fbpx

თბილისის სამოგზაურო და სარეკლამო თანამედროვე ფოტოპროექტებში ყველაზე ხშირად გამეორებული 8 ადგილი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფები გამუდმებით ეძებენ საინტერესო გარემოს, რამდენადაც  გადასაღები ადგილი შთამბეჭდავი კადრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც თბილისია, არც ისე  მარტივია ახალი ადგილების აღმოაჩენა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ დედაქალაქში რამდენიმე სივრცეა, რომელიც მუდამ მეორდება სხვადასხვა ფოტოპროექტში, ფილმსა თუ რეკლამაში. 

გთავაზობთ თბილისის რამდენიმე ადგილს, სადაც  სტატისტიკურად ყველაზე მეტი ფოტოა გადაღებული. 

 

Fabrika • ფაბრიკა

ფაბრიკა თანამედროვე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში მდებარე მულტიფუნქციური სივრცე  აერთიანებს ურბანული სტილის კაფეებს და ბარებს, მაღაზია-სახელოსნოებს, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეებს, ჰოსტელს. ფაბრიკის ეზო ის ადგილია, რომელიც სხვადასხვა შეხედულების, გემოვნების ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის ამ სივრცეს ასეთ დინამიკურს და არც არის გასაკვირი, რომ ფაბრიკა ტურისტების თუ ადგილობრივებისათვის გართობისა და დასვენებისას ერთ-ერთი პირველი მიმართულებაა. გარდა ფუნქციური ღირებულებებისა, ფაბრიკა საკმაოდ კინემატოგრაფიულ ადგილადაც მიიჩნევა. ეს არის თანამედროვე საჯარო სივრცე, სადაც ბოლო წლებში სტატისტიკურად ყველაზე მეტი პირადი თუ სარეკლამო ფოტო  და ვიდეოა გადაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაბრიკის ეზოში განთავსებული საბჭოთა ავტომობილი, რომელთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში, თითქმის ყველა თქვენი მეგობრის პროფილზე შეხვდებით. 

სასტუმრო „ლონდონის“ სადარბაზო

სასტუმრო ლონდონის სადარბაზო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია თბილისში. ამ სივრცეში თითქმის ყველა შინაარსის ფოტო, სელფი, რეკლამა თუ მუსიკალური ვიდეოა გადაღებული. სასტუმრო “ლონდონი” 1875 წელს გაიხსნა ყოფილი მადათოვის ქუჩის   21 ნომერში მდებარე სახლში – ახლანდელ ათონელის 31 ნომერში. ლონდონი პატარა სასტუმრო იყო, თუმცა, მის მთავარ ხიბლად თავიდანვე ეს ლამაზი სადარბაზო მიიჩნეოდა. “ლონდონი” 1880-1890-იან წლებში თბილისის ყველაზე პოპულარული სივრცე იყო.  ამ დროს აქ ჩერდებოდნენ შეძლებული უცხოელი მოგზაურები, პოლიტიკური პირები და დიდგვაროვანი სტუმრები. სასტუმრო “ლონდონის” ისტორიაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, ფაქტი, რომ ის სტატისტიკურად ყველაზე მეტად ხვდება კამერისა და ფოტოობიექტივში, სავარაუდოდ, მისი ისტორიის დამსახურება სულაც არ არის. პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების, რეჟისორების და ოპერატორების ყურადღებას სადარბაზო ხელუხლებელი, ძველებური ესთეტიკით იქცევს. 

 

მაღლივის  ხიდი

მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი განახლებული სახით 2018 წელს გაიხსნა. წითელი დეტალებით გაფორმებული ნაგებობა, განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როცა ის სრულად არის განათებული. ხიდი ჩვენს სიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. სერიალების ეპიზოდები, ტანისამოსის რეკლამები, ფოტოპროექტები – მაღლივის ხიდი არაერთხელ გამოუყენებიათ მრავალფეროვანი შინაარსისა და მხატვრული ღირებულების მიხედვით განსხვავებული ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად. 

