fbpx

იურგენ კლოპი – უშეცდომო სცენარის ავტორი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მაშინ, როდესაც თანამედროვე ფეხბურთი გადაწყვეტილებების მიღებას ელვის სისწრაფით ითხოვს და კლუბების მესვეურები ახლად მოყვანილ მწვრთნელთაგან ტიტულებს დაუყოვნებლივ ელიან, დიდად დასაფასებელი არიან გამორჩეული ალღოთი დაჯილდოებული საფეხბურთო სპეციალისტები, რომლებიც უდიდესი  კონკურენციის ფონზე წარმატების მიღწევას ახერხებენ. 

მწვრთნელი აუცილებლად უნდა ვითარდებოდეს და ზედმიწევნითი სიზუსტით აფასებდეს რეალობას, თორემ ზოგჯერ ფეხბურთის რიგითი გულშემატკივრისთვისაც უცნაურია,  რატომ სთავაზობს  ესა თუ ის სახელოვანი კლუბი თანამშრომლობა სპეციალისტ, რომელიც ცოტა ხნის წინათ სამსახურიდან წარუმატებელი შედეგების გამო გაუშვეს.

ბევრი რამ ბურუსითაა მოცული და ეტყობა, ზოგჯერ კლუბის დირექტორატიც იღებსს სპონტანურ გადაწყვეტილება, რისი უარყოფითი შედეგი არაა გამორიცხული „ბარსელონამაც“ მოიმკას უახლოეს მომავალში. 

რამდენმა ინგლისურმა კლუბმა შეცვალა უკანასკნელ პერიოდში მწვრთნელი, მაგრამ მათი შედეგები არ გაუმჯობესებულა. ამის საუკეთესო მაგალითი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალია“, რომელთაც ბოლო წლების მანძილზე არაერთი მწვრთნელი მიიწვიეს, მაგრამ მათგან ხეირი ნამდვილად არ ჰქონიათ. 

„ტოტენჰემი“ კი ცალკე სასაუბრო თემაა, რადგან მის ამჟამინდელ მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მხრიდან არასასიამოვნო სიურპრიზებისგან კლუბი მომავალშიც არაა დაზღვეული.

მართლაც უცნაურია პორტუგალიელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ შარშან სწორედ „ტოტენჰემთან“ შინ 0:3 მარცხის შემდეგ გაუშვეს. წლეულს კი იმ მატჩის ტრიუმფატორ პოჩეტინოს ადგილზე „ტოტენჰემში“ სწორედ მოურინიოს ვხედავთ, რომელიც ახალ კლუბში მისვლისთანავე სწორედ ოლე გუნარ სულშერის დამოძღვრილ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა… 

ბუნდოვანია პეპ გვარდიოლას მომავალი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ფიასკოს შემთხვევაში, რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

დიდი მოლოდინი იყო ანტონიო კონტეს მიმართ, რომელსაც „ინტერში“ „იუვენტუსის“ მწვრთნელ მაურიციო სარისთან შედარებით მაღალი ხელფასი დაუნიშნეს.

შედეგი კი ისაა, რომ „ინტერი“ მართალია, განაგრძობს „სკუდეტოსთვის“ ბრძოლას, მაგრამ იმავდროულად შინ უკვე უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს წაგებული უმთავრეს მეტოქე „იუვენტუსთან“, რომლის სტაბილურობის მიღწევა მილანური კლუბისთვის შეუძლებელი ჩანს.

„ნერაძურისთვის“ ყველაზე არასასიამოვნო კი ჩემპიონთა ლიგის ტურნირის დატოვებაა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჭიდილში, გადამწყვეტ შეხვედრაში უმოტივაციო „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ.

რატომ არ გაითვალისწინა „ინტერის“ დირექტორატმა ამბიციური მწვრთნელის მიერ „ჩელსიში“ ჩაგდებული სეზონი? გასაგებია, რომ მან ლონდონურ კლუბში მისვლიდანვე პირველივე წელს მოიგო პრემიერლიგა, მაგრამ რას დაემსგავსა „ჩელსი“ მისი მოღვაწეობის მეორე წელიწადს?

გატუზოს მწვრთნელად მოყვანის შემდეგ ფეხბურთის მოყვარულთათვის დასანანია შესანიშნავ კლუბ „ნაპოლის“ დაკარგვა, რომელმაც ჩავარდნამდე წლეულს ორჯერ ერთხელ ამხანაგურ მატჩში და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა „ლივერპულის“ დამარცხება. 

„ლივერპულისთვის“ კი მიმდინარე სეზონში მეტი არავის მოუგია, თუკი არ ჩავთვლით EFL Cup-ზე “ასტონ ვილას“ წინააღმდეგ იუნიორთა გუნდის გამოყვანის შედეგად წაგებულ მატჩს.

თითოეულ ზემოთ ნახსენებ მწვრთნელს თავ-თავიანთ კლუბებთან დაკავშირებული პირადი პრობლემები აქვს. მათ ფონზე კი მნიშვნელოვანია იმ მწვრთნელების დანახვაც, რომლებიც განუწყვეტელ პროგრესს განიცდიან, რაც მათ შედეგებზე აისახება.

ტოპ კლუბებიდან ასეთი გამორჩეული ფიგურები ზინედინ ზიდანი და იურგენ კლოპი არიან, თუმცა ამჟამინდელი შედეგების მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ზიდანს უფრო მეტი რამ აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე კლოპს.

გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ლივერპული“, რომლის არსენალშიც თავმოყრილია და ავტომატიზმამდე მიყვანილი რეაქტიული სისწრაფეები, ინდივიდუალური ტექნიკა, იუველირული გადაცემები და წესის დარღვევის ზღვარზე ხისტი ორთაბრძოლები, ინგლისური კლუბის აქამდე არნახულ ძლევამოსილებას წარმოაჩენს. 

„ლივერპულმა“ პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი უკვე მოხსნა და მას დიდი უპირატესობით ლიდერობს.

იურგენ კლოპი მერსისაიდულ კლუბში „დორტმუნდიდან“ აღმოჩნდა, სადაც მან ზედიზედ ორჯერ 2011-2012 წლებში ბუნდესლიგა, 2012-ში გერმანიის თასი და 2013-2014-ში სუპერთასი მოიგო. 

ალბათ მისი დამსახურებაცაა, რომ უკვე ათი წელიწადია, რაც გერმანიის სტადიონებზე დასწრების საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ „დორტმუნდს“ აქვს, სადაც მან არაერთი ვარსკვლავი აღმოაჩინა და საფუძველი ჩაუყარა შემტევი, ძალისმიერი და სანახაობრივი ფეხბურთის დიდებულ სინთეზს. 

სწორედ კლოპის სახელს უკავშირდება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორის, მარიო გიოტცეს თამაშის საუკეთესო პერიოდი. მაგრამ მალე „დორტმუნდი“ ფინანსურად „ბაიერნმა“ შთანთქა, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაამარცხა იგი და კლოპისთვის დღის წესრიგში დადგა ახალი ტოპ კლუბის ძიება

საბოლოოდ ხანგრძლივი პერსპექტივით ყველაზე სწორად „ლივერპულმა“  გათვალა, რადგან თუკი კლოპი თავიდანვე ტიტულებს ვერ მოიპოვებდა, თამაშის ვიზუალური ხარისხიდან გამომდინარე, გულშემატკივარი უკმაყოფილო მაინც არ დარჩებოდა. 

თავიდან ასეც მოხდა. კლოპი „ლივერპულს“ სათავეში 2015 წლის ოქტომბერში ჩაუდგა, იმავე სეზონის ბოლოს ევროპის ლიგის ფინალი დათმო „სევილიასთან“, ხოლო პრემიერლიგა კი „ლივერპულისთვის“ უკადრის მერვე ადგილზე დაასრულა. 

2017-ში და 2018-ში „ლივერპული“ უკვე მეოთხე იყო. ასევე 2018-ში მან ჩემპიონთა ლიგის ფინალი დათმო „რეალთან“, ხოლო შარშან მერსისაიდულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში ერთადერთი ქულით ჩამორჩა „მანჩესტერ სიტის“.

წლეულს „ლივერპულმა“ უკვე მოიპოვა როგორც ევროპის სუპერთასი, ისე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტული. კლუბი ასევე  ახლოსაა 30წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონობასთან. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება იქნება, თუკი იგი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულსაც შეინარჩუნებს.

ამ შემთხვევაში საფეხბურთო წრეებში დარწმუნდებიან, რომ „ლივერპული“ დღესდღეობით დაუმარცხებელი გუნდია. შარშან, „ბარსელონასთან“ პირველ მატჩში 0:3 დამარცხების შემდეგ, ვინ იფიქრებდა, რომ იურგენ კლოპის დამოძღვრილი გუნდი შინ 4:0-ს გაიმარჯვებდა და ფინალში აღმოჩნდებოდა? ნუთუ მის შეჩერებას „ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი კიკე სეტიენი ბურთის ფლობაში უპირატესობით აპირებს?

კლოპისთვის თვითმიზანი ნამდვილად არაა მეტოქისთვის ბურთის დამალვა, მერსისაიდელთა კართან „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ თითქოს ჰქონდა მომენტები. უბრალოდ ბურთი ალისონის კარის ბადეში არ გადიოდა…

ბრაზილიელი კარის დარაჯი მართლაც შეუდარებელია, მაგრამ მხოლოდ მისი დამსახურება ხომ არ არის, რომ „ლივერპულმა“ გოლი პრემიერლიგის გათამაშებაში გასული წლის 5 დეკემბრიდან მოყოლებული, მხოლოდ უკანასკნელ მატჩში გაუშვა „ვულვერჰემპტონთან“? 

ასეთი წარმატების სულისჩამდგმელი უთუოდ მერსისაიდული კლუბის მწვრთნელი იურგენ კლოპია. მუშაობის ოთხი წლის მანძილზე მან „ლივერპულის“ ყველა რგოლის უმაღლეს დონეზე ბალანსირება მოახდინა და აქედან გამომდინარე მაქსიმალურ გუნდურ შეთამაშებას მიაღწია.

დღესდღეობით „ლივერპულს“ გამორჩეული ლიდერი არ ჰყავს, რადგან თითოეული მოთამაშე მოედანზე საკუთარი პოზიციის ლიდერია. თამაშის გადაწყობა კი მატჩის მიმდინარეობის  მიხედვით ხდება. ამ დროს მერსისაიდული კლუბი მოწინააღმდეგეს ყოველთვის თავს ახვევს საკუთარ თამაშს, რომლის უშეცდომო სცენარის ავტორიც იურგენ კლოპია…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.