fbpx

როგორ ჩავრთოთ ჩაი ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურში


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი ჩაის სიცოცხლის ელექსირად მოიხსენიებდა. ცნობები ჩაის შესახებ ჩინეთში დაახლოებით ჩვ. წ. აღ. 2750 წელს ჩნდება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, იმპერატორი შენ ნანგი ველური ჩაის ხის ქვეშ ცხელ სასმელს მიირთმევდა. ამ დროს ქარმა დაუბერა და რამდენიმე ჩაის ფოთოლი მის ჭიქაში მოხვდა. სასმისში შემთხვევით მოხვედრილმა ფოთლებმა სასმელის ფერი და არომატი შეცვალა. იმპერატორი ველური ხის ფოთლებით დაინტერესდა. გაირკვა, რომ მას არამარტო განსხვავებული გემო, არამედ სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა.  სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩინეთში ჩაის მოყვანა. თუმცა მის პოპულარიზაციას 3000 წელი დასჭირდა. 

ევროპაში ჩაის პირველად ჰოლანდიელები მიირთმევდნენ. დაახლოებით მე-17 საუკუნეში იგი დიდი ბრიტანეთის სასურველი სასმელიც გახდა. 

 

მწვანე, შავი, თეთრი და წითელი ჩაი ერთი და იგივე მცენარისგან (Camellia Sinensis) მიიღება. მათ ერთმანეთისგან მხოლოდ  დამზადების წესი განასხვავებს. მაგალითად, თეთრი ჩაი ახალგაზრდა ფოთლებისგან მზადდება, მწვანე ჩაისთვის შედარებით მომწიფებული ფოთლები გამოიყენება, შავი ჩაი კი მცენარის ფერმენტაციის შედეგად მიიღება. 

Camellia Sinensis გარდა ჩაი სხვა მცენარეებისგანაც შეგვიძლია მოვამზადოთ. ცნობები სხვადასხვა სახეობის მცენარეების ჩაის სახით გამოყენების შესახებ გხვდება ძველ იაპონურ, ჩინურ, ინდურ და ჰიპოკრატეს მედიცინაში. მწვანე და შავი ჩაისგან განსხვავებით მცენარეული ჩაი არ შეიცავს კოფეინს. ასეთი ტიპის მცენარეების ნაყენი შესაძლებელია წარმატებული იყოს  მრავალი ჯანმრთელობის კონდიციის გასაუმჯობესებლად. 

გარდა იმისა, რომ ჩაი სასიამოვნო დასალევია, იგი უამრავი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა. მასში უხვად არის ბიოფლავანოიდები, ანტიოქსიდანტები, ფერმენტები, ვიტამინები და მინერალები. ჩაის სამკურნალო თვისებებს მისი ხარისხი და დამზადების წესიც განსაზღვრავს.

 

ჩაის სამკურნალო თვისებები

 

თეთრი ჩაი

თეთრი ჩაი მას პაწაწინა თეთრი ბუსუსების გამო ეწოდა, რომელიც მის კვირტებს და ფოთლებს გაფურჩქვნამდე უჩნდება.

მწვანე და შავ ჩაისთან შედარებით თეთრი ჩაი ყველაზე ნაკლებად არის რაფინირებული. ამიტომაც მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებია შენარჩუნებული. ანტიოქსიდანტები ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების გამრავლებას უშლიან ხელს. მათთან არის დაკავშირებული ადრეული დაბერება, ანთებითი პროცესები და ქრონიკული დაავადებები. 

თეთრ ჩაიში შემავალი პოლიფენოლები აუმჯობესებენ იმუნური სისტემის მუშაობას და გვიცავენ გულსისხლძარღვოვანი დაავადებებისაგან, ხოლო კოფეინი და კათეკინები აჩქარებენ   მეტაბოლიზმს, ხელს უწყობენ ცხიმების წვას და წონის დარეგულირებას. მასში შემავალი ბუნებრივი ფტორი და ტანინები იცავენ  კბილებს კარიესის წარმომქმნელი ბაქტერიისგან.  

 

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ სასმელად მოიაზრება. მისი წონის დაახლოებით 30% პოლიფენოლებია, რომლებიც ჩვენს უჯრედებს დაზიანებისგან იცავენ. მწვანე ჩაიში შემავალი ეპიგალოკათექინი – გალის მჟავა (EGCG) ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამკურნალო ნივთიერებად მიიჩნევა და გვიცავს უამრავი დაავადებისგან. 

მწვანე ჩაი ასევე შეიცავს L-თეანინს, რომელიც ნეიროტრანსმიტერი გაბას წარმოქნას უწყობს ხელს. გაბა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, დოფამინის გამოყოფას და გვიცავს შფოთვებისაგან

კვლევები მიხედვით, მწვანე ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ მკერდის, პროსტატის და კოლორექტალური სიმსივნის წარმოქმნის რისკებს. 

