fbpx

მწერიჭამია, მტაცებელი მცენარეები


გააზიარე სტატია


მტაცებლობა ავტოტროფ ორგანიზმებში, კერძოდ, მცენარეებში, იშვიათი მოვლენაა. ყვავილოვან მცენარეთა შორის გვხვდება 500-მდე სახეობის მწერიჭამია მცენარე, რომლებიც მეტამორფოზული ფოთლების მეშვეობით იჭერენ მწერებს (იშვიათად  პატარა ცხოველებსაც) და საკვებად იყენებენ. 

შვედმა ფოტოგრაფმა ჰელენ შმიტცმა გამოაქვეყნა პროექტი Carnivores, სადაც წარმოადგინა  ამ მონადირე მცენარეთა სილამაზე და მათი მტაცებლური ბუნება. 

 

Dionaea muscipula – ვენერას ბუზიჭერია.

ჩრდილო ამერიკის ტორფნარში გავრცელებულ ვენერას ბუზიჭერიას (Dionaea muscipula) აქვს ორნაკვთიანი, შეფერილი, მგრძნობიარე ბუსუსებიანი ფოთლის ფირფიტა. მისი კიდეები იმდაგვარადაა დაკბილული, რომ დაკეცვისას ერთიმეორეში ჯდება. ფოთოლზე მწერის მოხვედრისას მგრძნობიარე ბუსუსები ღიზიანდებიან და ფირფიტა იკეცება. მწერი მახეში ებმება. მწერის მონელება ფირფიტის უჯრედების მიერ გამოყოფილი სეკრეტით მიმდინარეობს.

საინტერესოა ისიც, რომ მწერებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების დასაჭერად მცენარეები სხვადასხვა ტიპის ისეთ „მახეებს“ იყენებენ, როგორებიცაა: დოქის ფორმის ფოთლები, ფოთლები, რომლებიც ხაფანგის პრინციპით იკეცებიან, წებოვანი ბუსუსები, შემწოვი მახეები, კიბორჩხალის ყბაფეხის ტიპის დამჭერი სისტემა. 

 

Drosera stolonifera 

დროზერას ნაირსახეობა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე – Drosera rotundifolia გავრცელებულია საქართველოშიც  და უმეტესად, ტორფიან ჭაობებში გვხვდება. მრგვალი ფორმის ფოთლის ფირფიტის ზედაპირი კაშკაშა მოწითალო ფერის ბუსუსებითაა დაფარული, მათ ფუძესთან განლაგებულია მბრწყინავი, წებოვანი სურნელოვანი ნივთიერების გამომყოფი სეკრეტორული უჯრედები. ფოთლის შეფერილობა და სეკრეტის სუნი  ყვავილის იმიტაციით იზიდავს მწერებს. ფოთოლზე დამჯდარი მწერი ეწებება მას და იწყებს ფართხალს. ამით მწერი აღიზიანებს მგრძნობიარე ბუსუსებს. გაღიზიანება მთელ ფოთოლზე ვრცელდება, საპასუხოდ, ბუსუსები იხრებიან მწერისკენ და მჭიდროდ ეხვევიან მას. ბუსუსის სფერული დაბოლოებიდან გამოიყოფა პროტეოლითური ფერმენტებისა და ორგანული მჟავების შემცველი სეკრეტი. მწერის მონელება და მონელებული ნივთიერებების შეწოვა რამდენიმე დღე მიმდინარეობს.

 

Nepenthes Lowii

ნეპენტესი გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, მალაიზიაში, ფილიპინებსა და მაგადასკარზე, მწერების დასაჭერად კი დოქისმაგვარი ყვავილები აქვს. მას მეორენაირად “მაიმუნის ფიალასაც” უწოდებენ, რადგან მისი „დოქიდან“ წყალს მაიმუნები სვამენ. ნეპენტესის მწერების სატყუარა ყვავილი შეიცავს სითხეს, რომელსაც აქვს წებოვანი სტრუქტურა. ნეპენტესის ზოგიერთი ჯიშის ყვავილი დიდი  იზრდება და მის მახეში პატარა ცხოველებიც, მაგალითად, თაგვებიც ხვდებიან.

 

Sarracenia

მწერიჭამია მრავალწლოვანი ბალახია, რომელიც გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

მწერებს იზიდავს ყვავილის ფერი, სუნი და გამოყოფილი ნექტარი. ნექტარი ტოქსიკურია, შესაბამისად, მწერებს აბრუებს და ისინი ვარდებიან ყვავილის შუაგულში არსებულ ხვრელში, სადაც ფერმენტების ზემოქმედებით გადამუშავდებიან.

 

Sarracenia flava

ენდემური მცენარეა და სარაცენიასებრთა ოჯახის კიდევ ერთ სახეობას წარმოადგენს. ის მილისებრი ფოთლებით (ასციდიები) გამოირჩევა. გავრცელებულია  ალაბამის, ფლორიდის, ნიუ-ჯერსისა და ვირჯინიის შტატებში.

 

Darlingtonia

კალიფორნიული დარლინგტონი – სარაცენისებრთა ოჯახიდანაა, ძირითადად, ჭაობებში და წყლიან ადგილებში ხარობს. მას დაგრეხილი ფოთლები აქვს და წარმოქმნიან ხვრელს, რომელიც დროდადრო ბუშტივით იბერება. მასში მწერის მოხვედრისთანავე ყვავილი იხურება და მწერი უკვე ვეღარ ახერხებს გარეთ გამოსვლას. ფოთოლი მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა მწერი ბოლომდე გადამუშავდება.

 

Drodeas in bud

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.