fbpx

და კვლავ ბუნდესლიგა…


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა, რადგან სატურნირო ცხრილის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, სულ მცირე ხუთი გუნდი მაინც ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს, რომ აღარაფერი ვთქვათ  პირველ ოთხეულში ადგილების მაძიებელი კლუბების სიმრავლეზე.

ანალოგიური მდგომარეობაა გასავარდნ ზონაშიც. აქედან გამომდინარე, თითქმის ნებისმიერი თამაში ექვსი ქულის ტოლფასი მნიშვნელობისაა და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამჟამად სატურნირო ცხრილში მეცხრე-მეათე პოზიციებზე მყოფი რომელიმე გუნდი წლის ბოლოს გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს.

სატურნირო ცხრილის დაძაბულობა პირველივე მატჩზე აისახა, რომელშიც ამბიციური „შალკე“ და მიონხენგლდბახის „ბორუსია“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

„ბორუსია“ სულ რაღაც ორიოდე თვის წინათ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდა და ამ მატჩშიც ყველანაირად შეეცადა, რომ „შალკესთან“ ქულები არ დაეკარგა, მაგრამ მასპინძლები ამ უმნიშვნელოვანესი შერკინებისთვის უკეთ მოემზადნენ და გაიმარჯვეს კიდეც 2:0.

წინა დღეს დაფიქსირებულმა შედეგმა ოთხეულის პრეტენდენტთა მებრძოლი სულისკვეთების ამაღლება გამოიწვია და შაბათს მნიშვნელოვანი სამი ქულა დორტმუნდის „ბორუსიამაც“ მოიპოვა, რომელმაც გასვლაზე „აუგსბურგი“ ანგარიშით 5:3 დაამარცხა. 

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტმა „ბორუსიამ“ ოთხი გოლი მეორე ტაიმის ოცწუთიან მონაკვეთში გაიტანა. მატჩის გმირად ყოფილი „ზალცბურგელი“ და ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ კარში გოლის ავტორი ერლინგ ჰალანდი იქცა, რომელმაც „ბორუსიას“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჰეთ-თრიკით აღნიშნა!

მატჩის მე-80 წუთიდან მოყოლებული სტუმრებმა თავს ერთგვარი განტვირთვის უფლებაც მისცეს, რადგან მასპინძლები აშკარად მიხვდნენ, რომ დარჩენილ დროში ქულის გადასარჩენად ბრძოლას მაინცდამაინც დიდი აზრი აღარ ჰქონდა და მრავალი გამოყენებული თუ გაფუჭებული საგოლე მომენტის შემდეგ, თამაშმა ინერტული ხასიათი მიიღო.

„აუგსბურგისთვის“ თითქოს დასანანი უნდა ყოფილიყო ამგვარი დანაკარგი, რადგან იგი ორჯერ ორბურთიანი სხვაობით იგებდა ამ შეხვედრას, მაგრამ, მეორე მხრივ, მოტივაციამ, სათამაშო კლასმა  და საბოლოოდ უძლიერესმა იმარჯვა შეხვედრაში, რომლის მიხედვითაც მას ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი, თუკი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბარიერის დაძლევა სურს საფრანგეთის „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ…

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ფრანკფურტის „აინტრახტმა“, რომელმაც გასვლაზე „ჰოფენჰაიმი“ დაამარცხა და გასავარდნ ზონას თავი აარიდა. ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგების შემთხვევაში კი გამოცდილ კლუბს ზედა ოთხეულში ადგილის მოპოვების პრეტენზიაც გაუჩნდება, რაც სულაც არ იქნება საკვირველი.

უბრალოდ ამის განხორცილებაში „აინტრახტს“ კალენდარმა შეიძლება შეუშალოს ხელი, რადგან მომდევნო ტურში მისი მეტოქე ბუნდესლიგის გათამაშების ლიდერი „ლაიპციგი“ იქნება.

შაბათ საღამოს ჩატარებული მატჩებიდან უმნიშვნელოვანესი სწორედ „ლაიპციგისა“ და „უნიონ ბერლინის“ დაპირისპირება იყო, რადგან ბუნდესლიგის ახალ ლიდერს განსაკუთრებული ყურადღებით უკვე არა მხოლოდ გერმანიაში უცქერენ.

„ლაიპციგმა“ „უნიონ ბერლინთან“ შეხვედრის პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით დათმო, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლები დომინირებდნენ და ტიმო ვერნერის დუბლის და მარსელ ზაბიცერის გოლის წყალობით მათ სამი ქულის მოპოვება მოახერხეს.

„რედ ბულის“ წარმატებული პროექტი წლითიწლობით აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და წლეულს უკვე ჩემპიონობის პრეტენზიასაც აცხადებს. „ლაიპციგმა“ ბოლოს შეხვედრა გასული წლის 26 ოქტომბერს წააგო „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ და მას შემდეგ ერთადერთი მატჩი ითამაშა ფრედ 3:3 დორტმუნდის „ბორუსიასთან“. 

