საბჭოთა თბილისი და ლიეტუვა – ვიტას ლუცკუსის აკრძალულ ფოტოკოლექციებში
ვიტას ლუცკუსი საკულტო ლიეტუველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც მისი სიცოცხლის მანძილზე იშვიათად იფინებოდა. ფოტოგრაფიამ ლუცკუსი 20 წლის ასაკში გაიტაცა. ის ბევრს მოგზაურობდა და სხვადასხვა თემებზე მუშაობდა.
თბილისის მილიცია მასთან ერთად ღვინოს სვამდა. ოდესელი ქურდები მის სანახავად ჩამოდიოდნენ. ბაშკირეთის სოფლებიდან მას თაფლს უგზავნიდნენ. სრულიად სომეხთა კათოლიკოსი მას ხელგაშლილი ვახშმით უმასპინძლდებოდა. სახლში მას ცოცხალი ლომი ჰყავდა. ბევრს მუშაობდა და ბევრს სვამდა.
ბევრი ადამიანი ენდობოდა მას, აღფრთოვანებული იყო მისით, ბაძავდა მის მანერებს და ჰყვებოდა მის თავშესაქცევ ამბებს. მისი დიდებული და ექსტრავაგანტური სახლი იმ დროის ბოჰემის ყველაზე თვალსაჩინო ცენტრი გახლდათ. ფოტოგრაფი და მისი მშვენიერი ცოლი იქ მთელი საბჭოთა კავშირის ცნობილ მხატვრებს მასპინძლობდნენ. საუბრები ხელოვნებისა და ცხოვრების შესახებ აქ ერთი-ორ დღეზე მეტხანსაც გრძელდებოდა ხოლმე. მაგრამ ყველაზე მეტად მას ფოტოგრაფია იტაცებდა.
ლუცკუსი დაიბადა კაუნასში, ცხოვრობდა ვილნიუსში. ცოლად მოიყვანა რუსი გოგო, ტანია. ძალიან ლამაზი წყვილი გამოვიდა, როგორც მეგობრები იგონებენ. თვალშისაცემი. მათ სახლში ყოველთვის ბევრი მეგობარი იყრიდა თავს – მთელი საბჭოთა კავშირიდან (რომლის აღსასრულსაც ის ვერ მოესწრო). სახლი-სახელოსნო: უმწიკვლო ინტერიერი, ძველებური ავეჯი, მხატვრობა, წიგნები; მუსიკა, ჭურჭელი, დანა-ჩანგალი – არაფერი მყვირალა და ზედმეტი. არაბალტიური ხელგაშლილობა.
ფოტოგრაფი ვიტას ლუცკუსი ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობდა, რომელიც მას არ იღებდა. დაუცხრომლობა, უსაზღვრო ინდივიდუალობა და ექსტრაორდინარული დოკუმენტური ფოტოები ლუცკუსში ავლენდნენ მხატვარს, რომელიც უარს ამბობდა, შეჰგუებოდა არსებულ პირობებსა და “ნორმალურ” ცხოვრებას. ის არ ეძებდა წარმატებას სისტემის ჩარჩოებში. ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ლუცკუსი ჯერ კიდევ “აკრძალული” ფოტოხელოვანია თავისივე სამშობლოში, უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში. მისი მიღწევები და ინოვაციები ჯერ კიდევ მხოლოდ ვიწრო წრის ინტელექტუალებისთვისაა ცნობილი, როგორც ეს მის ცხოვრებაში, საბჭოთა დროს იყო.
“ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობდით, – იხსენებს ფოტოგრაფის ქვრივი, – ჩვენ ვქმნიდით. ვცხოვრობდით. ვიყავით ბედნიერები. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ეს ისტორიის ნაწილია. მას ჰქონდა უნიკალური ნიჭი მოტივირებისა და შთაგონების, შეეძლო გავლენა ჰქონოდა სხვა ადამიანებზე. შეეძლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძილისა და სასმელის გარეშე ემუშავა.”
