fbpx

კუპატა, ჰაჩიკო, ლაიკა და სხვა ძაღლები, რომლებიც მსოფლიომ გაიცნო


გააზიარე სტატია

 

ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმელმა ძაღლმა კუპატამ არამარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღება დაიმსახურა.

ის ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე გადასვლაში ეხმარება, უყეფს ავტომობილებს და აიძულებს მათ, რომ სვლა შეანელონ.

ვიდეო ABC News-მა, CBS News-მა, USA Today-მ, Fox News-მა და სხვა საერთაშორისო მედიამ  გააშუქა. მას საკუთარი სახლიც კი დაუდგეს.

კუპატას ამბავმა გადაგვაწყვეტინა თქვენთვის ის 10 ძაღლი გაგვეხსენებინა, რომლებიც სხვადასხვა დროს თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ზოგიერთი მათგანის ისტორია უბრალოდ სახალისოა, ზოგიერთს კი კაცობრიობის წინაშე დიდი დამსახურებაც მიუძღვის.

 

ლაიკა

1957 წლის 3 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში, დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ, ხომალდი „Sputnik-2” გაუშვა, მასში კი 3 წლის ქუჩის  ძაღლი, ლაიკა მოათავსა.

ლაიკა პირველი ცხოველი გახდა, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა, თუმცა, სამწუხაროდ, აფრენიდან რამდენიმე საათში გადახურებისგან დაიღუპა.

 

ჰაჩიკო

ლასე ჰალსტრიომის 2009 წელს გადაღებული ფილმი – „ჰაჩი: ძაღლის ამბავი“, რომელსაც ჩვენ უფრო ხშირად „ჰაჩიკოს“ ვეძახით, ალბათ, ყველასთვის, ვისაც კი უნახავს, ცრემლების მომგვრელი ყოფილა, თუმცა, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული.

ჰაჩი საკუთარ პატრონს ყოველდღე აცილებდა სამსახურში, დღის ბოლოს კი სადგურშივე ხვდებოდა. 1925 წელს ძაღლის პატრონი სამსახურში მოულოდნელად გარდაიცვალა, ძაღლი კი მას 9 წლის განმავლობაში, სიკვდილამდე, რკინიგზის სადგურში ელოდებოდა.

ერთგული ძაღლის სიკვდილის გამო იაპონიაში გლოვის დღე გამოცხადდა, ჰაჩიმ კი საკუთარი ძეგლი სიცოცხლეშივე დაიმსახურა.

 

ჯოფი

ისტორიაში ყველაზე ცნობილ ფსიქოთერაპევტ ზიგმუნდ ფროიდს ჩინური ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლი, ჯოფი ჰყავდა. ფსიქოანალიზის მამად წოდებული მეცნიერი მას პაციენტების დასამშვიდებლად იყენებდა. ის ფაქტობრივად ფროიდის მარჯვენა ხელი იყო.

 

რინ ტინ ტინი

რინ ტინ ტინი პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელმა კაპრალმა ლი დუნკანმა ერთ-ერთი დაბომბვისას სხვა ძაღლებთან ერთად იპოვა. სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ რინის გადარჩენა მოხერხდა, რომელსაც 1920-იან წლებში ფილმებში იღებდნენ.

რინი სულ 27 ჰოლივუდურ ფილმში  მონაწილეობდა. 

 

Boo

Boo ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ სელებრითი ძაღლია, რომელმაც Facebook-ზე 16 მილიონი მოწონება დაიმსახურა.

ის საზოგადოებამ 2010 წელს კეშას ტვიტიდან გაიცნო, მას შემდეგ კი, არცთუ დაუმსახურებლად, მსოფლიოს ყველაზე საყვარელი ძაღლის სტატუსიც დაიმსახურა.

Boo 2019 წელს, 13 წლის ასაკში დაიღუპა.

 

გორელი ძაღლი, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, არ ვიცით

2018 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ლიგაში გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა, მატჩი  გოლების გარეშე დასრულდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შეხვედრის 70-ე წუთზე მოხდა, როდესაც მოედანზე ძაღლი შევარდა, რომელიც ფეხბურთელებმა ერთობლივი ძალებით გაიყვანეს.

ძაღლის ვიდეომ საერთაშორისო მედია მოიცვა, მათ შორის ის BBC-მაც გააშუქა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გორის „დილა“ არ დაუჯარიმებია.

ბალტო

ბალტო ციმბირული ჰასკი იყო, რომელმაც 1925 წელს ალიასკაზე, ქალაქ ნომში, სადაც დიფტერიის ეპიდემია მძვინვარებდა, შრატი მიიტანა, რამაც ასობით ადამიანის, მათ შორის – ბავშვების, სიცოცხლე გადაარჩინა.


ჟა-ჟა

ჟა-ჟა 2018 წელს მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლად დასახელდა და პოპულარობაც მალევე მოიპოვა.

გიგანტური ენისა და დაღრეჭილი კბილების პატრონმა ძაღლმა ხალხის სიყვარული  დაიმსახურა.

ჟა-ჟა ყველაზე უშნო ძაღლების კონკურსიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

 

სნუპი

სნუპი ისტორიაში პირველი კლონირებული ძაღლია. ნაყოფის მოსამზადებლად 123 სუროგატი დედა გამოიყენეს, რომლიდანაც მხოლოდ 3-მა შეძლო ლეკვის გაჩენა, მათგან კი მხოლოდ სნუპი გადარჩა.

სნუპი 2005 წლის აპრილში დაიბადა, 2015 წლის მაისში კი 10 წლის ასაკში მოკვდა.

 

პერიტასი

ბოლოს კი ალექსანდრე მაკედონელის ცნობილ ძაღლზე მოგიყვებით, როგორც ჩანს, მას ცხოველები ძალიან უყვარდა და ფავორიტი ცხენის გარდა, საყვარელი ძაღლიც ჰყოლია.

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს მხედართმთავარს თავისი შინაური ცხოველი ისე უყვარდა, რომ ერთ-ერთ ქალაქს მისი სახელიც კი უწოდა.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ძაღლი გავგამელას ბრძოლის დროს სპარსულმა სპილომ გაჭყლიტა. 

 


 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.