fbpx

ქართული და უცხოური Beauty Box-ები


გააზიარე სტატია


ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ და გაჯეტების ფართოდ გავრცელებამ ჩვენი ცხოვრების უამრავი წესი შეცვალა. ეს ცვლილება შოპინგსაც ეხება. ონლაინ შოპინგი პროდუქტის ყიდვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ხოლო ბოლო ათწლეულის ახალი ტრენდი კი ე.წ. Beauty Box-ები და მათი გამოწერაა. 

ყუთის გამოწერა ისევე ხდება, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთის, მთავარია აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფირმა, საფასო კატეგორია და შეავსოთ მარტივი კითხვარი, რის საფუძველზეც გამომგზავნი კომპანია აგირჩევთ თქვენი კანის ტიპთან, სახის ან თმის ფერთან შესაბამის პროდუქტებს.  

როგორც წესი, ყუთში მოთავსებულია რამდენიმე, სხვადასხვა ზომის დეკორატიული კოსმეტიკა და სხეულის მოვლის საშუალება. 

აღსანიშნავია, რომ გამოსაწერ ყუთებს უამრავი ხიბლი აქვს – ეს ერთგვარი თამაშია, სადაც ბოლომდე არ იცი, რა საჩუქარს უკეთებ საკუთარ თავს, და რაც მთავარია, გეძლევა საშუალება, რომ იაფად შეიძინო და დატესტო პროდუქტები, რომელთა საბაზრო ღირებულება გაცილებით დიდია.

ამ ყუთებით თანაბრად ინტერესდებიან როგორც პროფესიონალი და მოყვარული ვიზაჟისტები, ასევე, ის მომხმარებლებიც, რომლებიც კონკრეტული კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების შესახებ სწორედ გამოწერილი პროდუქტების შემდეგ იგებენ. 

მხოლოდ ამერიკაში რამდენიმე ასეული მსგავსი გამოსაწერი ყუთი არსებობს.

დროსთან ერთად, დაიხვეწა და უფრო დავიწროვდა სეგმენტი, რომელსაც ეს სერვისი ემსახურება – არსებობს ტანსაცმლის, სპეციალურად მამაკაცებისთვის განკუთვნილი, ტკბილეულის, მხოლოდ სახის ნაჭრის ნიღბების, ვეგანური და უამრავი სხვა კატეგორიის გამოსაწერი ყუთები.

საქართველოში სილამაზის ყუთების პოპულარობიდან გამომდინარე, გაგაცნობთ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოსაწერ Beauty Box-ებს. 

 

Beauty and the box დიზაინერ თეონა თავართქილაძის მიერ შექმნილი სილამაზის გზავნილია. მსგავსი ტიპის პირველი ქართული ყუთის შექმნიდან დაახლოებით ორი წელი გავიდა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიაა, რომლის ცნობადობაც და მომხმარებელიც დიდი სისწრაფით იზრდება. ყუთის გამოწერა თვეში 30 ლარად შეგიძლიათ. სილამაზის გზავნილში შეხვდებით როგორ სააფთიაქო, ასევე სხვა ბრენდების თავის მოვლის და დეკორატიულ საშუალებებს სხვადასხვა მოცულობით. ყუთს მოჰყვება ჟურნალი, რომელშიც გაეცნობით ინფორმაციას შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ,  მიიღებთ რჩევებს და სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერს. 

 

კიდევ ერთი ქართული ყუთის, Glam Box-ის მხოლოდ ზამთრის ყუთი გამოვიდა ლიმიტირებული რაოდეობით, თუმცა ფეისბუქ ჯგუფის, Glam Factory-ს დამფუძნებლის, მარიამ კვაშილავას იდეას უამრავი მსურველი გამოუჩნდა.

გლემ ბოქსი სეზონური ყუთია, რომლის ღირებულება 150 ლარია, თუმცა ყუთში 20-მდე სხვადასხვა მოცულობის პროდუქტი და უამრავი ვაუჩერია მოთავსებული. 

 

ალური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყუთია. მისი გამოწერის სტანდარტული ფასი თვეში 15 დოლარია, პირველი გამომწერებისთვის კი სხვადასხვა ფასდაკლება და საჩუქარია გათვალისწინებული. ყუთში მოთავსებულია მინიმუმ 70$-ის ღირებულების 6 პროდუქტი, რომელთაგან 2 მაინც არის სრული ზომის, ხოლო დანარჩენი სამოგზაურო ზომისაა, ან ტესტერია. 

 

ბოქსიჩარმის ფასი 25 დოლარია, მაგრამ თვის ყუთში გაცილებით მეტი თანხის პროდუქტებია მოთავსებული. მაგალითად, პირველი გამომწერები ამ წლის იანვარში სტანდარტულ პროდუქტებთან ერთად 2 დამატებით საჩუქარს მიიღებენ და ყუთის რეალური ფასი 300 დოლარს გადააჭარბებს. 

ბოქსიჩარმი ცნობილია იმით, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციას ათავსებს ყუთში და არსებული 6 პროდუქტიდან მინიმუმ 4 სრული ზომისაა.

 

ბირჩბოქსი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სილამაზის ყუთია, რომელიც 2010 წლიდან გამოდის. ყუთის ღირებულება 15 დოლარია და მასში 5 პროდუქტია მოთავსებული. ამ შემთხვევაშიც, პროდუქტების თვითღირებულება გამოსაწერ ფასს რამდენჯერმე აღემატება. 

 

იპსის გამოწერა თვეში 12 დოლარად შეგიძლიათ. კონკრეტული თვისთვის არსებული რამდენიმე ათეული პროდუქტიდან კომპანიის წარმომადგენლები თქვენთვის შესაფერის 5 პროდუქტს აარჩევენ და  გამოგიგზავნიან. ასევე, პირველი გამომწერებისთვის გათვალისწინებულია საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ გარდა სტანდარტული ჩანთისა, იპსი მომხმარებლებს სთავაზობს სხვა საფასო კატეგორიის ყუთებსაც, სადაც, რა თქმა უნდა, როგორც პროდუქციის, ასევე ბრენდების რაოდენობაც იზრდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.