fbpx

9 ქართული youtube არხი, რომლებიც სხვადასხვა საგანში სამეცადინოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ


გააზიარე სტატია


გლობალურ ინტერნეტში არაერთი საიტი და არხი ფუნქციონირებს, რომლებიც ცოდნის გადაცემას ემსახურება. მიუხედავად ცალკეული ინიციატივებისა, ქართულენოვანი კონტენტი ამ მიმართულებით ჯერაც მწირია და რიგ შემთხვევაში გლობალური პროექტების ნათარგმნ ვერსიებს მოიცავს, რიგ შემთხვევაში სატელევიზიო კონტენტის გადმოტანაა ინტერნეტში, თუმცა, ცოდნას მოწყურებულ ადამიანებს შესაძლოა მაინც დაეხმაროთ ის არხები, რაც Youtube-ზე სასწავლო მიზნით არის შექმნილი. 

სანამ არხებს გაგაცნობთ, აღვნიშნავთ, რომ საგანმანათლებლო არხები იუთუბზე ერთგვარი სარკეც არის იმისა, რაც ზოგადად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ხდება: ქაოსური, სპონტანური, პირდაპირ კოპირებული, კუსტარული ან მოულოდნელად შეწყვეტილი – არხები, რომელსაც გთავაზობთ, რომელიმე ამ კატეგორიაში ადვილად შეიძლება განათავსოთ. 

არის ისეთი არხებიც, რომლებიც საეჭვო კონტენტს, არასწორ ფაქტებს ან სადავო ინტერპრეტაციებს გთავაზობთ – ასეთ პლატფორმებს ჩვენ არ შემოგთავაზებთ, თუმცა მათ არსებობას ვერ უარვყოფთ – ისინი არსებობენ და ცოდნის გადაცემის სახელით მავნებლობებს სჩადიან. ესეც ციფრული სამყაროს ბნელი მხარე. 

ახლა კი არხები, რომლებიც სხვადასხვა საგანში სამეცადინოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ:

 

#1 ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები

გოგა ლაზრიშვილი, იგივე „ცვანციკა“, შემეცნებითი პროექტის, „ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები – მათემატიკა აბიტურიენტებისთვის” წამყვანია. გოგა ლაზრიშვილი მათემატიკოსია 35-წლიანი გამოცდილებით. მას 7000 გაკვეთილი და 400 ლექცია აქვს ჩატარებული.  “ცვანციკა” ეხმარება აბიტურიენტებს მათემატიკის სასკოლო გამოცდის და ეროვნული გამოცდების უნარების მათემატიკური ნაწილის დაძლევაში. როგორც არხზეა ნათქვამი, ამ ვიდეოგაკვეთილების დახმარებით გაიხსენებთ იმას, რაც დაგავიწყდათ და ისწავლით იმას, რაც გამოტოვეთ.

 

#2 ხან აკადემია ქართულად

ხანის აკადემია გთავაზობთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ვიდეოინსტრუქციებს და პერსონიფიცირებულ სასწავლო პლატფორმას, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ საკუთარ ტემპში საკლასო ოთახში და მის გარეთ. ხან აკადემიაში შეგიძლიათ ისწავლოთ მათემატიკა, ზუსტი მეცნიერებები, პროგრამირება, ისტორია, ხელოვნების ისტორია, ეკონომიკა და ბევრი სხვა რამ. ხან აკადემია  გლობალური პლატფორმაა,  რომლის მიზანიც ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა ყველასთვის. პლატფორმა მოიცავს რესურსებს როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ არის შედგენილი და სანდოა. 

 

#3 სილქ სქული

სასკოლო პროგრამის უფასო გაკვეთილები, რომელსაც სილქნეტი გთავაზობთ, დაგეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში თითქმის ყველა საგანში, იქნება ეს მათემატიკა, ლიტერატურა, ისტორია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ქართული, ინგლისური თუ გეოგრაფია. კარგია ის, რომ ის ახლოს არის ქართული სკოლების პროგრამასთან, ცუდია ის, რომ ამ ტიპის პლატფორმა შესაძლოა, უფრო საინტერესოც ყოფილიყო. 

 

#4 ინოვაციური ონლაინ პროექტი

ქიმიის, ფიზიკის, ალგებრის და გეომეტრიის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. მარტივად, გამჭვირვალე დაფისა და მარკერის საშუალებით გაკეთებული ილუსტრაციები კონკრეტულ თემებზე კი გაკვეთილზე განხილულ საკითხებს უფრო ცხადს ხდის. 

 

#5  “გასაგები ეკონომიკა”

ალექსანდრე რაქვიაშვილის ლექციები  “გასაგები ეკონომიკის”  შესახებ – თავისუფალ უნივერსიტეტშია ჩაწერილი და განკუთვნილია როგორც მოყვარულებისთვის, რომლებიც ძირითად ეკონომიკურ ტერმინებსა და პრინციპებში გარკვევას ცდილობენ, ასევე ამ საგნის სპეციალისტებისთვის. 

 

#6 სექსუალური განათლება – შეიცანი შენი სხეული

ფემინისტური ორგანიზაცია “ქალთა მზერის” ინიციატივით მომზადებულ ვიდეოებს აერთიანებს, რომელიც განსაკუთრებით თინეიჯერებს დააინტერესებთ და იმ ბევრ კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას, რომელიც ადამიანებს ამ ასაკში აქვთ და რომელზეც პასუხების კომფორტულად მიღება ჯერ კიდევ  სირთულეს წარმოადგენს. 

 

#7 ფრანგულის გაკვეთილები

ამ ეტაპზე არხზე მხოლოდ 4 გაკვეთილია განთავსებული, რომელიც ძირითადად ფრანგული მართლწერისა და კითხვის საკითხებში ცდილობს ჩვენს გარკვევას, მაგრამ არხი საყურადღებოა იმიტომ, რომ დამოუკიდებელ ინიციატივას წარმოადგენს და რომელიც თუ გაგრძელდა, შესაძლოა მართლაც იქცეს ღირებულ დამხმარე მასალად ფრანგულის სწავლის მსურველთათვის. 

 

#8 ჭადრაკის გაკვეთილები

მაესტრო ვასოს შექმნილი არხი დიდი ხანია არ განახლებულა, მაგრამ თუ ჭადრაკის ელემენტარული წესების სწავლა გსურთ და ზოგადი წესების გარკვევა, მაშინ ეს ის არის, რაც გამოგადგებათ. 

 

#9 ექსელის გაკვეთილები

გიორგი დათუკიშვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესორი და Microsoft Office-ის ტრენერია.  გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია ამ სფეროში. მის YouTube არხზე შეგიძლიათ საფუძვლიანად შეისწავლოთ Excel, Word  და PowerPoint-ის გაკვეთილები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.