fbpx

ხელოვანი, რომელიც მსოფლიომ ნაგავსაყრელზე დამზადებული ნამუშევრებით გაიცნო


გააზიარე სტატია



ბრაზილიელი არტისტი ვიკ მუნისი მსოფლიომ 2010 წელს გაიცნო, როცა ეკრანებზე გამოვიდა ეკოლოგიის თემაზე შექმნილი ფილმი „Waste Land“. ფილმში ნაჩვენები იყო, თუ როგორ ქმნიდა მუნისი ხელოვნების ნიმუშებს რიო-დე-ჟანეიროს ნაგავსაყრელზე, მასალად კი ნაგვის ნარჩენებს იყენებდა. 

 

ვიკ მუნისმა თავისი შემოქმედებითი კარიერა ბრაზილიაში დაიწყო. პირველი ნამუშევრების სერია შაქრისგან შექმნა. ეს იყო იმ ბავშვების „შაქრის“ პორტრეტები, რომელთა მშობლები მძიმე პირობებში, შაქრის ლერწმის პლანტაციებში მუშაობდნენ.  

90-იანების შემდეგ მუნისი სამუშაოდ ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მისი სამუშაო მასალა და ტექნიკა უფრო მრავალფეროვანი გახდა. შოკოლადი, გრუნტი, ნაგვის ნარჩენები, პლასტმასის ბოთლები, ლურსმნები, ფოტოკოლაჟები მისი ხელწერის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

საინტერესოა ისიც, რომ ბრაზილიელის ნამუშევრების ზომები განსხვავებულია. ზოგი მათგანის დათვალიერება მხოლოდ დიდი სიმაღლიდან, მაგალითად, მრავალსართულიანი სახლის სახურავიდანაა შესაძლებელი. მუნისის თემებიც მრავალფეროვანია. უჩვეულო მასალისგან აცოცხლებს კლასიკოსი მხატვრების შედევრებს, ასევე ქმნის საკუთარ სიუჟეტებსაც. 

ხშირ შემთხვევაში მუნისის მიერ შექმნილი ინსტალაციები მალევე ნადგურდება, აქედან გამომდინარე, არტისტი მათ ფოტოებსაც იღებს. „ფოტოგრაფიისთვის საინტერესო ობიექტები დიდი ხანია აღარ არსებობს. შესაბამისად, თუ რამეს გადაღება გსურს, სასურველი ობიექტი თავად უნდა შექმნა“, – ამბობს არტისტი. ჟურნალმა Time-მა მუნისი ახალი ათასწლეულის ერთ-ერთ წამყვან მხატვრად მოიხსენია, ხოლო New York Times-მა მის შემოქმედებას ანტიდეპრესანტი  უწოდა.  


 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.