fbpx

გილგამეში ეძებს – დამშვიდობება კობი ბრაიენტთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი

უკვდავების ცნება ადამიანისთვის, როგორც ცნობიერი არსებისვის, თავიდანვე მთავარი საფიქრალი შეიქნა. ალბათ როდესაც გონმა პირველად თავისი ცნობიერი არსი გაიაზრა, უსასრულობის, მარადიულობის იდეაზე დაფიქრდა და ამავე დროს თავისი წარმავალობა, უსასრულოსთან შედარებით სასრულის უდიდესი სიმოკლე დაინახა, მაშინვე დაიწყო უკვდავებაზე ფიქრი – იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება მას მიაღწიო და როგორ შეიძლება ამ მთავარი ცნების, იდეის თანაზიარი გახდე.

რელიგიების შექმნა ჩემი აზრით, ადამიანის სწორედ ამ ფიქრებს უკავშირდება და კაცობრიობის პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც უკვდავების იდეას,  მის ძიებას უდიდესი ადგილი უჭირავს. გილგამეში ეძებს! ეს არის მარადიული ფიქრები და ადამიანის ბუნების, როგორც ცნობიერი და თავისუფალი სულის მარადიული დანიშნულება.

ამ ძიებაშია ყველა ცნობიერი სული! ყველა ინდივიდი თავისებურად ცდილობს ამ ცხოვრებაში გარკვეული კვალი დატოვოს. ზოგი ამას მეტად ახერხებს, ზოგი ნაკლებად, მაგრამ რაღაც კვალს ყველა ტოვებს. ენერგია მუდმივია და ის ტრიალებს.

არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება ერთ რომელიმე სფეროს სცდება, ხოლო მათი საქმიანობა, განვლილი გზა – ყველა დაბრკოლება, ყველა გამარჯვება უნივერსალური, ყველაფრის მომცველი და საყოველთაო ხდება. ასეთი სულები ისეთნაირად წაიყვანენ ხოლმე თავიანთ სიცოცხლეს, რომ ბევრი ადამიანის მისაბაძ მაგალითად, შთაგონებად შეიქნებიან და ასე უკვდავყოფენ თავიანთ ცხოვრებას.

ზოგი ხელოვნების გზით ახერხებს იმას – ისეთ შედევრს შექმნის, ისეთ ესთეტიკას დაგანახებს, ისეთნაირად გიჩვენებს თავის შინაგან სამყაროს, რომ თავისთავად მისი ხელოვნება ხდება შთაგონების წყარო. ზოგი უბრალო ადამიანობით ახერხებს რომ ინსპირაციის მიზეზი გახდეს, ზოგიც კი თავდაუზოგავი შრომით და სასწაული მიზანდასახულობით ხდება სხვისთვის მისაბაძი მაგალითი.

არსებობენ ასევე ეპოქალური პიროვნებები, რომლებიც თავიან სფეროში იმხელა მწვერვალებს ისეთი ხანგრძლივობით იპყრობენ, რომ მთელ ეპოქას ქმნიან და მომავალი თაობების მეხსიერებაში ამ გზით იმკვიდრებენ ადგილს.  მაგრამ ხანდახან, ძალიან, ძალიან იშვიათად, ხდება ისე, რომ ადამიანში ყველა ეს კომპონენტი  ერთად იყრის თავს და ასეთ შემთხვევაში იბადება ლეგენდა!

სწორედ ასეთი ლეგენდა იყო ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიენტი, რომლის მოულოდნელმა სიკვდილმაც გუშინ მთელი სამყარო შეძრა. რამდენიმე ადამიანმა დაწერა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობის ძმაკაცი დავკარგეო და მართლაც ასეა. ჩვენ ნამდვილად დავკარგეთ ბავშვობის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი გმირი და ინსპირაცია.