ვიტრაჟებიანი სადარბაზო

თბილისის კინემატოგრაფიული ადგილების სიაში კიდევ ერთ ძველებურ სადარბაზოს წარმოგიდგენთ. ეს ადგილი “ვიტრაჟებიანი სადარბაზოს” სახელით არის ცნობილი და ბეთლემის ქუჩაზე მდებარეობს. “ვიტრაჟებიანი სადარბაზო” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ამ სადარბაზოს  ხშირად სტუმრობენ ფოტოგრაფები, ინსტაგრამის ინფლუენსერები და ტურისტები. თუ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ, მეგობრების პირად პროფილებზე, ან თქვენ მიერ მოწონებულ ოფიციალურ გვერდებზე შენიშნავდით ფოტოებს, რომლებიც სწორედ ვიტრაჟებიან სადარბაზოშია გადაღებული. 

 

საქართველოს ბანკის შენობა

ეს თბილისის ერთ-ერთი ისტორიული ნაგებობაა –  საქართველოს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობა, რომელიც 1975 წლით თარიღდება. დღეს აქ “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისია. შენობა საკმაოდ შთამბეჭდავი  არქიტექტურით გამოირჩევა, ალბათ ამიტომაც, ის არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ფოტოგრაფების და ფოტორეპორტიორების ობიექტივშიც ხვდება. საქართველოს ბანკის შენობის ფოტოს აღმოაჩენთ სოციალური ქსელების სხვადასხვა თემატურ გვერდზე. 2016 წელს BBC-მ ეს ნაგებობა  მსოფლიოს ყველაზე ლამაზ 10 ბრუტალისტურ შენობას შორის დაასახელა. ალბათ ამ შენობის ვიზუალური ესთეტიკის დამსახურებაა ის, რომ სტატისტიკურად, საქართველოს ბანკის შენობა ძირითადად შავ-თეთრი ფოტოების მთავარი გმირი ხდება ხოლმე. 

საბაგიროს ყოფილი სადგური

რუსთაველის 52 ნომერში მდებარე ნაგებობა თბილისში  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცეა. ამჟამად აქ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაა.  ფუნიკულიორის საბაგირო გზის ქვედა სადგური ამ შენობის შიდა ეზოში დგას. ის 1958-1960 წლებში აშენდა და კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს. ეს არის ოვალური ფორმის სიმეტრიული შენობა, რომლის ინტერიერი განსაკუთრებით მომხიბვლელია. ოვალური კედლები, მასზე გაყოლებული პანდუსები და დიდი ფანჯრები – ფუნიკულიორის საბაგიროს სადგურის შიდა სივრცე შთამაგონებელ გარემოს ქმნის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადგილი ამჟამად მიტოვებული და უფუნქციოა. საბაგიროს მიტოვებული ნაგებობის ინტერიერს  ხშირად შეხვდებით ქართველი თუ უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრებში, რეკლამებსა თუ სხვადასხვა დანიშნულების ვიდეოებში. 

 

ხიდით დაკავშირებული კორპუსები ნუცუბიძეზე

ნუცუბიძის ქუჩაზე, პირველი პლატოს ასახვევთან თუ მოხვდებით,  აუცილებლად შენიშნავთ სამ კორპუსს, რომლებიც ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული. ე.წ ხიდებიანი კორპუსები  თბილისში საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი მაგალითია. ფოტოების გარდა, ამ ადგილს არაერთ ქართულ თანამედროვე კინოშიც ამოიცნობთ. 

 

ლისი  

ფოტოების გადასაღებად ბუნება რჩეული გარემოა, თუმცა, ასეთი ადგილის  ქალაქში პოვნა საკმაოდ რთული ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ლისის ტბა და მისი მიმდებარე ადგილები ქართველი ფოტოგრაფების კიდევ ერთი საყვარელი ადგილია.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.