როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის სოფლის მეურნეობა? – ნიდერლანდების სათბურების ფოტოსერია
ნიდერლანდები არაჩვეულებრივი სახელმწიფოა. მცირე ტერიტორიის მიუხედავად ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია აგროსამრეწველო პროდუქციის ექსპორტით. ამ სფეროში მას მხოლოდ აშშ უსწრებს, რომლის ტერიტორიაც ნიდერლანდებისას 237-ჯერ აღემატება!
თუმცა, დღეს გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ აშენებენ ჰოლანდიელები სოფლის მეურნეობის საწარმოებს. გვერწმუნეთ, მინდვრები აქ ერთობ არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ნიდერლანდების აგროსაწარმოო კომპლექსი სათბურების ვრცელი მინდვრებითაა წარმოდგენილი, რომლებიც განსაკუთრებით ბევრია ჰოლანდიის სამხრეთში. მათი საერთო ფართობი 93 კვადრატული კილომეტრია, რაც ბათუმის ან ქუთაისის ფართობს დაახლოებით 25 კვადრატული კილომეტრით აღემატება.
ვესტლანდის რეგიონს National Geographic ნიდერლანდების სასათბურე დედაქალაქს უწოდებს. თავად სათბურები ბუნებრივ ლანდშაფტშია ჩასმული, ისინი ქალაქებსა და ინდუსტრიულ საწარმოებს შორის არსებულ სიცარიელეებს ავსებენ.
“ახლა მიწათმოქმედებაც უკვე ციფრულია […] სოფლის გარემო ქალაქურს ემსგავსება. ფერმერიც ჩვენ გვგავს – ის მოქნილი მუშაა, რომელიც ნებისმიერ ადგილას ლეპტოპს მოიხმარს. […] ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა. უბრალოდ ირონია ისაა, რომ რთულია ადვილად გაითავისო ასეთი რადიკალური გარდასახვა”, – ამბობს რემ კულჰასი, ჰოლანდიელი არქიტექტორი.
თავად სოფლის მეურნეობა აქ საკმაოდ ინოვაციურია. განათებული შუშის სახურავების ზღვის ქვეშ, ჰიდროპონული სისტემებისა და გეოთერმული ენერგიის დახმარებით ფერმერები მოსავალს იღებენ. ამასთან სათბურები შედარებიც მცირე რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა: აქ კილოგრამი პომიდვრის მოყვანას 2 ლიტრზე ნაკლები წყალი სჭირდება, მსოფლიოს 44 ლიტრ მაჩვენებელთან შედარებით.
ჰოლანდიელებმა მსოფლიოს მოწინავე სოფლის მეურნეობა შექმნეს, გახდნენ ლიდერები სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების კუთხით. მიუხედავად ამისა, არსებობს ასეთი განვითარების გარკვეული უკუშედეგებიც – მაგალითად, შუქით დაბინძურება.
ჰოლანდიური კანონმდებლობით სათბურები ვალდებულები არიან სახურავები სპეციალური დაბურული ეკრანებით აღჭურვონ შუქით დაბინძურების შესამცირებლად.
2000-იანი წლების დასაწყისში ჰოლანდიელებმა გადაწყვიტეს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ახალ ფორმაზე გადასვლა. მათ მთლიანად უარი თქვეს სათბურებში პესტიციდებზე, ხოლო 2009 წლიდან ასევე ანტიბიოტიკების გამოყენებაც სოფლის მეურნეობაში 60%-ით შეამცირეს.
პლანეტის მოსახლეობის ზრდის პირობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მსგავსი ტრანსფორმაცია სოფლებში მხოლოდ დაჩქარდება: 2050 წლისთვის პლანეტაზე 10 მილიარდამდე ადამიანი იცხოვრებს (დღევანდელ 7.8 მილიარდთან შედარებით). ეს მოითხოვს სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის გაზრდას, ასევე ნაკლები წყლის, ენერგიისა და მიწის გამოყენებას.
თქვენ როგორ მოგწონთ ასეთი სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტები?