30 იანვარი დილიდან
კრიშტიანუ რონალდუს Instagram-ზე 200 მილიონი გამომწერი ჰყავს
ამ მაჩვენებლით ფეხბურთელი სოციალური ქსელის ისტორიაში შევიდა, ის პირველი ცნობილი ადამიანია, ვინც გამომწერთა 200-მილიონიანი ზღვარი გადალახა. რონალდუს შემდეგ სიაში არიანა გრანდეა 173 მილიონი გამომწერით, მესამე ადგილს იკავებს მსახიობი დუეინ ჯონსონი 170 მილიონი გამომწერით, მეოთხე ადგილზეა მომღერალი სელენა გომეზი – 167 მილიონით, ხუთეულს კი კაილი ჯენერი ასრულებს 159 მილიონი გამომწერით.
დღის ვიდეო: ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, რომელიც კარანტინის ზონაშია, მოსახლეობა ერთმანეთს სიმღერით და შეძახილებით ამხნევებს
ვიდეოკადრებს სამხრეთ ჩინეთის “მორნინგ პოსტი” ავრცელებს. კარანტინის ზონაში ამ დროისთვის ჩინეთის ორი ქალაქი, ჰუანგანგი და ვუჰანია. ჰუანგანგი 80 კილომეტრის აღმოსავლეთით მდებარეობს ქალაქ ვუჰანისგან, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა. ქალაქში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, “ჩაიკეტა” ქალაქი ვუჰანი, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა და 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახელობის მოედანი გაიხსნა
სკვერის გახსნის ცერემონიალი პოლონეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 101 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ქალაქ ბათუმის დელეგაცია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პოლონეთის ქალაქ ვროცლავსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
წყარო: https://1tv.ge/
ფოტოგრაფი სიდ ბოლდენი კიმ კარდაშიანს მის მიერ გადაღებული სურათის უნებართვოდ გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის და ფინანსურ ანაზღაურებას მოითხოვს
კიმმა ფოტო, რომელზეც ქმართან, ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან ერთად არის აღბეჭდილი, ინსტაგრამზე 2018 წელს გამოაქვეყნა. პოსტს ამ დროისთვის 2,2 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. როგორც ჟურნალი E! წერს, აშშ-ის საავტორო უფლებების ასოციაციამ ბოლდენი ამ სურათის ავტორად უკვე აღიარა. ნიუ-იორკის სასამართლოში შეტანილ დოკუმენტებში ფოტოგრაფი წერს, რომ კიმისთვის სურათის გამოქვეყნების ნებართვა არ მიუცია და ტელევარსკვლავისგან არც შესაბამისი ანაზღაურება მიუღია. არ კონკრეტდება, რა ოდენობის თანხას ითხოვს ბოლდენი, თუმცა, სარჩელის თანახმად, კომპენსაცია ამ ფოტოს გამოქვეყნებით მიღებული სარგებლის შესაბამისი უნდა იყოს. ამასთან, ის კარდაშიანისთვის ჯარიმის დაკისრებასაც მოითხოვს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
წყარო: https://screenrant.com
Disney 1942 წელს გამოშვებული ანიმაციის, “ბემბის” რიმეიქს გადაიღებს
ფილმის სცენარზე ჟენევა რობერტსონ-დუორეტი და ლინდსი ბეარი იმუშავებენ. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება ახალი პროექტის რეჟისორი. ახალი ფილმისთვის Disney იმავე ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომლითაც “მეფე ლომისა” და “ჯუნგლების წიგნის” შექმნისას ხელმძღვანელობდა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com