დანარჩენ შეხვედრებში კი აღმოსავლეთ გერმანულმა კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვებები იზეიმა და ორი თვის განმავლობაში მეოთხე ადგილიდან სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა.

საგულისხმოა, რომ ბუნდესლიგის ამჟამინდელმა ლიდერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირიც მოიგო და ამიტომ ბევრი გულშემატკივარი მერვედფინალში სწორედ გერმანულ კლუბს მიიჩნევს ფავორიტად შარშანდელ ფინალისტ „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში, რომელიც ამჟამად განვითარებადი კლუბის შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ ტოვებს, მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, ყველა პრინციპულ თამაშს აგებს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. 

„ლაიპციგის“ მომავალ გაჩემპიონებას არსებული ტრადიციაც ხელს უწყობს, რომლის თანახმადაც ბუნდესლიგას თითქმის ყოველთვის ზამთრის ჩემპიონი კლუბი იგებს ხოლმე. 

თუმცა ამ შემთხვევაში ხომ ისიც გასათვალისწინებელია, რომ გერმანიის ჩემპიონატს თითქმის ყოველთვის მიუნხენის „ბაიერნი“ იგებს…

„რეკორდმაისტერი“ მეორე წრის პირველი მატჩისთვის საგულდაგულოდ მოემზადა, რადგან მას  მშვენივრად ახსოვდა ჩემპიონატის პირველ ტურში, გახსნით შეხვედრაში, „ჰერტასთან“ შინ ნათამაშები 2:2.

მას შემდეგ ორივე კლუბმა მწვრთნელი შეცვალა და თითქოს პროგრესის გზას დაადგა, რადგან „ჰერტას“ ამ შეხვედრამდე ოთხმატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა, „რეკორდმაისტერმა“ კი ზედიზედ მეოთხე მოგებული მატჩით და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადანაცვლებით ბუნებრივია, რომ „ლაიპციგს“ შეატყობინა, მიფრთხილდიო…

„ჰერტას“ სტადიონზე სრული ანშლაგი იყო და მაყურებელთა შორის გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვიც იმყოფებოდა, რომელიც  ევროპის ჩემპიონატისთვის ფეხბურთელთა შერჩევის მიზნით, ლაიპციგიდან ბერლინში ჩავიდა. 

„ჰერტამ“ პირველ ტაიმში გაუძლო მრისხანე მეტოქეს, მატჩის მეორე ნახევარი კი ფაქტობრივად ცალკარად იქცა. 

პირველი გოლის გატანა სტუმრებს საკმაოდ გაუჭირდათ. ლევანდოვსკი-პერიშიჩი-მიულერის კომბინაცია ამ უკანასკნელმა გოლად მე-60 წუთზე აქცია. ამის შემდეგ კი მსაჯმა საკმაოდ უცნაური თერთმეტმეტრიანი დანიშნა მასპინძელთა კარში, რასაც ათწუთიან მონაკვეთში „რეკორდმაისტერის“ სამი გოლი მოჰყვა.

მეოთხე ბურთი უკვე პერიშიჩმა გაიტანა მიულერის პასით. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სავარაუდოდ, გადააწყვეტინა კიდეც იოაჰიმ ლიოვს მისი ევრო 2020-ზე წაყვანა.

„ლაიპციგსა“ და „ბაიერნს“ შორის ამჟამად ოთხქულიანი სხვაობაა, 9 თებერვალს „მიუნხენში“ მათ უშუალო დაპირისპირებამდე კი არც ისე დიდი დროა დარჩენილი. იმ პერიოდში კლუბები უკვე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც მოსინჯავენ ძალებს და ალბათ სწორედ მაშინ გამოჩნდება, თუ ამ გუნდებიდან ფიზიკურად ვინაა უკეთ მომზადებული.

სათადარიგოთა სკამის და ზოგადად, შემადგენლობის თვალსაზრისით, „რეკორდმაისტერს“ უპირატესობა აქვს ბუნდესლიგის ამჟამინდელ ლიდერთან, მაგრამ გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ ათი წლის წინათ „ვოლფსბურგის“ გაჩემპიონება, რომელიც დღევანდელ „ლაიპციგზე“ ძლიერი ნამდვილად არ ყოფილა.

ბოლო შვიდი წელიწადი ზედიზედ გერმანიის ჩემპიონატს „ბაიერნი“ იგებს. შარშან მან ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა. რატომ არ შეიძლება, რომ წლეულს ნავსი „ლაიპციგმა“ გატეხოს? ამჟამინდელ მესამეადგილოსან „მიონხენგლადბახსაც“ ნუ დავივიწყებთ, რომელმაც ტრადიციას წლეულსაც არ უღალატა და „ბაიერნი“ დეკემბერში 2:1  დაამარცხა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.