fbpx

“ლუნას სიკვდილით სიცოცხლისათვის” — ცხოველთა დამცველები მუნიციპალური თავშესაფრის წინააღმდეგ


გააზიარე სტატია

 

საქართველო რომ ჯერ კიდევ იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც უსახლკარო ცხოველების პრობლემა გადაუჭრელი რჩება, ყველამ იცის. 

ბათუმი, ქუთაისი, თბილისი – ეს იმ ქალაქების მცირე ჩამონათვალია, სადაც სახელმწიფოს ასობით ძაღლის მონიტორინგი, ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს კი მათი უფლებების დაცვა უწევთ. 

ცხოველთა დამცველების აზრით კი, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, სამწუხაროდ, მოქალაქეების მხრიდან ცხოველებზე გახშირებულ ძალადობის ფაქტებს ისიც ერთვის, რომ ხშირად სახელმწიფოც ვერ უზრუნველყოფს ცხოველთა უფლებების დაცვას ან მეტიც, მათი უფლებების დამრღვევად თავადვე გვევლინება. 

ისინი ფიქრობენ, ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია ბოლო დროს უსახლკარო და შემდეგ მიკედლებული ძაღლის, ლუნას ირგვლივ დატრიალებული მოვლენები, რომელიც ჯერ თავად გმირულად იხსნეს სიკვდილისგან, შემდეგ კი მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანიდან რამდენიმე საათში დააძინეს. 

„2019 წლის 14 თებერვალს კავთისხევში ვიპოვე კისტის ტყვიებით დაცხრილული ძაღლი, რომელიც საკანალიზაციო არხში კვირაზე მეტი ხანი იწვა. ატროფირებული კიდურებით ვერ დადიოდა და იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. 

წამოვიყვანე კლინიკაში, გაუკეთდა უმძიმესი ოპერაცია, თუმცა,  მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საკმაოდ ნორმალური ანალიზები ჰქონდა. მარტში ვუპოვე პატრონიც – ანა ლორიას სახლით. თუმცა, ძაღლს ჰქონდა ნაწოლები და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანამ არ მოუშუშდებოდა, ის ფასიან შემფარებელთან ყოფილიყო. 

დეკემბრამდე იყო იქ და შემდეგ, როცა  ფეხზე დადგა, წამოიყვანა თავისთან, შევარდენიძის ქუჩაზე და საკუთარი საცხოვრებლის წინ დაუდგა სახლი. ძაღლი ანას ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა. ვიღაცამ დაინახა და შენიშნა მისი ნაწოლებიც, მაგრამ ეგ ნაწოლები სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა და ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა. გამოიძახეს 112 და გაატანეს. ზუსტად 2 საათში ძაღლი, ყოველგვარი ფაქტების, დაკვირვების, გამოკვლევის გარეშე დააძინეს და გვარწმუნებენ და იტყუებიან, რომ მომაკვდავი იყოო, როდესაც მე მაქვს დამადასტურებელი მასალა, სადაც ძაღლი ჩვეულებრივად გადაადგილდება“, –  ამბობს ცხოველთა დამცველი თიკო კვალიაშვილი AT.ge-სთან საუბრისას. 

თიკოს კიდევ რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ ლუნას ევთანაზია არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა –  „ის, რომ ლუნა არ იყო ჯანმრთელი და იტანჯებოდა, ტყუილია, რადგან მე მაქვს მკურნალი ექიმის ანალიზები და დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ძაღლი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო. ასევე მაქვს სხვა კლინიკის ანალიზებიც, გვაქვს ფოტო და ვიდეომასალა,  წინა დღეს როგორ ბედნიერად თამაშობდა. ლუნას ჰყავდა პატრონიც, მან იზრუნა იმაზე, რომ მას ყურზე ჰქონოდა საჭდე და საყელო. ანუ ძაღლი კანონის მიხედვით იყო იდენტიფიცირებული. ტყუილია ისიც, რომ ძაღლს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. ცხოველი, რომელსაც ხერხემალი აქვს დაზიანებული, კუდს ვერ აქიცინებს და ვერ დადის, ძაღლი, რომელიც იტანჯება, ვერ დარბის და ვერ თამაშობს“. 

AT.ge ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსაც  დაუკავშირდა, საიდანაც ახსნა-განმარტების სახით წერილობითი განცხადება გამოგვიგზავნეს:

„17 იანვარს, ერთ-ერთი ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელმა სააგენტოს შეატყობინა ტრავმირებული ცხოველის შესახებ (ძაღლი, მეტისი, ხვადი, 1-2 წლის).

ინიციატორის თქმით, ცხოველს უკანა ტანის ორივე მენჯზე აღენიშნებოდა ღია, სისხლმდენი ჭრილობა და ვინაიდან ის ვერ გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ, ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. ადგილზე მისულ ეკიპაჟს ძაღლი დახვდა მძიმე მდგომარეობაში (სააგენტომ გამოაქვეყნა ეკიპაჟის სამხრე კამერის ჩანაწერი).

თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი ვეტერინარმა გასინჯა. სრული შემოწმების, გარეგანი დათვალიერებისა და სხეულის დეტალური გასინჯვის შედეგად დადგინდა, რომ ძაღლს აღენიშნებოდა ხერხემლის ტრავმა, უკანა კიდურებზე, ბარძაყის მიდამოში გართულებული ნაწოლები, აბსცესირებული სახით. უკანა კიდურების ნაწილობრივი პაეზი, რის გამოც ცხოველს უჭირდა გადაადგილება და ადგომა-დაწოლის დროს განიცდიდა ტკივილს (განსაკუთრებით ხერხემლის პალპაციის დროს). ასევე, ხერხემლის ტრავმიდან გამომდინარე, ცხოველს დარღვეული ჰქონდა შარდვის აქტი. აღენიშნებოდა ჰიპოთერმია. 

თავშესაფრის თანამშრომლებმა დაიწყეს აქტიური ძიება, ჰყავდა თუ არა ძაღლს პატრონი ან მიმკედლებელი. სამწუხაროდ, ძაღლი არ იყო რეგისტრირებული და მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ფიქსირდება მონაცემთა ბაზაში“, – წერია სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, 26 იანვარს, თბილისის მერიასთან გაიმართა აქცია – “ლუნას სიკვდილით სიცოცხლისათვის!”,  რომლის ორგანიზატორებიც ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორისა და კურატორის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 

ამავე მოთხოვნით დღეს, 28 იანვარს, ცხოველთა დამცველებმა ქალაქის მერსაც მიმართეს განცხადებით, რომელშიც ისინი თავშესაფრის დირექტორისა და კურატორის დასჯას კიდევ ერთხელ ითხოვენ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.