 

შავი ჩაი

შავი ჩაი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სასმელია. თეთრი და მწვანე ჩაისგან განსხვავებით, იგი ნაკლები რაოდენობის ანტიოქსიდანტებს შეიცავს, მაგრამ მასში შემავალი კათეკინები, ზეაფლავინები და ზეარუბიგინები არეგულირებენ სისხლში შაქრის და ქოლესტერინის შემცველობას. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 12 კვირის განმავლობაში შავი ჩაის მიღებამ სისხლში ტრიგლიცერიდები 36%-ით, შაქრის შემცველობა 18%-ით და ქოლესტერინი 17%-ით შეამცირა. 

შავ ჩაიში შემავალი პოლიფენოლები ხელს უწყობენ ნაწლავებში არსებული “კარგი” ბაქტერიების და ხელს უშლიან “ცუდი” ბაქტერიების, მაგალითად, სალმონელას გამრავლებას. 

იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ჩაის არ მიირთმევს, ჩაის მოყვარულებს ინფარქტის რისკი 32%-ით ნაკლები აქვთ. ამისთვის დღეში ერთი ან ორი ჭიქა კარგი ხარისხის შავი ჩაი უნდა მივირთვათ. 

 

მცენარეული ჩაის სამკურნალო თვისებები

  • ჭინჭრის (Urtica dioica) ჩაი

გამოირჩევა ანთების და ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით. იგი აუმჯობესებს საკვების გადამამუშავებელი და იმუნური სისტემის ფუნქციას. ამცირებს ალერგიით გამოწვეულ სიმპტომებს: ცემინებას, ქავილს და გამონაყარს, ანთებით პროცესებს და ტკივილებს. ჭინჭრის ჩაი წარმატებულად გამოიყენება თირკმლების, საშარდე მილების ინფექციების და პროსტატის დროს.

მას შეუძლია შეამციროს სახსრების, ოსტეოართრიტით და პოდაგრით გამოწვეული ტკივილები.

ჭინჭარის ნუტრიციული პროფილიც საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება. იგი წარმოადგენს ვიტამინების და მინერალების არაჩვეულებრივ წყაროს და შეიცავს: კალცს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, A, C, B ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს,  ცილებს და კაროტენოიდებს.

  • ბაყაყურას (Silybum Marianum) ჩაი

გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. იგი ასევე ხელს უწყობს ქალებში რძის წარმოქმნას და ორგანიზმის ტოქსინებისაგან გათავისუფლებას. ბაყაყურას ჩაი ასევე შედეგიანია კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს და ხელს უწყობს სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დარეგულირებას.

  • ბაბუაწვერას ჩაი

მცენარის თესლისგან მზადდება. მისი 70-80% ნივთიერება სილიმარინია, რომელიც გამოირჩევა ღვიძლის გამწმენდი და აღმდგენითი თვისებებით. იგი ასევე იცავს ღვიძლს დაზიანებისაგან და სტიმულაციას უწევს  ღვიძლის ახალი უჯრედების და ცილების სინთეზირებას. ბაბუაწვერას ჩაი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების, ქიმიური წამლების, ალკოჰოლის, ნარკოტიკების გამოდევნას. 

ბაბუაწვერას (Taraxacum Officinale) ჩაი შეგიძლიათ მისი ყვავილებისგან, ყლორტებისგან, ფესვებისგან და ფოთლებისგან დაამზადოთ. ყველა სხვა ჩაის მსგავსად, მასშიც უხვად არის ანტიოქსიდანტები, რაც მის ანთების საწინააღმდეგო თვისებაზე მიგვანიშნებს. 

იგი სასარგებლოა ეგზემის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის კონდიციების დროს. ხელს უწყობს ცხიმების გადამუშავებას და  შარდმდენი თვისების გამო ამცირებს წნევას და ორგანიზმის შეშუპებას.

ბაბუაწვერას ჩაი წარმატებულად უმკლავდება გრიპის ვირუსსაც. მასში შედის: კალცი, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი, ფოლიუმის მჟავა,  A, B, C, E და K ვიტამინები.

  • ბალახეული ჩაის დასამზადებლად

მოათავსეთ 1 ჩ/კ მცენარე 2 ჭიქა წყალში და შვიდი წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე აადუღეთ.  გააგრილეთ, სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი და ლიმონი. 

სასურველი შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი ჩაი და მცენარეები. რეკომენდებული დოზა დღეში 1-4 ჭიქა (ჭიქა 250 გრ). 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.