ჩემთვის და ჩემი თაობისთვის კობი ბრაიენტი განსაკუთრებული მნიშვნელობის ადამიანი არის. ის იყო ერთ-ერთი პრიველი ფერადი შთაბეჭდილება, რომელიც უამრავი ადამიანის ტვინში სამუდამოდ დაილექა. ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში დაბადებული სულები ვართ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შვილები და ჩვენთვის კობი იყო ყველაფერი…

მაშინ როდესაც ბავშვის ფერად და მარავლფეროვან შინაგან სამყაროს ცხოვრება მძიმე და შავ-თეთრ რეალობას უპირისრპირებდა, ბავშმა ყოველთვის იცოდა, რომ სადღაც შორს, ოკეანის გადაღმა, ფერად ყვითელ მაისურში გამოწყობილი ბუმბულივით მსუბუქი და ჰაეროვანი კობი ბრაიენტი დაფრინავს და ეს მაშინ ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

ეს იყო ჩვენი შავ-თეთრი რეალობიდან გაქცევაც და ცხოვრების მოტივაციაც. კობი იყო ჩვენთვის ენბიეის ლოგოც და თვითონ კალათბურთიც! ჯერი ვესტი, ენბიეის ნამდვილი ლოგო, ჩემი თაობისთვის ღრმა წარსულს წარმოადგენდა, თანაც იმ წარსულს, რომელიც საბჭოთა კავშირის გამო საქართველოს აცდა და ჩვენს მიღმა ჩაიარა.

ამიტომაც ის ჩვენთვის არასდროს ყოფილა ხელშესახები ფიგურა. მაიკლ ჯორდანია ჩვენთვის პირველი სინათლე, რომელიც ბუნდოვნად გვახსოვს და შემდეგ არის კობი, როდესაც უკვე წამოვიზარდეთ და ხელოვნების მიმართ სერიოზული ინტერესი გაგვიჩნდა. ბრაიენტი იყო ჩვენთვის თავისუფლების, სიმსუბუქის, ფერადი სამყაროს სიმბოლო, რაც მაშინ ასე ძალიან გვაკლდა და რისკენაც ასე ძალიან მიგვიწევდა გული.

სპორტიც ასე ხომ იმიტომაც გვიყვარს, რომ მასში დიდ ხელოვნებას ვხედავთ. ადამიანის ნიჭის გამოვლინების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად აღვიქვამთ მას, შემოქმედებითობის და ინტელექტის ზეიმს ვუყურებთ. ბრაიენტი კი იყო ის ერთ-ერთი ადამიანი ვინც სპორტი ასე დაგვანახა.

ხელოვნება ცხოვრებაა და კობი იყო ის ვინც მისი ნამდვილი ჯადოსნურობა შეგვაგრძნობინა, ვინც ჩვენს გონებაში სპორტს, შესბამისად ხელოვნებას და შესაბამისად სიცოცხლეს აზრი, ფერი და აღმაფრენა მიანიჭა!

ბრაიენტის პიროვნული თვისებები იმდენად სამაგალითო და ინსპირაციულია, რომ მის საკალათბურთო ასპექტზე ლაპარაკი ახლა ადვილი არ არის, თუმცა ამას გვერდს ვერ ავუვლით. იმით დავიწყოთ, რომ კობი ყველა დროის უდიდესი „ლეიკერია“. ის არის ერთგულების სიმბოლო, რომელმაც თავისი პროფესიონალური კარიერის ოცი წელი ერთ გუნდში გაატარა და ამ გუნდისთვის ყველაფერი დადო.

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, თუ ყველაზე დიდი არა… „ლეიკერსის“ მაისურით თამაშობდენ ისეთი ტიტანები, როგორებიც არიან მეჯიქ ჯონსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, უილტ ჩემბერლენი, ელჯინ ბეილორი, ჯერი ვესტი და ბევრი სხვა… კობი კი არის მათ შორის უდიდესი „ლეიკერი“. ეს უკვე ეყველაფერს ნიშნავს.

ბრაიენტი იყო კალათბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე დაუცველი მოთამაშე. სპორტის ამ სახეობაში არ არსებობს საიდუმლო, რომელიც კობის არ ცოდნოდა და თანაც თავის არსენალში იდეალურად დახვეწილი არ ქონოდა. მას ქონდა ყველანაირი სროლა, ყველანაირი მოძრაობა, რაც კალათბურთელს შეიძლება ქონდეს.

მისი არსენალი იყო ყველაზე სრულყოფილი ყველა კალათბურთელს შორის, ვისაც ოდესმე უთამაშია. და ამ ყველაფერთან ერთად ის იყო მენტალურად ყველაზე ძლიერი. მოთამაშე, რომელიც მოწინააღმდეგეს ფსიქოლოგიურად ანადგურებდა. მეტოქის სუსტ მხარეს დაინახავდა, შეისწავლიდა, შემდეგ კი ეტაპობრივად დაიწყებდა ამ სისუსტის გამოყენებას და საბოლოოდ მენტალურად გატეხდა მას.

