fbpx

ირანის რევოლუციის პირველი ათწლეული ქავე ქაზემის ფოტოებში


გააზიარე სტატია

 

ქავე ქაზემის ეს ფოტო ირანის ისტორიის არცერთ ოფიციალურ სახელმძღვანელოში არაა შესული. მასზე ასახულია ჯინსებში გამოწყობილი ორი გოგო ფარანჯის გარეშე, რომლებიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მოხალისეებმა დააკავეს. როგორც ქაზემი იხსენებს, ფოტო 1979 წელს გადაიღო, როცა ფარანჯის სავალდებულო ტარების საპროტესტო მიტინგიდან ბრუნდებოდა. ამ დღიდან მოკლე ხანში ირანის პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცა ქალებისთვის, მათ შორის უცხოელი სტუმრებისთვის, ფარანჯის ტარების ვალდებულება.

 

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად გამოქვეყნებული მილიონობით ფოტოს ფონზე ხშირად გვავიწყდება, რომ ფოტოგრაფია ისტორიის დოკუმენტირის მცდელობაა.  ირანში კი, სადაც სახელმწიფო რეალობის საკუთარ, მისთვის მისაღებ ვერსიას სთავაზობს მსოფლიოს, ქაზემის ფოტოგრაფია ბოლო ათწლეულების მწარე სიმართლეს დაძველებული ღვინოსავით ინახავს. მისი შემოქმედება ქრონოლოგიურია – 1978 წლიდან იწყება, როცა „შავი პარასკევის“ სახელით ცნობილი შაჰის საწინააღმდეგო პროტესტი დაიწყო და ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რაც ისლამურ რევოლუციას მოჰყვა.

ქავე ქაზემის რევოლუციისა და რევოლუციის შემდგომი პერიოდის, ასევე ერაყთან ომის ამსახველი ფოტოები 2 წლის წინ ირანში ფოტოწიგნად  გამოიცა – „რევოლუცია – პირველი ათწლეული“. არსებობდა საფრთხე, რომ ცენზურას საერთოდ დაებლოკა გამოცემა და ის ერთგვარი ტესტიც აღმოჩნდა სახელმწიფოს ამჟამინდელი მმართველებისათვის. მაკონტროლებელმა უწყებებმა ფოტოგრაფს კრებულიდან 20 ფოტოს ამოღება მოსთხოვეს, თუმცა, ქაზემის წინააღმდეგობის შემდეგ, მხოლოდ ერთი ფოტო ამოიღეს. „ფოტოზე გამოსახული იყო მომიტინგე მოღერებული მუშტით და აიათოლა ხომეინის პორტრეტით. დღემდე ვერ ვხვდები, რა საფრთხე დაინახეს მასში“, – ამბობს ფოტოგრაფი.

ფოტოწიგნში „რევოლუცია – პირველი ათწლეული“ ბევრი აქამდე ტაბუირებული თემა შევიდა, მაგალითად, ბრძოლები ძალაუფლებისათვის სხვადასხვა კლანებს შორის, რომელიც პოსტ-რევოლუციურ პერიოდს მოჰყვა. ოფიციალური ირანი ამ სისხლიან გარჩევებს დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, რადგან ქმნიდა მოჩვენებით სინამდვილეს, თითქოს ყველაფერს აკონტროლებდა და პროცესებს თავიდანვე მართავდა.

ფოტოწიგნში შევიდა ირან-ერაყის სამხედრო კონფლიქტის ამსახველი მასალაც. ქაზემი ირანელ ჯარისკაცებს საბრძოლო მოქმედებისას თან ახლდა და ომის ნამდვილ სურათს აღწერდა, განსხვავებით სახელმწიფოსგან, რომელიც მედიის საშუალებით გამარჯვებული და დაუმარცხებელი ირანის რეალობას ქმნიდა.

ქავე ქაზემის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ქალების ბრძოლას უფლებებისათვის. საინტერესოა ისიც, რომ ქალთა აქციებს აშუქებდა ოფიციალური მედიაც, თუმცა, ფარანჯის სავალდებულო ტარების შემოღების შემდეგ, ქალთა პროტესტის ამსახველ მასალას არქივებშივე ანადგურებდა. 

„ფოტოების გასაჯაროებას ათწლეულები ველოდი. მათი შერჩევისას არ მსურდა სახელმწიფოსთან კომპრომისზე წასვლა, შესაბამისად, წიგნის გამოცემის იმედი არ მქონდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ჩემი გამოსახულებები საზოგადოებამ მაინც იხილა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩინოვნიკების თუნდაც მცირე ნაწილში მსოფლმხედველობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ირანული საზოგადოება იცვლება, პროგრესი მხოლოდ მოლებში არ შეინიშნება“, – ამბობს ფოტოგრაფი. 

ქავე ქაზემის ფოტოწიგნი მთავრდება ფოტოებით, რომელიც აიათოლა ხომეინის გარდაცვალების თემას ეხმაურება. მისი თქმით, იყო განცდა, რომ მისი გარდაცვალებით რაღაც შეიცვლებოდა, თუმცა, დაკრძალვის შემდეგ, გამოჩნდა ახალი ლიდერი – აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც დღემდე ირანის უზენაესი ლიდერია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.