fbpx

10 მარტივი რჩევა, როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან


გააზიარე სტატია

 

სეზონური გრიპი დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან ზამთრის გარკვეულ პერიოდში გააქტიურებული ვირუსული ინფექციები ყოველწლიურად 5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. 

სეზონური გრიპი არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ცხოველებსაც უტევს, მათი ურთიერთქმედებით კი ხშირად სრულიად ახალი ტიპის, მუტაციის შედეგად გავრცელებულ ვირუსებს ვიღებთ, რომელიც არა მარტო ცხოველიდან ცხოველზე, არამედ უკვე ცხოველიდან ადამიანზე, შემდეგ კი ადამიანებს შორისაც მარტივად ვრცელდება. 

ამის ნათელი მაგალითია კორონავირუსი, რომელიც 2020 წლის პირველ იანვარს ჩინეთში, ქალაქ ვუხანში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ადგილობრივი ცხოველების ბაზრობიდან გავრცელდა და ამ ქალაქის გარდა, პრობლემები უკვე აზიისა და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოშიც შექმნა. 

უახლესი ინფორმაციით, დაინფიცირებულია ათასობით ჩინეთის მოქალაქე, მსხვერპლმა კი უკვე 100 ადამიანს გადააჭარბა. 

თუ რას წარმოადგენს ახალი ტიპის კორონავირუსი, ამაზე უფრო ვრცლად სხვა სტატიაში მოგიყვებით. 

იქამდე კი, სანამ საქართველო მწვანე ზონაშია და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებად გვემუქრება, ჩამოგითვლით 10 მარტივ რჩევას, რომელიც ზოგადად სეზონური გრიპების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. 

 

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით 

ბუნებრივია, რომ პირველი, რაც ვირუსული დაავადების პრევენციისას შეიძლება გაგვახსენდეს, ჰიგიენის დაცვაა და შესაბამისად აუცილებელია, რომ ხელები ხშირად  დავიბანოთ სპეციალური საშუალებებით, 20-30 წამის განმავლობაში.  

 

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

თუმცა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ხელების დაბანა არ კმარა. შანსების მინიმუმამდე შესამცირებლად, რომ ვირუსის მომდევნო სამიზნე არ გახდეთ, სასურველია დროებით  მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.  

 

სწორად გამოიყენეთ პირბადე

სახლიდან გასვლა და რომელიმე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას  მოხვედრა თუ გარდაუვალი აუცილებლობაა, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს. აუცილებლად გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, რომელიც თავს უფრო დაცულად გაგრძნობინებთ და გარდა ამისა, რეალურადაც დაგიცავთ. 

გაითვალისწინეთ, რომ სამედიცინო პირბადის ორივე მხარეს თავისი დანიშნულება აქვს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ მისი მრავალჯერადად გამოყენება დაუშვებელია. 

 

მოერიდეთ გაციებულ ადამიანებთან ურთიერთობას 

ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ შეიძლება  მეგობარი ან ოჯახის წევრი გაანაწყენოთ,  იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს გაციების ნიშნები აღენიშნება, თქვენივე უსაფრთხოებისთვის აჯობებს, რომ მასთან ფიზიკურ კონტაქტს დროებით მოერიდოთ და ურთიერთობის სხვა, უფრო უსაფრთხო გზები აირჩიოთ.  მაგალითად, ფეისბუქის მესენჯერში მისწეროთ ან დაურეკოთ მოსაკითხად. 

 

იზრუნეთ საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერებაზე

ვირუსულ დაავადებებთან საბრძოლველად თქვენი მთავარი იარაღი თქვენივე ძლიერი იმუნიტეტი იქნება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჯანსაღი, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული საკვებით უზრუნველყოფთ. 

 

ჭამეთ მხოლოდ თერმულად დამუშავებული ცხოველური საკვები 

თუ გავიხსენებთ იმას, რა გზებით გავრცელდა ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსი, რჩევა იმის შესახებ, რომ მხოლოდ თერმულად კარგად  დამუშავებული ცხოველური საკვები პროდუქტები უნდა ჭამოთ, ძალიან ლოგიკური და დროულია. 

 

მოერიდეთ ფერმის ან გარეულ ცხოველებთან კონტაქტს 

თუ სოფელში ცხოვრობთ, მოერიდეთ ფერმის ცხოველებთან დაუცველ კონტაქტს. ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა კი ქუჩაში დანახული საყვარელი ლეკვების ან კნუტების მოფერებისგან დროებით უნდა შეიკავონ თავი. 

 

თუ შინაური ცხოველი გყავთ, იზრუნეთ მის ჰიგიენაზეც 

თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, მხოლოდ საკუთარ ჰიგიენაზე ზრუნვით ვერაფერს გახდებით. ხშირად დაბანეთ თქვენი შინაური ცხოველიც და ეზოდან ამოყვანის შემდეგ მათი თათების სისუფთავეზეც რეგულარულად იზრუნეთ. 

 

ხშირად გაწმინდეთ ოთახში ჰაერი 

იმისათვის, რომ თქვენს ოთახში ყოველთვის სუფთა და ჯანსაღმა ჰაერმა იტრიალოს, ხშირად გამოაღეთ ფანჯარა და მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში გაანიავეთ. 

 

ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში დროულად მიაკითხეთ ექიმს

და ბოლოს, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებისა, თუ მაინც შეამჩნევთ, რომ საეჭვო სიმპტომები გაქვთ, სწორი დიაგნოსტირებისა და შემდეგ უკვე სწრაფი მკურნალობისთვის დროულად მიაკითხეთ ექიმს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.