„ბოსტონ სელტიქსის“ ლეგენდა პოლ პირსი თავის ერთ-ერთ სტატიაში ყველაზე დაუცველ კალათბურთელებზე საუბრობს და იგი კობის ასე ახასიათებს: „ბრაიენტს სერიული კვლელის მენტალობა აქვს. ის შენზე ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი მეთოდით მოდის და სანამ არ გატყდები თავს არ განებებს.

მისი მენტალიტეტი, მკვლელის ინსტინქტი, არის ის, რაც მას სხვა მოთამაშეებისგან განსახვავებს, რადგან როდესაც კობიმ იცის რომ გაგტეხა, ის კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გააგრძელებს შეტევას. ის ძირს დაგაგდებს, გაგლახავს და როდესაც დანოკაუტდები, დარტყმების მიყენებას მაშინაც არ შეწყვეტს.“

ეს მკვლელის მენტალიტეტი სხვა კალათბურთელებისგან კობის მართლაც განასხვავებდა. ამ მხრივ ის მაიკლ ჯორდანის ნამდვილი მოსწავლე იყო. ჯორდანს ბრაიენტი ყოველთვის ედრებოდა და კალათბურთის ღმერთისგან ბევრი რამეც ჰქონდა ნასწავლი. კობის ყველა თავისი მეტოქე საფუძვლიანად ყავდა შესწავლილი და მეტოქეების ტენდენციების, მათი საყვარელი მოძრაობების, საყვარელი სასროლო ადგილების ამოცნობას დიდ დროს უთმობდა – დიდ სიამოვნებასაც იღებდა ამით. ამიტომაც შეერქვა მას ზედმეტსახელად „შავი მამბა“. შხამიანი გველი, რომელიც ელეგანტურად დასრიალებდა პარკეტზე, ყველა თავის მოწინააღმდეგეს გამოზომილი შეტევებით დაუნდობლად კბენდა და საბოლოოდ ანადგურებდა მათ.

ბრაიენტის კარიერა პრაქტიკულად იდეალურად წარიმართა. კობი ბავშობიდანვე ვარსვკლავი იყო და ის 1996 წელს „ლოუერ მერიონ ჰაი სქულიდან“ სათამაშოდ პირდაპირ „ენბიეში“ წავიდა. მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაშიც ბრაიენტმა ძალიან  მალე დაიმკვიდრა თავი, პირველივე წელს ჩატენვების კონკურსი მოიგო და მეორე სეზონში უკვე „ოლ სტარის“ წევრი გახდა. თუმცა გასაოცარია, შეუდარებელი შრომისმოყვარეობით, სამუშაო ეთიკით, მისმა თამაშმა რამხელა პროგრესი განიცადა და საბოლოოდ რამხელა სიმაღლეებს მიაღწია.

კობის მართლაც შეუდარებელი კარიერა ჰქონდა. ის 5-ჯერ გახდა ენბიეის ჩემპიონი – კარიერის დასაწყისში ზედიზედ სამჯერ შაკილ ონილთან ერთად და შემდეგ კიდევ ორი ჩემპიონობა. მისი კარიერიდან ბევრი მომენტის გახსენება შეიძლება, მაგრამ განსაკთრებით აღსანიშნავია, 2006 წელს ჩატარებული თამაში, როდესაც ბრაიენტმა „ტორონტოს“ 81 ქულა ჩაუგდო და კალათბურთის ისტორიაში უილტ ჩემბერლინის 100 ქულიანი თამაშის მერე, მეორე შედეგი დააფიქსირა.

იყო ბევრი სირთულე და ბევრი დაბრკოლებაც, მაგრამ სწორედ ამ დაბროკელებების დაძლევამ მისცა კობის პიროვნებას ყევლაზე დიდი ხიბლი. თუ როგორ ღირსეულად ხვდებოდა ის ყველა წინააღმდეგობას, ყველა გამოწვევას. სწორედ აქ არის მისი საიდუმლო, ყველაზე ღირებული რაც ბრაიენტმა დატოვა – Mamba Mentality. მიდგომა, რომ არასდროს უნდა დანებდე, რომ არასდროს უნდა შეგეცოდოს საკუთარი თავი. საჭიროა მხოლოდ მიზანი დაისახო და მიზნისკენ გზაზე ყველანაირ ტკივილს გაუძლო.

