრივი ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას.

ოჩო კემპში ყველა დამსვენებლისთვის ხელმისაწვდომია: აღჭურვილი სამზარეულო, საპიკნიკე ღია და დახურული სივრცეები, მაგიდები და სკამები, შხაპი და სველი წერტილები, კარვები დასაფენით და საძილე ტომრით.

 

კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე წნორში – “ცოდნის კაფე” და “ჭკვიანი გემო” 

 

“ცოდნის კაფე” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური საწარმოა, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა წნორში, 2018 წელს კი ორგანიზაციამ საქმიანობა გააფართოვა და სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ დააფუძნა.

“ცოდნის კაფე” აერთიანებს ყველა დეფიციტურ სივრცეს მუნიციპალიტეტში – კაფეს, არაფორმალური განათლების ცენტრს (სადაც იმართება სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, კონოჩვენებები და სხვა აქტივობები), მულტიმედია ბიბლიოთეკას, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინგლისურენოვან ბიბლიოთეკას, სამუშაო სივრცეს, რეზიდენციასა და წიგნის მაღაზიას.

 „ცოდნის კაფე“  თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდას.

ამჟამად სოციალური საწარმო აშენებს ახალ “ცოდნის კაფეს”. კამპანია #დადეშენიაგური ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას შემოწირულობა გაიღოს ახალი შენობის ასაშენებლად. 

 

ეზოს და ბაღის მოვლის სერვისი საგურამოში – ,,იალონი“ 

 

 

სოციალური საწარმო ,,იალონი“ 2018 წლის აპრილში სოფელ საგურამოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა.

,,იალონი“ საგურამოსა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს  ეზოსა და ბაღის მოვლის სერვისს სთავაზობს. საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისა საშუალებას აძლევს, ასევე, საზოგადოებაში  დამკვიდრებული სტიგმისა და სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება.

კადრებს დღის ცენტრ „იალონის“ ბენეფიციარებიდან და დასაქმების ფორუმიდან არჩევენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.