fbpx

ესპანური ფეიერვერკი და არშემდგარი „ელ კლასიკო“


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას მაყურებელი ესპანეთის სუპერთასის სახით 2020 წლის პირველი სერიოზული ტურნირის შემსწრე გახდა. 

წლევანდელი გათამაშება ექსპერიმენტული იყო. მოლოდინმაც ნამდვილად გაამართლა, რადგან ფეხბურთის გულშემატკივარმა სამი უმაღლესი დონის მატჩი იხილა; თუმცა, არშემდგარმა „ელ კლასიკომ“, რა თქმა უნდა, ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აღუძრა სეირის მოლოდინში მყოფ მაყურებლებს. 

სანამ უშუალოდ მატჩების განხილვას შევუდგებოდეთ, ალბათ უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა, თუ რამ განაპირობა ესპანეთის ჩემპიონსა და თასის მფლობელ გუნდებს შორის ტრადიციული, ერთი მატჩისგან შემდგარი სუპერთასის ჩანაცვლება ოთხგუნდიანი ტურნირით, რომელშიც ბუნებრივია, რომ ორ კლუბს სუპერთასზე მონაწილეობის არანაირი სტატუსი არ გააჩნდა…

ესპანეთის ლა ლიგა შარშან „ბარსელონამ“, ხოლო თასი კი „ვალენსიამ“ მოიგო, რომელმაც ფინალში სწორედ „ბარსელონა“ დაამარცხა ანგარიშით 2:1. საბოლოოდ კი მოხდა ისე, რომ სუპერთასი იმ გუნდებმა გაათამაშეს, რომელთაც შარშან არც თასი მოუგიათ და არც ჩემპიონობა.

თითქოს სრული აბსურდია, მაგრამ მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე რაღა ვთქვათ, რომელსაც ხშირად ის კლუბები იგებენ, რომლებიც იმავდროულად თავიანთ ჩემპიონატებში ვერ იმარჯვებენ, ხოლო ტურნირის ამჟამინდელი ორგზის ტრიუმფატორი „ლივერპული“ კი პრემიერლიგას თავის ისტორიაში უდიდესი ალბათობით პირველად წლეულს მოიგებს?

აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ უეფა-ს ექსპერიმენტები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაზე პრესტიჟული ტურნირების სახელწოდებებიც კი, რისი უახლესი მაგალითიც საუდის არაბეთში ჩატარებული ესპანეთის სუპერთასია. ნოვაციების შედეგად, დაძაბული მატჩების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათგან შემოსული ფინანსური მოგებაც ხომ კოლოსალურად მატულობს.

შემოსავლების მატება კი მართალია, ამა თუ იმ ტურნირის პრესტიჟს ვერ ცვლის, მაგრამ ყოველი ტიტულის მოპოვების ფასი დღესდღეობით თუნდაც რამდენიმე წლის წინანდელთან შედარებით რომ გაზრდილია, ამაში დასარწმუნებლად, ესპანეთის სუპერთასის ტურნირთან ერთად, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ პრაგმატიზმით გაჯერებული ბოლოდროინდელი განსხვავებული სტრატეგიებიც გვარწმუნებს. 

შარშანდელ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ოთხივე ინგლისური ტუტული (!) მოიგო. მათ შორის საინტერესოა კლუბის მიერ EFL Cup-ის და FA Cup-ის ერთდროულად მოგება, რადგან წლეულს მაგალითად, „ლივერპულმა“ სრულიად შეგნებულად მიატოვა ნაკლებად პრესტიჟული EFL Cup. 

FA Cup-ზე ასპარეზობა კი მერსისაიდულმა კლუბმა მაინც განაგრძო, რადგან სად არის ჩემპიონთა ლიგის ხელმეორედ მოგების გარანტია? მხოლოდ პრემიერლიგის მოგებას კი მომავალი სავარაუდო ჩემპიონი ნამდვილად ვერ დასჯერდება.

წლევანდელი „ლივერპულისგან“ განსხვავებით, შარშან „მანჩესტერ სიტი“ სეზონის ბოლო ტურამდე იბრძოდა ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად და ხომ ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში აღმოჩნდებოდა პეპ გვარდიოლა, თუკი მისი გუნდი  ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობასთან ერთად, მაისის ბოლოს ვერც პრემიერლიგას და ვერც FA Cup-ს მოიგებდა?

ამიტომ კლუბმა სრული ფიასკოსგან თავიდანვე თავი დაიზღვია და თებერვალში  თუნდაც ნაკლებად პრესტიჟული, მაგრამ ქრონოლოგიურად პირველი ტურნირი – EFL Cup მოიგო, რომლის ფინალშიც დიდი ალბათობით წლეულსაც იასპარეზებს და სავარაუდოდ, მოიგებს კიდეც მას…

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს პეპ გვარდიოლას და მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებლობის მანიშნებლად უნდა იქცეს, მაგრამ მადრიდის „რეალი“ რომ არ ხუმრობს და ზინედინ ზიდანი უკვე კბილებს ილესავს მისთვის ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ესეც აშკარაა.

