fbpx

მობილურის ქართული აპლიკაციები


გააზიარე სტატია

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება მობილური ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. სოციალურ ქსელთან ერთად სხვადასხვა აპლიკაცია გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო მარტივი გახდეს, დავზოგოთ დრო და ფინანსები და მარტივად მივიღოთ მომსახურება და სერვისი, ან უბრალოდ გავერთოთ.

გთავაზობთ სხვადასხვა სახის ქართულ აპლიკაციებს, რომელთა ტელეფონში ატვირთვა დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

“ფაბერი” – ეს არის ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს და გაყიდოს, ან იყიდოს ტანსაცმელი და აქსესუარები. აპლიკაციას სხვადასხვა დეპარტამენტი აქვს, სადაც გადანაწილებულია სხვადასხვა სეგმენტი. აპლიკაციაში შეგიძლიათ თემატურად ნახოთ ქართველი დიზაინერების, აუთლეტი, ვინტაჟი, ე.წ. luxury და pre-owned მიმართულებები.
ფაბერი მკაცრად აკონტროლებს გასაყიდი ნივთების ხარისხს, მყიდველთან ის განსაკუთრებული შეფუთვით, უფასოდ მიაქვთ. 

ქართველი დიზაინერების დეპარტამენტში მათივე კოლექციები ექსკლუზიურად ფაბერისთვის  50-70%-იანი ფასდაკლებითაა წარმოდგენილი.

აუთლეტის დეპარტამენტში საქართველოში არსებული ბრენდების კოლექციებია. იგეგმება ბრენდების კიდევ დამატება და მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქციის შეთავაზება.

ვინტაჟის დეპარტამენტში ფაბერის პლატფორმა უნიკალურ ვინტაჟ ნივთებს სთავაზობს მომხმარებელს.

Luxury-ში ავთენტური, ძვირად ღირებული ბრენდებია განთავსებული, რომელთა შეძენა ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი.

Pre-owned დეპარტამენტში ავტორიზებული მომხმარებლები და ინფლუენსერები დებენ თავიანთ ნივთებს. 

 

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით შექმნილი აპლიკაცია ტურისტული გზამკვლევია, სადაც უამრავი საჭირო ინფორმაციის მიღება ონლაინ და ლაივ რეჟიმშია შესაძლებელი. 

აპლიკაციაში ოთხი სამთო კურორტი – ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტიაა გაერთიანებული. აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს თოვლის სიმაღლის, საბაგიროების სამუშაო საათების, აბონემენტების ფასების, ამინდის პროგნოზის, კურორტამდე მისასვლელი გზის და იქ არსებული სხვა სერვისების შესახებ. 

აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სამაშველო სამსახურის გამოძახებაა, რომელიც მარტივად, ერთი ღილაკით არის შესაძლებელი.

 

საქართველოში პროდუქტის და საკვები ობიექტებისადმი უნდობლობა აღარავის უკვირს, როგორც წესი, ჩვენი გამოცდილება სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში ზიარდება ხოლმე. იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია  უფრო ფართო მასშტაბით გავრცელდეს, ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის აპლიკაცია – “უვნო” შექმნა. აპლიკაციაში განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში მოქმედი სასურსათო ობიექტების ინსპექტირების შედეგები 2016 წლიდან დღემდე.  ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაცია ერთგვარი პლატფორმაა სამოქალაქო მონიტორინგისათვის – მომხმარებლებს საშუალება აქვთ თავად შეაფასონ ან გაეცნონ სხვა მოქალაქეების შეფასებებს.

 

saba.com.ge – ეს არის ელექტრონული წიგნების მაღაზია, ხოლო saba reader კი ამ წიგნების წამკითხველი. ონლაინ მაღაზიაში უამრავი უცხოური თუ ქართული წიგნის როგორც ელექტრონული, ასევე ხმოვანი ვერსიაა განთავსებული, რომლებიც ნაბეჭდ ვერსიასთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს, ხოლო წამკითხველი კითხვის პროცესს გაცილებით კომფორტულს და მარტივს ხდის. აპლიკაცია საშუალებას იძლევა შეცვალოთ ფერი ან ფონტის ზომა, დაარეგულიროთ ეკრანის განათება, ასევე მოინიშნოთ საინტერესო მომენტები და სურვილის შემთხვევაში კომენტარიც მიაწეროთ. რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, მათი მოსმენისას შეგიძლიათ ჩანაწერის გადახვევა – როგორც შენელება, ასევე აჩქარება.

 

112 მოქალაქეებს დაკავშირების ახალ გზას სთავაზობს. სწორედ ამისთვის შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. 

აპლიკაციას აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა 112-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციები იმ შემთხვევისთვის არის განკუთვნილი, როდესაც მოქალაქეს  არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის გამო ექმნება საფრთხე. 

 

“ჩემი კალენდარი” უცხოური აპლიკაციების ანალოგია და განკუთვნილია ქალებისთვის. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენი ციკლი და ფერტილური დღეები, მიიღოთ ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე და შეტყობინებები მედიკამენტების მიღებისა თუ ექიმთან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.

 

Flace – ეს არის მაგიდების დაჯავშნის პირველი აპლიკაცია საქართველოში. 

აპლიკაციაში ქვეყანაში არსებული კვების ობიექტებია განთავსებული. ამ ეტაპზე 200-ზე  მეტი ობიექტია, ეს რაოდენობა კი რესტორნების სურვილის მიხედვით იზრდება. მაგიდის დასაჯავშნად რამდენიმე მარტივი ველის შევსებაა საჭირო. 

 

Lingwing.com – ეს არის პლატფორმა უცხო ენების ონლაინ შესასწავლად. გარდა საიტისა, lingwing-ს სმარტფონზე მორგებული აპლიკაცია აქვს, რომლის საშუალებითაც უფრო მარტივდება სწავლის პროცესი. 

ამ ეტაპზე მომხმარებელს შეუძლია შეისწავლოს ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, ესპანური და რუსული ენები. 

საბაზისო პაკეტი უფასოა – რაც გულისხმობს ყოველდღიურ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით ონლაინ დავალებებს, ხოლო პრემიუმ პაკეტი ფასიანია და გთავაზობთ დღეში 100-დან ულიმიტო რაოდენობის ყოველდღიურ დავალებებს.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონით ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რომელსაც კომპანია საკუთარ მგზავრებს სთავაზობს.
აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა, ტაბლოს ინფორმაციის გაგება –  ავტობუსების მოსვლის დროები გაჩერებებზე, ავტობუსების ადგილმდებარეობის ნახვა რეალურ დროში, ავტომატურად განახლებადი მარშრუტების სქემა და სხვა. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის გამოყენება ინტერნეტის გარეშეც შეგიძლიათ, თუ წინასწარ გადმოწერთ ავტობუსების გრაფიკს.

 

“მარტივი ლოგიკა” პირველი არხის სატელევიზიო გეიმ შოუა, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და გადალახული ტურების შესაბამისად მოიგებს საპრიზო თანხას.

“მარტივი ლოგიკის” თამაში 2018 წლიდან საკუთარ სმარტფონებშიც შეგიძლიათ. გადაცემის მსგავსად, აპლიკაციაში თამაშიც მომგებიანია და სხვადასხვა ტურების გავლის და დაგროვებული ქულების შესაბამისად დაჯილდოვდებით, თუ პირველ ათეულში მოხვდებით.

როგორც გადაცემის, ასევე აპლიკაციის წესები მარტივია. უნდა იპოვოთ ლოგიკური კავშირი ორ ფოტოს შორის და დააგროვოთ ქულები. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.