ისინი საავადმყოფოში შეხვდნენ, როცა ტანია მედდად აპირებდა მუშაობის დაწყებას. ის 18 წლის იყო, ლუცკუსი 24-ის. მისი პირველი სახლი უფრო ფოტოლაბორატორიას ჰგავდა, სადაც გასაშლელი საწოლი იდგა. ცოლი მის მუზად, შემოქმედებით პარტნიორად, მოდელად და კოპროდიუსერად იქცა. ისინი ფულს სარეკლამო პლაკატების შექმნით შოულობდნენ, რომლებსაც მაღაზიის მეპატრონეები ნახევრად ცარიელი მაღაზიების თავზე ათავსებდნენ.
ლუცკუსს ლიეტუვაში კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ფუძემდებლად თვლიან. მაგრამ ვიტას ლუცკუსი ასევე ბოლომდე ერთგული დარჩა რეპორტაჟული ფოტოგრაფიისა, რითაც თავისი კარიერა დაიწყო. ის კარგად აერთიანებდა ორ სრულიად საპირისპირო მიმართულებას: წმინდა წყლის დოკუმენტალიზმსა და თამამ ფანტაზიას.
ვიტას ლუცკუსი თავის თავს “დვარნიაჟკას” ეძახდა. კადრებს ის ინფორმაციითა და ემოციებით ავსებდა. ხშირად იღებდა ადამიანებს გამაღიზიანებლად ახლოდან. აპარატის ღილაკს მაშინ აჭერდა, როცა ადამიანი უკვე სიცილს ან ხელების ქნევას იწყებდა.
1960-იანებიდან 1980-იან წლებამდე ვიტას ლუცკუსმა ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში იმოგზაურა. ფოტოებს უღებდა გლეხებს, არტისტებს, შემთხვევით გამვლელებს, მილიციონრებს, ქალაქელ ბავშვებს. ის სულმოუთქმელად მუშაობდა, კისერზე მუდმივად ეკიდა აპარატი. ფოტოგრაფი არასდროს ეხებოდა პოლიტიკას, და ამის მიუხედავად მას ცენზურა არასდროს წყალობდა. მას ხშირად კუდში დასდევდნენ ინფორმატორები და პოლიციელები.
1987 წლის 16 მარტს უცნობმა ადამიანმა, სავარაუდოდ, უშიშროების აგენტმა, ვილნიუსში მდებარე ლუცკუსის ოჯახის ბინა მოინახულა. ვიტასი აღაშფოთა ამ ადამიანის შეკითხვებმა და ანგარიშის მიხედვით სასიკვდილო დარტყმა მიაყენა მას, რის შემდეგაც აივნიდან გადახტა. ცოლმა ის თოვლში იპოვა.
ტანია რამდენიმე წლის განმავლობაში განაგრძობდა ფოტოგრაფირებას, მაგრამ ლიეტუვაში თავს უსაფრთხოდ არასდროს გრძნობდა. 1991 წელს შვილთან, კატრინასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა შეერთებულ შტატებში და თან წაიღო ფოტოებით სავსე ჩემოდანი, ვიტასის დღიურები და 50 დოლარი. ის იქ გათხოვდა და ამჟამად მერილენდის გარეუბანში მდებარე მოხუცებულთა სახლში მუშაობს, სადაც ათასობით შავ-თეთრ ფოტოსურათს ინახავს, რომელზეც საბჭოთა ლიეტუვაა აღბეჭდილი.
ვიტას ლუცკუსის ფოტოკოლექციებმა, რომელსაც კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ერთ-ერთ გამავრცელებლად თვლიან, დროს გაუსწრეს. ცხოვრების მანძილზე ის მხოლოდ ვიწრო წრის ინტელექტუალებისთვის იყო ცნობილი და მისმა უდროო სიკვდილმაც არაფერი შეცვალა – შვეიცარიაში მისი ალბომი გამოსცეს, ჰოლანდიაში გამოფენა გაუმართეს, ხოლო პუშკინის სახელობის მუზეუმმა მისი ფოტოების მცირე კოლექცია შეიძინა. ლუცკუსის რამდენიმე ფოტო ასევე აუქციონებზე გაიყიდა.