ჩემპიონთა ლიგის ნაადრევ ფინალად შერაცხული „რეალის“ დაპირისპირება „მანჩესტერ სიტისთან“ რომ უკვე აშკარა წინასამატჩო ფსიქოლოგიური დუელის ხასიათს იღებს, ამის სიმბოლურ დადასტურებად მათ მიერ თავ-თავიანთი მეტოქეების, შესაბამისად, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ვალენსიას“ ერთდროულად ერთნაირი ანგარიშით 3:1 დამარცხება იქცა. 

თავისი მე-11 ესპანური სუპერთასისკენ სვლას მადრიდის „რეალი“ „ვალენსიასთან“ ტონი კროოსის მიერ მატჩის დებიუტშივე  კუთხურის ნიშნულიდან ჩახვეული ბურთით შეუდგა. 

„რეალი“ მატჩის პირველი წუთებიდანვე მაღალ ტემპში შეუდგა მეტოქის რბევას, ისე რომ პირველი ნახევარი ცალკარად აქცია. ესპანეთის თასის მფლობელს კი კიდევ კარგა ხანს დაამახსოვრდება მის მიერ ლა ლიგაში „რეალისთვის“ ერთი თვის წინათ წართმეული ქულების გამო ამ უკანასკნელის შურისძიება. 

აშკარაა, რომ ზინედინ ზიდანი შემადგენლობაში ექსპერიმენტებით თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო დახვეწილს ხდის მადრიდის „რეალის“ თამაშს. სუპერთასზე მონაწილეობა კარიმ ბენზემას და გარეთ ბეილს არ მიუღიათ. სამაგიეროდ თამაშის საშუალება მიეცათ იოვიჩს, ისკოს, მარიანოს, როდრიგოს, ვინისიუსს, ვალვერდეს.

ამ უკანასკნელმა შესანიშნავი ფინალური მატჩი ჩაატარა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, თუმცა შეხვედრის მიწურულს იგი იძულებული იყო ტიბო კურტუას კარისკენ პირისპირ გაქცეული ალვარო მორატა წაექცია. ამიტომ დამატებითი დროის უკანასკნელი ხუთი წუთის მანძილზე „რეალს“ ათი კაცის შემადგენლობით მოუწია თამაში. 

იქამდე კი აშკარა იყო ზიდანის გუნდის უპირატესობა და რომ არა „ატლეტიკოს“ გოლკიპერ იან ობლაკის ჩინებული თამაში, „რეალი“ მთელი 120 წუთის მანძილზე ერთი გოლის გატანას ალბათ როგორმე მოახერხებდა.

მაგრამ თუკი შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გოლების გარეშე აღინიშნა, ამის საპირისპიროდ „რეალმა“ ოთხივე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, ტრადიციულად დაჯაბნა რა ტრადიციული მეტოქე პენალტების სერიაში.

ბოლო თერთმეტმეტრიანი სერხიო რამოსმა გაიტანა და მადრიდის „რეალმაც“ 2018 წლის მაისში, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, თავისი პირველი ტიტული მოიპოვა.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს გამარჯვება ნამდვილად წაადგება გუნდს, რომელსაც რომ არა ოთხგუნდიანი ტურნირის ექსპერიმენტი, არაფერი ესაქმებოდა ესპანეთის წლევანდელი სუპერთასის გათამაშებაში.

სანახაობრივი თვალსაზრისით კი გამორჩეული აღმოჩნდა ტურნირის  მეორე მატჩი „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის, რომელშიც მადრიდულმა კლუბმა ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში პირველივე შეტევა მინდორზე ახლად შესულმა კოკემ გოლად აქცია. მომდევნო ნახევარი საათის მანძილზე კი „ბარსელონა“ დომინირებდა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი გამოირჩეოდა. 

არგენტინელმა მალე ინდივიდუალური გოლით აღადგინა წონასწორობა, ცოტა ხანში კი მანვე ულამაზესი გარღვევით დააწინაურა „ბარსელონა“, თუმცა VAR-ის გადაწყვეტილებით, მასზე ხელით თამაში დაფიქსირდა და გოლიც გაუქმდა. 

მიუხედავად ამისა, უკვე მომდევნო შეტევა გრიზმანის მიერ ყოფილ თანაკლუბელთა კარში გატანილი თავური გოლით აღინიშნა, ცოტა ხანში კი „ატლეტიკო“ კიდევ ერთხელ გადარჩა, როდესაც საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მყისიერი სამსვლიანი კომბინაცია – მესი-ვიდალი-პიკე – ამ უკანასკნელის მიერ „ატლეტიკოს“ კარში გატანილი გოლით დასრულდა, თუმცა VAR-მა ვიდალზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. „ბარსელონა“ ამის შემდეგ რატომღაც მოეშვა და მოხდა ის, რაც აქამდეც არაერთხელ მოსვლია ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილ ესპანეთის ჩემპიონს.

„ატლეტიკომ“ მატჩის მიწურულს ხუთწუთიან მონაკვეთში გოლების ფეიერვერკი მოაწყო მეტოქის კარში და ესპანეთის სუპერთასის ტურნირი „ელ კლასიკოს“ გარეშე დატოვა…  

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.