fbpx

ჩემი ქრაში რომარიო


გააზიარე სტატია

ავტორი: მარი ლორთქიფანიძე

იცით ჩემი პირველი შეყვარებული ვინ იყო? შეყვარებული ალბათ არასწორი სიტყვაა, უფრო “ქრაში”, უბრალოდ, მაშინ როდესაც ეს ამბავი ხდებოდა, ეს სიტყვა არ იყო შემოსული ჩვენში, ამიტომაც, თქვენი ნებართვით, იმ სიტყვით მოვიხსენიებ, რომელსაც ჩემი ეზოს მეგობრები ჩემს გასაჯავრებლად იყენებდნენ. 

მოკლედ, ისევ ეზოს ტერმინი რომ გამოვიყენო და ბევრი არ გავატრაკო, ჩემი პირველი შეყვარებული რომარიო იყო, ოღონდ რომარიო დე სოუზა ფარია კი არა, ჩემს ეზოში უეცრად გაჩენილი პატარა შავგვრემანი ბიჭი, რომელსაც რომარიოს მაისური ეცვა, აი ის მაისური… კატალონიელთა ავბედითი ფინალიდან. 

 

ჩვენს ბავშვობაში ასეთი ტრადიცია არსებობდა: ვისაც ვისი მაისური ეცვა, იმის სახელს შეარქმევდნენ ხოლმე და მთელი ეზო უკვე იმ სახელით მოიხსენიებდა, ნუ, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს ცოტაოდენი საფეხბურთო ტალანტიც უნდა გამოეჩინა, თორემ უსახელო სირებიც მრავლად ახსოვს ჩვენი ასფალტის საფარიანი სტადიონის მეხსიერებას. 

ისე, ამ პერიოდში საფეხბურთო მაისურებს მოთამაშის გვარები არ ეწერა და მხოლოდ ნომრით შეგვეძლო მაისურის რეალურ მფლობელზე გასვლა. შესაბამისად, ჩემს რომარიოს 10-ნომრიანი მაისური ეცვა და მისი მეტსახელიც აქედან მოდის, თორემ, ახლა რომ ვიხსენებ, ვიზუალურად ბებეტოს უფრო წააგავდა, დაბალი შუბლით და სევდიანი, მოჭუტული თვალებით. 

რომარიო სოხუმელი იყო, ის ჩვენ ეზოში 95 წლის ზამთარში გამოჩნდა და ჩემი ფეხბურთით გატაცებაც ამ დროიდან დაიწყო. სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს, რატომ შემიყვარდა ასე, ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ თვითონ ამისთვის არაფერი უქნია, არც კი შემოუხედავს “იმნაირად”. 

თუ ადრე ეზოში ჩასვლა დიდად არ მიყვარდა, ახლა უკვე სტადიონის რომბებიან, ლითონის “სეტკაში” მქონდა სულ ცხვირ-პირი გაყოფილი. წესები მარტივად ვისწავლე, ტერმინებსაც ადვილად ავუღე ალღო – “პადსიბია”, “სტენკა”, “გოლბეკი”, “შტანგა გოლი”. ფეხბურთელების სახელების შესასწავლად ლათინური ასოების გარჩევა ვისწავლე და ჩემი ძმის ფინალის (იყო ასეთი საღეჭი რეზინი) “ნაკლეიკების” სრული შემადგენლობა დავიზუთხე. ოლეგ პროტასოვს, ბურუჩაგას და მარიო ლეკეტუშსაც კი ვცნობდი სახეზე. 

მოკლედ, ერთი წლისთავზე ვერის პარკის ბიძებთან რომ წავეყვანე მამაჩემს, ნამდვილად არ მოვჭრიდი თავს. ცოდნით კი ვისწავლე ეს ფეხბურთი, მაგრამ აი თამაშით ვერაფერი მოვუხერხე, ბურთსაც კი ვერ ვკენწლიდი ნორმალურად. არადა, ამ რომარიოსთან თამაშით უფრო გამიადვილდებოდა კონტაქტის დამყარება, თორემ წინა დღის თამაშის გარჩევით დაკავებული მე ეგ არ მინახავს.

