fbpx

მსოფლიო მუზეუმები, რომლებიც 2020 წელს გაიხსნება


გააზიარე სტატია


2020 წელს მსოფლიოში ახალი სამუზეუმო და საგამოფენო ცენტრების გახსნა იგეგმება. დარგში მომუშავე სპეციალისტები, ისეთი უჩვეულო სივრცეების ათვისებას აპირებენ, როგორებიცაა, მაგალითად, ყველის მწარმოებელი ქარხნის მიტოვებული შენობები, პარიზის სავაჭრო მოედნები და ა.შ. 

პროექტების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მუზეუმების დირექტორები და კურატორები სამუზეუმო საქმის სრულიად ნოვაციური ორგანიზაციული პრინციპების დანერგვას, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებისა და მიმართულებების გაერთიანებას,  ძველისა და ახლის ბალანსის შენარჩუნებით გეგმავენ.

ნახეთ 2020 წლის რამდენიმე ახალი პროექტი

 

X Museum – ჩაოიანის რაიონი, პეკინი

  • ბიუჯეტი: $1.5 მილიონი
  • ფართობი: 2.500 კვ2
  • გახსნა: 2020 წლის მარტი

მუზეუმის გახსნის იდეა თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერს, მაიკლ სიუფუ ჰუანს ეკუთვნის და ორიენტირებული იქნება ახალგაზრდულ სეგმენტზე. კოლექციონერის თქმით, საგამოფენო დარბაზები პოსტ-ინტერნეტ ხელოვნებას, ასევე ტრადიციულ მედიაში მომუშავე თანამედროვე არტისტებს დაეთმობა. მხატვრების გარდა, წარმოდგენილი იქნება მეცნიერების, ინჟინრებისა და დიზაინერების ნამუშევრები.  „თავად მუზეუმის სახელი – „X“ მიუთითებს საგამოფენო სივრცის მულტიდისციპლინურ ხასიათზე. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი, სადაც სხვადასხვა კონტინენტები, თაობები და იდეები გადაიკვეთება“, – ამბობს კოლექციონერი.

 

Humboldt Forum – ბერლინი

  • არქიტექტურა: Franco Stella
  • ბიუჯეტი: $700 მილიონი
  • ფართობი: 30 ათასი კვ2
  • ეტაპობრივი გახსნა: 2020 წლის სექტემბრიდან 

ჰუმბოლდტის ფორუმი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, სადაც გაერთიანდება სამუზეუმო სივრცეები, ბიბლიოთეკა, შემოქმედებითი ლაბორატორიები. ფორუმი პრუსიის მეფეებისა და გერმანელი იმპერატორების ყოფილ რეზიდენციაში განთავსდება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, 1950 წელს კი მთლიანად იქნა დანგრეული. ახალი არქიტექტურა, რომელიც ბაროკოსა და თანამედროვეობის სინთეზს წარმოადგენს, ძველი ნაგებობის პროპორციებს შეინარჩუნებს, ხოლო სამი ფასადი ისტორიული სიზუსტით იქნება აღდგენილი.  

ჰუმბოლდტის ფორუმის მთავარი მიმართულება არაევროპული კულტურაა, შესაბამისად, წარმოდგენილი იქნება აღმოსავლური ხელოვნებისა და ეთნოლოგიური მუზეუმების კოლექციები, აფრიკის, ავსტრალიის, ოკეანეთისა და ამერიკის კულტურა. „მიუხედავად ამისა, ფორუმი განიხილება, როგორც ბერლინის „მუზეუმების კუნძულის“ ნაწილი, შესაბამისად, ქალაქის სტუმრებს მთელი მსოფლიოს დათვალიერებისა და შეცნობის შესაძლებლობა მიეცემა“, – ამბობს ფორუმის დირექტორი ჰერმან პარცინგერი. 

 

Bourse de Commerce – პარიზი

  • არქიტექტურა: ტადაო ანდო 
  • ბიუჯეტი: $170 მილიონი
  • ფართობი: 2800 კვ2
  • გახსნა: 2020 წლის ივნისი

ფრანგი მილიარდერის, ფრანსუა პინოს თანამედროვე ხელოვნების ფონდი ლუვრის მახლობლად,  XVIII საუკუნის სავაჭრო ბირჟის (Bourse de Сommerce) ისტორიულ შენობაში გაიხსნება, სადაც გამოიფინება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები მილიარდერის კოლექციიდან, ასევე კარტიეს თანამედროვე ხელოვნების ფონდისა და   The Palais de Tokyo-ს ექსპონატები. 

საინტერესოა ისიც, რომ რესტავრაცია ჩაუტარდა XIX საუკუნის 5 მხატვრის, მათ შორის ევარისტ ლიუმინეს  მოხატულ თაღს.

 

Albertina Modern – ვენა

  • არქიტექტურა: MHM Architects
  • ბიუჯეტი: $55.7 მილიონი
  • ფართობი: 2.500 კვ2
  • გახსნა: 12 მარტი, 2020

Albertina Modern ვენის ალბერტინას მუზეუმის ფილიალია, რომელიც  კარლსპლაცზე გაიხსნება და 1945 წლის შემდგომი პერიოდის ვენის ხელოვნებას, შესაბამისად,  იმ ავსტრიელი არტისტების ნამუშევრებს მოიცავს, რომლებმაც საფუძველი პოსტმოდერნიზმს ჩაუყარეს.  საერთო ჯამში წარმოდგენილი იქნება 60 000-მდე ექსპონატი. გახსნის წელს მუზეუმში გამოიფინება ენდი უორჰოლისა და შვეიცარიელი არტისტის, პიპილოტი რისტის ნამუშევრებიც.

 

Munch Museum – ოსლო

  • არქიტექტურა: Estudio Herreros
  • ბიუჯეტი: $312 მილიონი
  • ფართობი: 26 313 კვ2
  • გახსნა: 2020 წლის ზაფხული

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ნაცისტები ნორვეგიაში შეიჭრნენ, ედვარდ მუნკმა თავისი ნამუშევრები ქალაქ ოსლოს გადასცა. ქალაქმა ანდერძით მიიღო 1100 ტილო, 18 გრაფიკული ჩანახატი, აკვარელით შესრულებული 7,5 ათასი ნამუშევარი, ესკიზები, ასევე ქანდაკებები, ჩანაწერები, ფოტოები და მხატვრის პირადი ნივთები. მათი  ნაწილი 1963 წელს აგებულ სამუზეუმო ნაგებობაში ინახებოდა, თუმცა, ესპანური კომპანიის, Estudio Herreros-ის პროექტით აგებულ შენობაში ედვარდ მუნკის ყველაზე დიდი მუზეუმი გაიხსნება. ის 5-ჯერ მეტ ექსპონატს დაიტევს, ვიდრე მისი წინამორბედი.

13-სართულიანი შენობა, რომელიც ოსლოში, ოპერის ახალი შენობის მახლობლად მდებარეობს, ფუტურისტული ფორმებით გამოირჩევა და დრეკადი შუშისგანაა აგებული. შენობიდან ნორვეგიული პეიზაჟის ხედი იშლება, დამთვალიერებელს ფიორდების სილამაზით ტკბობის საშუალება ექნება, რაც მხატვრის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.