ტენდერში 16 მილიონ ევროდ შეფასებული საიტი ჩეხმა პროგრამისტებმა უფასოდ დაამზადეს და მინისტრი გაათავისუფლეს
ჩეხი პროგრამისტების ჯგუფმა უფასოდ დაამზადა და მთავრობას გადასცა ვებსაიტი, რომელიც მთავრობამ სხვა ფირმას დაუკვეთა. პროგრამისტებმა ეს ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან ფლანგვაზე პროტესტის ნიშნად გააკეთეს: მათი აზრით, ჩინოვნიკებმა დაუსაბუთებლად ძვირი კონტრაქტი გააფორმეს. ისტორიამ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ყურამდე მიაღწია, რომელმაც ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა.
ყველაფერი კი დაიწყო ტენდერით ფასიან ავტომაგისტრალებზე გადახდის სერვისის შემუშავებაზე. 16 მილიონი ევროს ეკვივალენტის სახელმწიფო შეკვეთა მოიცავდა ინტერნეტ-მაღაზიისა და ორი – ანდროიდ და iOS აპლიკაციების დამზადებას. ოთხწლიანი კონტრაქტი საიტის შემუშავებასა და მხარდაჭერაზე ღია კონკურსის გარეშე გაუფორმეს Asseco Central Europe-ს.
ამ სახელმწიფო დაკვეთამ ჩეხი პროგრამისტების აღშფოთება გამოიწვია მთავრობის მხრიდან “აშკარა ფლანგვის” გამო. კომპანია Actum Digital-ის მფლობელმა ტომაშ ვონდრაჩეკმა ტენდერს აბსურდული უწოდა და დაამატა, რომ სურვილის შემთხვევაში, იგივე სამუშაოს შესრულება ორიოდე დღეში შეიძლებოდა. “ვისურვებდი, რომ მომავალში არავინ მოეპყრას საზოგადოების საერთო სახსრებს ისე, როგორც ამას ახლა ჩვენი მთავრობა აკეთებს.”
ვონდრაჩეკმა ადგილობრივ პროგრამისტებს შესთავაზა გაერთიანებულიყვნენ და ჩაეტარებინათ ჰაკათონი სახელმწიფო დაკვეთის ანალოგიური სერვისის შესაქმნელად. ყველაფრის გაკეთება ერთ შაბათ-კვირას პრაღაში მდებარე Actum Digital-ის ოფისში დაიგეგმა. გეგმის მიხედვით, საიტი დასრულების შემდეგ საჩუქრად გადაეცემოდა ჩეხეთის მთავრობას იმის საჩვენებლად, თუ როგორ იფლანგება მოქალაქეების გადასახადები.
მოწოდებას სოციალურ ქსელებში 300-ზე მეტი ჩეხი პროგრამისტი გამოეხმაურა. პარასკევს, 24 იანვარს, ჰაკათონზე სახელად #Znamkamarada 60 ადამიანი შეიკრიბა და მუშაობა დაიწყო. კვირა საღამოსთვის მათ მზად ჰქონდათ პლატფორმა fairznamka.cz, რომელიც 16 მილიონ ევროდ შეფასებული დაკვეთის მოთხოვნებს თითქმის მთლიანად აკმაყოფილებდა.
სამუშაო პროცესში პროგრამისტები მოინახულა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა. “ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები უბრალოდ შოკში არიან იმით, რაც აქ ხდება”, – განაცხადა ვონდრაჩეკმა ჟურნალისტებთან მუშაობის მეორე დღეს.
უკვე ორშაბათს, 27 იანვარს, საიტი სატესტო რეჟიმში ამუშავდა. ის ჯერ კიდევ არაა მიერთებული სახელმწიფო სისტემას, თუმცა მისი უმთავრესი ფუნქციების იმიტირებას ახდენს. პირველ დღეღამეში სერვისი 175000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოინახულა, რომლებმაც საიტი დატვირთვაზე გამოსცადეს და პირველი შესყიდვებიც გააკეთეს. მაგისტრალებით სარგებლობის სერვისის შესყიდვა საიტზე ჯერ კიდევ შეუძლებელია, თუმცა შემოსული თანხები ქველმოქმედებას მოხმარდება.
ჩეხეთის მთავრობა თავდაპირველად აპირებდა პროგრამისტებისთვის მომსახურების ანაზღაურებას, თუმცა საბოლოოდ მან საიტი fairznamka.cz საჩუქრად მიიღო, როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. პრემიერმა ბაბიშმა ხაზი გაუსვა, რომ ტრანსპორტის სამინისტრო ღია კონკურსს ჩაატარებს იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელიც ჰაკათონის შედეგად შექმნილ რესურსს 2020 წლის 1-ლი დეკემბრისთვის ოფიციალურად აამუშავებს. ვონდრაჩეკმა ამისთვის საჭირო სამუშაოები ტენდერის თავდაპირველი თანხის 25%-ად შეაფასა და დაამატა, რომ მისი კომპანია არ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში.
ამ მსხვილ სახელმწიფო დაკვეთასთან დაკავშირებული ისტორიის გამო ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრი ვლადიმერ კრემლიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო თავდაპირველად გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გაწყვიტონ პირველი კონტრაქტი კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე. თანამდებობის დატოვების შემდეგ კრემლიკმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს პრემიერის გადაწყვეტილებას, თუმცა დაამატა, რომ მის პრიორიტეტებში იყო “შეუფერხებელი” სისტემის შექმნა, რის გამოც კონკურსი დახურულ ხასიათს ატარებდა.
ვონდრაჩეკის აზრით, პროტესტის ნიშნად საიტის შექმნის ამბავი პრეცენდენტი იქნება, რის შემდეგაც ჩეხეთში დაფიქრდებიან, თუ რაზე იხარჯება მოქალაქეების გადასახადები. “ვფიქრობ, რომ დაუსაბუთებლად გაძვირებული სახელმწიფო დაკვეთების დრო გათავდა”, – განაცხადა მან.