ვიყავით ასე, სხვადასხვა პოლუსებზე – ის ფინტებს სწავლობდა, მე კი მასლაჩენკოს ვუსმენდი ტელევიზორში, რომ უფრო მეტი რამ მესწავლა. 

გამოლაპარაკებას ვერ ვბედავდი, ეტყობა, იმასაც დიდად არ ვხვდებოდი თვალში – ხომ იცით, პატარა-დიდი ბიჭები პატარა გოგოებს რომ ვერ ამჩნევენ საერთოდ. მე მაინც მიყვარდა, შორიდან, სტადიონის “სეტკის” მეორე მხრიდან, ისევე, როგორც არაერთი ფეხბურთელი მყვარებია ტელევიზორის ეკრანის მეორე მხრიდან. არის ამაში ჩემთვის რაღაც სიმბოლური. 

ჩემი მეორე სასკოლო არდადეგები იყო, ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი თბილისში, როდის დავიკავებდი ჩემს კუთვნილ ადგილს სტადიონის ღობესთან. ვცდილობდი, გავრუჯულიყავი, რომ მეც რომარიოს ფერი მიმეღო. 

თბილისში გვიან ღამით ჩამოვედით, ეზოში უკვე არავინ იყო. მთელი ღამე გავათენე დილით ეზოში ჩასვლის და რომარიოს დანახვის მოლოდინში. 

გათენდა, ეზოში პირველი დავერჭე. ცოტა ხანში დელ პიერო, რობერტო კარლოსი, რაული და ხუჭუჭა დონადონი გამოჩდნენ, მაგრამ რომარიო არ ჩანდა… რაული სადარბაზოში შევიდა დანარჩენების დასაძახებლად. 10 წუთში მეორე რაული, კანტონა და მათეუსი ჩამოვიდნენ. დონადონიმ, რომელიც ჩემი კარის მეზობელი იყო, ჩემკენ გამოიხედა და გამომძახა: 

– მარი, კარში ჩაგვიდგები? კაცი გვაკლია.

– და რომარიო სად არის? – გავბედე კითხვის დასმა. 

– რომარიო გადავიდა… 

ეს იყო პირველი ტრანსფერი ჩემს ცხოვრებაში, პირველი გადასვლა. ამ დღის მერე ყველა ზაფხულის მეშინია – მეშინია, ვინც მიყვარს ამ სატრანსფერო ფანჯრისას სადმე არ გადავიდეს, თან ჩემი საყვარელი “აიაქსის” ამბავი ხომ იცით, ალბათ მომავალ ზაფხულს ჰაკიმ ზიეჩიც სადმე წავა…

ზოგიერთი ტრანსფერის გახსენება ახლაც სევდას მგვრის: ფიგუს და ოუენის “რეალში” გადასვლა, ანრის და სუარესის – “ბარსელონაში”, ფერნანდო ტორესის და ვაიმედედიკოშევჩენკოს გაპარვა რომან აბრამოვიჩთან, ნებისმიერი ფეხბურთელის გადასვლა პსჟ-ში ხომ საერთოდ მაცოფებს – აი ძალიან კარგი გოგო რომ ფულის გამო ვიღაც გაუგებარ ბიჭს გაჰყვება, მაგ ამბავს მაგონებს. 

ალბათ, ერთადერთი ტრანსფერი რომელმაც გამახარა, შოთის გადასვლა იყო “აიაქსში”.

და ქინქლაძე? ქინქლაძე საერთოდ სხვა ისტორიაა და მაგაზე ცალკე დავწერ. 

ისე, მერე გავარკვიე და თურმე ნამდვილი რომარიო თავის ევროპულ კარიერას ჩემს მოსისხლე მტერ პსვ ეინდჰოვენში იწყებდა, მაგრამ ეგ არაფერი, როგორც ერთი სერიალის ერთი გმირი იტყოდა: “ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ გვიყვარდეს.”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.