„ლეიკერსის“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი გარი ვიტი იხსენებს: „კობიმ მასწავლა რომ ტალანტი სამყაროში ყველაზე გადაფასებული ცნებაა. მთავარი ის არის თუ ამ ტალანტით რას გააკეთებ“. არასდროს დამავიწყდება, როდესაც ბრაიენტმა თავისი კარიერის ბოლო წლებში უმძიმესი ტრავმა მიიღო, აქილევსი გაიწყვიტა, ის კოჭლობით საჯარიმო ხაზთან მაინც მივიდა და ორი საჯარიმო სროლა მაინც შეასრულა. ეს ჩემთვის ისპირაციული მომენტი იყო.

ასევე არასდროს დამავიწყდება კობის ბოლო, გამოსამშვიდებელი მატჩი. მხოლოდ ბრაიენტს შეეძლო, რომ ასეთი გამოსამშვიდობებელი თამაში გამოსვლოდა. „ლეიკერსი“ „იუტასთან“ თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ათქულიანი სხვაობით აგებდა,მაგრამ დაბერებულმა, დაღლილმა კობიმ ბოლო წუთებში ზედიზედ 15 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

საბოლოოდ ბრაიენტმა თამაში 60 ქულით დაასრულა. არასდროს დამავიწყდება ის გრძნობა, როდესაც ამ ეპოქალურ სანახაობას ცოცხლად ვუყურებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ისევე როგორც ახლა ვერ ვიკავებ ცრემლებს, როდესაც კობის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი გავიგე და ვცდილობ სტატიის სახით ჩემ ფიქრებსა და ემოციებს  თავი მოვუყარო.

ასეთი მუხთალი რამე არის ცხოვრება. იდეალურად აწყობილი სიცოცხლე, შრომით და თავდადებით გამოძერწილი ბედნიერება, რომლითაც ბრაიენტი ყველაზე მეტად სწორედ ახლა, კარიერის დასრულების შემდეგ ტკბებოდა, ასე ერთ წამში გაქრა და ხელის ერთი მოსმით დასრულდა. თან ამ ტრაგიკულ კატასტროფაში კობის ქალიშვილი ჯიჯიც დაიღუპა, რომელიც ბრაიენტს განსაკთრებით უყვარდა და მისი მენტორიც იყო, როგორც კალათბურთში, ისევე ცხოვრებაში…

თუმცა, მთავარი მაინც ის არის რისი გაკეთებაც მოასწრო კობიმ. „Mamba Mentality“ არის მარადიული! ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება არის უკვდავი და შვილებს როდესაც გავზრდი, ვასწავლი, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანმა რეალურ წარმატებას მიაღწიო.

რა არის მისი გასაღები? როგორ შეიძლება ასეთი მიზანდასახული და თავდადებული იყო, ასე იდეალურად გამოძერწო შენი საუკეთესო თავი? მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით არის ეს შესაძლებელი. უდიდესი უანგარო სიყვარულით, რომელიც ჯერ უნდა იპოვო და შემდეგ უნდა ჩაებღაუჭო მას.

გილგამეში ეძებს და ბრაიენტმა გვიჩვენა რომ სიყვარულში არის უკვდავების გასაღები, რადგან მხოლოდ სიყვარულით შეიძლება გქონდეს ის მენტალობა, რომელიც ყველა დაბრკოლებას დაგაძლევინებს, შრომის ძალას მოგცემს და შენი თავის საუკეთესო ვარიანტს გამოგაძერწინებს.

ბრაიენტის შემთხვევაში ეს სიყვარული იყო კალათბურთი და ამიტომაც არის ის ჩემთვის და კიდევ ბევრი ადამიანისთვის ამ შესანისნავი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სიმბოლო. თავის სიყვარულს კობიმ შესანიშნავი ლექსიც მიუძღვნა, რომლის მიხედვითაც შემდეგ ანიმაცია შეიქმნა და ამ ანიმაციისთვის ბრაიენტს ოსკარიც მიენიჭა.

მეც ამ ლექსის ბოლო სტროფებით დავასრულებ თხრობას. გმირები მოდიან და მიდიან, მაგრამ ლეგენდები არიან სამუდამოდ!

„And we both know, no matter what I do next,

I’ll always be that kid

With the rolled up socks

Garbage can in the corner

:05 seconds on the clock

Ball in my hands

5… 4… 3… 2… 1…“

Mamba Out!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.